“საქართველოსთვის უმუშევრობა უკვე წლებია ურთულეს პრობლემას წარმოადგენს და რეგიონში ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გვქონდა. ცხადია, უახლოეს პერიოდში ამ მხრივ მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებელები, რომელიც გვიჩვენებს, რომ საქართველოში საგანგაშო ტენდენცია არ იკვეთება. მაგალითად, 2013 წლის ორ კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს აღემატება “, – ამბობს გიორგი აბაშიშვილი. მისი თქმით, უმუშევრობის არსებულ დონეს უმთავრესად კერძო სექტორში სამუშაო ადგილების სიმცირე განაპირობებს.
„თუ უმუშევრობის აღმოფხვრა გვინდა, კერძო სექტორისათვის შესაბამისი პირობების შექმნას უნდა ვეცადოთ. ხელოვნურად, მოგონილი სახელმწიფო პროგრამებით ფსევდოდასაქმება არაეფექტურად მიმაჩნია”, – დასძინა აბაშიშვილმა.
სავალუტო ფონდის პროგნოზს გავრცელებისთანავე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადურიც.
“ამ პროგნოზს ლოგიკური დასაბუთება არ გააჩნია. შესაბამისად, სავალუტო ფონდი მის დაზუსტებაზე მუშაობს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დარგის სპეციალისტთა ნაწილი საქართველოს მთავრობასთან ერთად სავალუტო ფონდს და მის პოლიტიკასაც აკრიტიკებს, რომელიც დასაქმების ზრდის ხელშესაწყობად მთავრობის ჩარევას სუბსიდიებისა და სახელმწიფო პროგრამების გზით გამართლებულად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, აზიმ სადიკოვი ფინანსთა მინისტრის კრიტიკას ნაწილობრივ ეთანხმება. სადიკოვმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში უმუშევრობის პროგნოზის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დახვეწაზე მუშაობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
“წლის ბოლოს უმუშევრობასთან დაკავშირებით იქნება უფრო ნათელი სურათი. გვექნება 2013 წლის მონაცემები, ასევე სტატისტიკა მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ ”, – განაცხადა სსფ-ის წარმომადგენელმა საქართველოში.