კონფერენცია გახსნეს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა დენიელ ჰაასმა. კონფერენციაში მონაწილეობენ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის პარტნიორები – სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია; რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორები – ყაზახეთი, ლატვია, უკრაინა; გერმანიის საელჩო, გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება, ასევე, საქართველოს პროფკავშირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული სასწავლებლები, სექტორული ასოციაციები და სავაჭრო პალატები.
კონფერენციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო პროფესიული განათლების სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სოციალურ პარტნიორთა შორის ( საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია , საქართველოს პროფკავშრები , მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია , საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ) მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის მიზანია SME სექტორისთვის განათლებისა და დასაქმების სფეროში მხარეების ერთიანი და კონკრეტული სერვისების კოორდინირებული მიწოდების შესახებ ურთიერთთანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ საკონფერენციო სივრცეში მოეწყო საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლატვიის, ყაზახეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პროექტის შედეგების სადემონსტრაციო მასალების გამოფენა.
განსახილველ საკითხებს შორისაა ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.
პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით 2016 წლიდან მიმდინარეობს და მისი განმახორციელებელი საქართველოში დამსაქმებელთა ასოციაციაა (https://www.vetpartnership.com/).