მიმდინარეობს საიტის განახლება

გაფიცვა, როდესაც არჩევანს აღარ გიტოვებენ…

IMG_3568რკინიგზაში დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ, პროფკავშირის წევრებთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს ყველა ის ფაქტი, რამაც საქართველოს რკინიგზა გაფიცვის პირამდე მიიყვანა.
გოჩა ალექსანდრიას განცხადებით, თუკი 14 ნოემბრამდე რკინიზის ადმინისტრაციამ დასაქმებულთა სამი ძირითადი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ორგანიზაციაში პროფკავშირის ორგანიზებით საყოველთიო გაფიცვა დაიწყება. გაფიცვა იქნება უვადო და იქამდე, სანამ შეთანხმება არ შედგება დამსაქმებელთან.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ უკვე თვეებია გრძელდება კოლექტიური მოლაპარაკება პროფკავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის. სამწუხაროდ, კანონმდებლობაში ცვლილების მიუხედავად, რკინიგზის ადმინისტრაცია უარს აცხადებს რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებაზე, რომელიც კანონითაც არის დადგენილი და ეს საკითხები ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში კანონითაა დარეგულირებული.
“ჩვენ მხარს ვუჭერდით და ახლაც ვუჭერთ ჩვენი წევრი ორგანიზაციის, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მცდელობას, რომ სტაბილურობა შეიტანოს რკინიგზააში და ის უკმაყოფილება, რომელიც არსებობს ამ დიდი კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებში – მოაქციოს ერთ პაკეტში და ადმინისტრაციასთან ასეთი სახით მიიტანოს. სამწუხაროდ რკინიგზის ადმინისტრაცია მიუხედავად მათი დაპირებისა, არ მოდის პროფკავშირთან მოლაპარაკებაზე და ამის გამო მათ შეიძლება გაფიცვა მიიღონ. თუმცა ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ადმინისტრაცია მოეგება გონს და გაფიცვამდე არ მივა საქმე“ – განაცხადა გოჩა ალექსანდრიამ.
ამჟამად უკვე მომდინარეობს რკინიგზელთა მობილიზება და გაფიცვის წინა სამუშაოები. როგორც რკინიგზელებია აცხადებენ, ადმინისტრაციის მხრიდან მათი მოთხოვნების უგულველყოფა შეიძლება უმართავ პროცესებში გადაიზარდოს და ეს პროფკავშირის ინტერესს ნამდვილად არ წარმოადგენს.
ვიტალი გიორგაძე, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე: “ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩავატარეთ რიგგარეშე ყრილობა, სადაც მივიღეთ რეზოლუცია, რათა რამენარიირად დაჩქარებულიყო საქართველოს რკინიზასთან ხელშეკრულების დადება. ჩვენ გვაქვს მოთხოვნათა ნუსხა და გვქონდა იმედი, რომ მათი ნაწილი მაინც დაკმაყოფილდებოდა, თუმცა, რკინიგზელების მოთხოვნა ჩვენს მიერ ადმინისტრაციისათვის მიცემულ 21 დღიან ვადაშიც არ შესრულდა. ამის შემდეგ ჩვენ ადმინისტრაციას კიდევ მივეცით დამატებით 10 დღიანი ვადა. მაგრამ მოლაპარაკებებზე მაინც არ მოდიან. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, რომ გამოვიყენოთ კანონით მონიჭებული უფლება და ხუთაშაბათს, 14 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოვაცხადოთ. ჩვენ გვესმის, რომ ამით რკინიგზას დიდი ფინანსური ზარალი შეიძლება მიადგეს, მაგრამ რკინიგზაში დასაქმებული ადამიანების გასაჭირი ყველამ უნდა მიტანოს გულთან და იმედი გვაქვს რომ, ქართული საზოგადოება რკინიგზელების ამ გადაწყვეტილების მიმართ სოლიდარული იქნება“.
შეხვედრაზე მიწვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადენლებმა რკინიგზელებს თანადგომა და სოლიდარობა გამოუცხადეს. უფლებადაცვითი ორგანიზაციები გაფიცვის მიმდინარეობის დროს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სათანადო მონიტორინგს განახორციელებენ და სათანადოდ გააშუქებენ გაფიცვის მიმიდინარეობას, რათა დასაქმებულებმა კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლება გამოიყენონ.