მიმდინარეობს საიტის განახლება

განათლება უმუშევრობის წინააღმდეგ!

საქართველოში, ყველა გამოკითხვის მიხედვით, ბოლო წლების მთავარი პრობლემა დასაქმებაა. ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში 1.7 მლნ. ადამიანია დასაქმებული, რომელიც მოიცავს თვით დასაქმებულებსაც და 1 ჰექტარზე მეტი სასოფლო–სამეურნეო მიწის მფლობელებსაც, მიუხედავად იმისა ამუშავებენ ან სარგებელს იღებენ ამ მიწისგან თუ არა. პარადოქსულია სტატისტიკა რეგიონალურ ჭრილშიც, ყველაზე მაღალი უმუშევრობა – 29% ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ ქალაქში, თბილისში ფიქსირდება, რეგიონებში კი ეს მაჩვენებელი 6.5–16%–ის ფარგლებშია, მაშინ როდესაც რეალურად უმუშევართა და ქვეყნის გარეთ გასვლის მსურველთა უმრავლესობას სწორედ რეგიონებში ნახავთ.

ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 510 ათასის ფარგლებშია, რაც მთლიანი დასაქმებულების 30%–ია. ეს ციფრი კარგად აჩვენებს ორ პრობლემას – საქართველოში ბიზნესი განუვითარებელია და დასაქმების მსურველების უმრავლესობას შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს.

ბოლო 15 წელია საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას პირდება საზოგადოებას, ზოგი ამას კერძო სექტორის, ზოგი სახელმწიფოს მიერ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით აპირებს, სხვადასხვა დროს გვახსოვს სტუდენტთა და უმუშევართა დასაქმების პროგრამები, თუმცა მათი მთავარი შედეგი ბიუჯეტის ფულის არაეფექტური ხარჯვა და მაღალი ინფლაცია იყო. მოსახლეობის დიდი ნაწილიც თვლის, რომ მათი უმუშევრობის მთავარი მიზეზი სახელმწიფოა, მან არ მისცა დასაქმების საშუალება და იმის ნაცვლად, რომ საკუთარი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე იფიქროს, ჯიუტად ელოდება სახელმიწფოსგან ხსნას.

პარადოქსია ისიც, რომ ბიზნესი საქართველოში ერთ–ერთ პრობლემად კვალიფიციურ კადრებს ასახელებს, მაშინ როდესაც შრომის ბაზარზე მიწოდება ჭარბია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოეთიდან შემოჰყავთ სამუშაო ძალა, რადგან ადგილობრივების გადამზადებაში ფულის ჩადება არ უღირთ, ესეც ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ყველა მთავრობას და პოლიტიკურ პარტიას მაღალი უმუშევრობა აწყობს, რადგან მათთვის საკმაოდ კარგად მოწყვლადი საარჩევნო ელექტორატია.

როგორ უნდა ვებრძოლოთ უმუშევრობას? მთავარი საკითხი ალბათ მაინც განათლებაა, სადაც უნდა მოხდეს ინვესტირება სახელმწიფოს მხრიდან, ამის რესურსი მარტივი მოსაძებნია იმ ბევრი არაეფექტური პროგრამების ხარჯზე, რომელსაც უფრო პოლიტიკური დანიშნულება აქვს (თუნდა ხვნა–თესვის უფასო პროგრამები), მთავარი ამ ნაწილში პროფესიული გადამზადების ცენტრების შექმნაა რეგიონებში, რომლებმაც ბიზნესის და დასაქმების მსურველების ინტერესები და უნარჩვევები ერთმანეთს უნდა დაუახლოოს. გარდა ამისა, საკმაოდ კარგი ინიციატივაა საჯარო სკოლებში ახალი საგნის, „მეწარმეობის“ შემოღება, რომლის მიზანიც სკოლის ასაკიდან ბავშვებში ბიზნესისადმი ინტერესის გაღვივებაა. ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების როლი, რომელთა დაჩქარება, განსაკუთრებით რეგიონებში მნიშვნელოვნად გაზრდიდა დაინტერესებას და ადგილობრივების დასაქმებას. მცირე და საოჯახო ბიზნესი ძალიან ბევრ ქვეყანაში ასრულებდა სერიოზულ ფუნქციას, საქართველოში კი მისი მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ბრუნვაში მისი წილი 17%, დასაქმებაში კი მხოლოდ 30%–ია. საქართველოში, ტურიზმის და აგრობიზნესის პოტენციალის გათვალისწინებით, მცირე და საოჯახო ბიზნესების განვითარების შესაძლებლობები დიდია, უბრალოდ საჭიროა მცირე მენეჯერული უნარი და სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიგნება, იდეებზე ფიქრი და ფორმირება, დაფინანსების მოძებნა კი მიუხედავად მისი შეზღუდული შესაძლებლობებისა მაინც შესაძლებელია.

დღევანდელ დასაქმებაში მთავარი როლის მატარებლები მაინც მსხვილი კომპანიები არიან.1085300_4663770251644_833918875_n