მიმდინარეობს საიტის განახლება

გადავიდა თუ არა შვედეთი 6 საათიან სამუშაო დღეზე?

SWEDEN
შვედეთის მიერ 6 საათიანი სამუშაო დღის შემოღების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელ გოთენბურგის  მოხუცთა ერთ-ერთ თავშესაფარში დასაქმებული მომვლელები 8 საათიანი სამუშაო დღიდან 6 საათიან სამუშაო დღეზე გადაიყვანეს, იმავე ხელფასით. ამ გადაწყვეტილების აღსრულების წუთიდან, მკვლევარებმა დაკვირვება დაიწყეს მომვლელთა შრომის პროდუქტიულობაზე, მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობისა და ბედნიერი განწყობის ცვლილებებზე, ავადმყოფობის დღეების რიცხვზე, თანამშრომელთა შენარჩუნებაზე სამუშაო ადგილზე და ასევე, მოხუცთა კმაყოფილებაზე. ზოგმა კომპანიამ, მათ შორის მცირე კერძო კომპანიებმა, მიბაძეს თავშესაფარს, თუმცა სახელმწიფო დონეზე, ეს რეფორმა არ განხორციელებულა –  შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები აცხადებენ, რომ სულ 6-7 კომპანია გადავიდა 6 საათიან სამუშაო დღეზე, საკუთარი სურვილის საფუძველზე.

შესაბამისად, ოქტომბერში გავრცელებული ახალი ამბავი, შვედეთის 6 საათიან სამუშაო დღეზე ოფიციალურად გადასვლის შესახებ, ტყუილი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა მედიასაშუალებებმა და გამოცემებმა საკმაოდ აიტაცეს ეს თემა, მათ შორის, ქართულმა მედიამაც. თუმცა, გოთენბურგში კვლევა გრძელდება და მისი ეფექტი ჯერ არ არის ბოლომდე შეფასებული,  რაც შეგვიძლია, წინაპირობად ჩავთვალოთ ამგვარი შრომითი რეგულაციის რეალური შესაძლებლობისა. შვედეთს, ამისათვის, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული ობიექტური ფაქტორები უწყობს ხელს, როგორიცაა 7 %-მდე დასული უმუშევრობა, რასაც მხოლოდ ახალგაზრდები, ემიგრანტები და პროფესიის არარსებობის გამო დაუსაქმებლები შეადგენენ. მეორეს მხრივ, შვედეთში მზარდი ტენდენციაა არასტაბილური დასაქმებისა, ძირითადად ასეთი სამუშაო ადგილები მოიცავს  დროებით ან ნულ-საათიან კონტრაქტებს, რომელთა რაოდენობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში 10 %-მდეა გაზრდილი.

საერთაშორისო  ტენდენციის ფონზე, რაც შრომის პროდუქტიულობის ზრდას გულისხმობს, მოკლე სამუშაო დღეების შემოღების  რეფორმა, (განხორციელების შემთხვევაში) გააფართოვებს შვედეთის იდეოლოგიურ ამბიციებს: შემცირებული საათების ანაზღაურების ხარჯზე, შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ახალი დასაქმებულები აანაზღაურებენ იმ დაკარგულ სამუშაო საათებს, რაც შემცირებამ გამოიწვია. ეს გავს ერთგვარ სოლიდარობის აქციას: შრომის  ეფექტური დანაწილება იმისათვის, რომ შედეგად მივიღოთ “სრული დასაქმება”.

ცდა მოხუცთა თავშესაფარში კიდევ ერთი წლით გაგრძელდება. ზუსტი სტატისტიკა ცნობილი ჯერ არაა, თუმცა ინტერვიუები გვარწმუნებენ რომ მომსახურე პერსონალი უფრო ბედნიერი, უფრო აქტიური და ნაკლებად ნერვიულია. ასევე, მოხუცები კმაყოფილნი არიან და მოვლის ხარისხიც გაზრდილია. მაგრამ ეს ცდა არ ჯდება იაფი: შემცირებული საათების ასანაზღაურებლად 14 ახალი მომვლელის დასაქმება გახდა საჭირო. ოპონენტების ერთერთი მთავარი არგუმენტი სწორედ ისაა, რომ საათების შემცირება ძალიან გაზრდის ხარჯებს.

ეს არის ის ძირითადი არგუმენტები, რატომ შეიძლება შვედეთი გადავიდეს ან არ გადავიდეს 6 საათიან სამუშაო დღეზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.  გოთენბურგში მიმდინარე კვლევა არ არის პირველი შემთხვევა: 6 საათიანი სამუშაო დღის ექსპერიმენტები 90-იან წლებშიც ჩატარდა. 1970-ებიდან არსებობს მოსაზრებები 6 საათიანი სამუშაო დღის შესახებ. მიხედავად ამისა, არცერტ პოლიტიკურ პარტიას დღის წესრიგში არ დაუყენებია 6 საათიან სამუშაო დღეზე გადასვლის საკითხი. მეტიც, სოციალ-დემოკრატები, რომლებიც იდეოლოგიურად მშრომელთა კლასის მხარეს არიან, საუბრობენ სამუშაო დროის სრული ზრდის საჭიროებაზე, რასაც წინ უძღვის საპენსიო ასაკის აწევა.

ერთი სიტყვით, მიუხედავად საერთაშორისო მედიაში ატეხილი აურზაურისა, შვედეთში დღეს, ჯერ-ჯერობით არ არსებობს პოლიტიკური ნება 6 საათიანი სამუშაო დღის რეფორმის განხორციელებისათვის.

წყარო : http://america.aljazeera.com/opinions/2015/11/swedens-six-hour-workday-has-been-vastly-exaggerated.html