უკვე მე-8 დღეა გრძელდება გაფიცვა დაბა ქსანში, სს ,,მინა“-ს დასაქმებული 200 მდე თანამშრომელი ადმინისტრაციას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. დასაქმებულები ითხოვენ: ხელფასების მატებას 30%-ით, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას და ადგილობრივი პროფკავშირისთვის სამუშაო ფართის გამოყოფას.
2016 წლის 5 თებერვალს დაწყებულ გაფიცვას და გაფიცულთა მოთხოვნებს კომპანიის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ადეკვატურად არ ეხმაურება.
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის ადმინისტრაცია, კვირაზე მეტია გაფიცულთა მოთხოვნების, იგნორირებას ახდენს, სს ,,მინა“-ს გაფიცულმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ქარხნის სამმართველოს წინ ოჯახის წევრებთან – ქალებთან და ბავშვებთან ერთად იდგნენ. ქარხანასთან გაშლილია კარავიც, სადაც გაფიცულები ღამეს ათენებენ.
გაფიცვას ქსანში წინ უძღოდა ხანგრძლივი, თუმცა უშედეგო მოლაპარაკებები.ყველაფერი კი ასე დაიწყო:
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2015 წლის ნოემბრიდან პროფკავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორის ჩართულობით მედიაციის პროცესი მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებს შორის შედგა რამდენიმე შეხვედრა. ბოლო ასეთ შეხვედრაზე, 2015 წლის 30 ნოემბერს, კომპანიის ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება, რომ 2016 წლის 15 იანვარს გამოეცხადებინა რამდენი პროცენტით მოიმატებდა ხელფასი 2016 წლის 1 იანვრიდან, ასევე უნდა წარმოედგინა კოლექტიური ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის გეგმა და უნდა დაზუსტებულიყო პროფკავშირისთვის ფართის გამოყოფის საკითხი. თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა თანამშრომელთა და მედიაციის სამსახურის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა. დათქმული შეხვედრა ნაცვლად 15 იანვრისა შედგა 28 იანვარს, ადმინისტრაციამ პოზიცია არც ერთ დაყენებულ საკითხზე არ წარმოადგინა.
მიმდინარე წლის 31 იანვარს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საერთო კრება, რომელსაც ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის 100-მდეთანამშრომელიესწრებოდა.
კრებამ განიხილა და იმსჯელა კომპანიის ადმინისტრაციასთან მიმდინარე შემათანხმებელი პროცედურებისა და მედიაციის პროცესის შედეგებზე და გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მინის ტარის მწარმოებელ ქარხანაში მიმდინარე გაფიცვის გამო მუშაობა პარალიზებულია.
გაფიცვის პარალელურად – ქარხანასთან ყოველდღიურად მიმდინარეობს პროფკავშირების საპროტესტო აქციები.
საპროტესტო აქციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.