საქართველოში ექიმის პროფესია ყოველთვის ძალიან პოპულარული და განსაკუთრებული იყო. ექიმობა პრესტიჟულადაც ითვლებოდა და ათწლეულების განმავლობაში ყველაზე კარგად მომზადებული აბიტურიენტები სწორედ სამედიცინო ინსტიტუტში მიდიოდნენ. სამწუხაროდ, შემდეგ დრო შეიცვალა და მოხდა მთელი რიგი არასწორი ნაბოჯების გადადგმა, რამაც მედიკოსთა საზოგადოებას და ზოგადად სამედიცინო სფეროს თავისი დიდი დაღი დაასვა.
როგორც მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ჯონი ჯანაშია ამბობს, უმჯობესი იქნებოდა თუ საქართველოში ჯერ სადაზღვევო სისტემის შემუშავება მოხდებოდა და მსოლოდ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო სამედიცინო დარგში რეფორმების გატარება. ამ შეცდომამ სფეროს დიდი პრობლემები შეუქმნა და ექიმთა საშუალო ფენა (რომელიც ადრე საზოგადოების მოწინავე ნაწილად ითვლებოდა) ეკონომიურად თანდათან ჩამოქვეითდა და ბოლოს ერთ–ერთ ყველაზე გაჭირვებულ ფენად იქცა.
ჯონი ჯანაშია: “როდესაც ექიმს არა აქვს სათანადო ანაზღაურება, ის თანდათან კარგავს იმ თვისებებს, რაც საერთოდ ექიმს უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, პაციენტებისათვის “ხელგაწვდილი“ ექიმების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა და ამის ხარჯზე მოხდა ის, რომ ექიმების ერთ ნაწილს ავადმყოფის მიმართ გული გაუცივდა. თუმცა, ექიმთა აბსოლუტური უმრავლესობა მაინც დარჩა თავისი პრინციპების ერთგული. ვერ დამისახელებთ მასობრივად ისეთ შემთხვევებს, როდესაც ექიმებისათვის მიუმართავთ ავადმყოფებს და ექიმებს ისინი უკან გაუბრუნებიათ.
პრობლემების უმრავლესობა გამოიწვია იმან, რომ საავადმყოფოების დიდი ნაწილი შემთხვევითმა “ჩარჩებმა“ ჩაიგდეს ხელში, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო ფულის შოვნა და არა ავადმყოფის მდგომარეობა. ამან ექიმი იძულებული გახადა, რომ მასთან მისული პაციენტი ჯერ სალაროსკენ გაეგზავნა და შემდეგ ემკურნალა მისთვის. თუმცა, მე ბევრი შემთხვევა შემიძლია დაგისახელოთ, როდესაც ექიმმა სრულიად უანგაროდ გაუწია პაციენტს დახმარება და ამის გამო მას მწარე ალიყური მოხვედია და უსამსახუროდაც დარჩენილა.
წინა ხელისუფლებამ ძალიან ცუდი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოსნაირ დუხჭირ ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ შუშის ხიდები და ყოვლად გამოუსადეგარი შენობები ააშენოს. ის თანხები, რომლებიც ბიუჯეტში ჯანდაცვისათვის იყო გათვალისწინებული – ჰაერში გაქრა. ბიუჯეტის შესავსებად მოიგონეს ახალი “გამოსავალი“. დაიწყეს მულტიპროფილური საავადმყოფოების გაყიდვა. თბილისის ცენტრში დღეს რომ გაიაროთ, ძალიან გაგიჭირდებათ კლინიკების ნახვა. ეს კლინიკები გაიყიდა და მათში აღებული თანხა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას არ მოხმარებია“.
როგორც ჯონი ჯანაშია ამბობს, იმის გამო, რომ წინა ხელისუფლებას თეთრხალათიანების სამსახურიდან გაშვება და ქუჩაში დარჩენა გაემართლებინა, მათ ააგორეს ექიმების წინააღმდეგ ე.წ. შავი პიარი. გასული წლების მანძილზე ლამის ყველა ტელესიუჟეტი იწყებოდა იმით, რომ ექიმები არიან “უვიცები“, “ნარკომანები“, “მკვლელები“, “გამომძალველები“, “გაუნათლებლები“ და სხვა… ეს მიზნად ისახავდა იმას, რომ სამედიცინო სამყაროსა და ხალხს შორის ბზარი გაჩენილიყო და არავის მოსვლოდა აზრად ექიმებისათვის სოლიდარობის გამოცხადება. ძალაუნებურად ისმებოდა რიტორიკული კითხვა: თუკი ცუდი ექიმები გვყავს, მაშ რაში გვჭირდება ასეთი ექიმები?
ჯონი ჯანაშია: “ექიმები ბოლო პერიოდში მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ. მათ პირველ რიგში სამსახურის დაკარგვის და დაჭერის ეშინოდათ. როდესაც ყველაზე ინტელექტუალურ ფენას დააშინებ, მაშინ მთელი საზოგადოების მართვა ძალიან ადვილია. ჩვენი პროფკავშირის მიზანი გახლავთ ის, რომ დაიცვას მედიცინის მუშაკთა სოციალური, მატერიალური, იურიდიული და მორალური უფლებები. ჩვენი სურვილია, რომ კვლავ გავაღვიოთ ექიმებში არა პატივმოყვარეობის, არამედ თვითდაჯერებულობის გრძნობა, რომ არავისზე ნაკლებნი არ არიან და ისინი ფულს შესრულებულ სამუშაოში იღებენ.
როდესაც კაცი შედის მაღაზიაში და პურს ყიდულობს, ის რა თქმა უნდა პურში შესაბამის თანხას იხდის. ადამიანი ასევე უნდა ყიდულობდეს სათანადო მკურნალობას. ჩვენი ერთ–ერთი მიზანია ექიმების ავტორიტეტის ამაღლება. ექიმებმა უნდა ისწავლონ საკუთარი უფლებების დაცვა. ჩვენი მთავარი დევიზია: “გადავარჩინოთ ქართველი ექიმი, რომ გადარჩეს საქართველო!“.
ჩვენს მიერ ნათქვამმა სიმართლემ საბოლოო ჯამში მაინც გააკეთა თავისი საქმე. მაგალითად, გადავეღობეთ ბევრი სამკურნალო დაწესებულების გაყიდვას. ხშირად ეს არ გამოგვდიოდა, მაგრამ რამდენჯერმე მაინც შევძელით სასამართლო პროცესის მოგება და გასაყიდად გადადებული პოლიკლინიკების გადარჩენაც მოვახერხეთ.
ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები წინა ხელისუფლებისათვის ხშირ შემთხვევაში ძალიან არასახარბიელო იყო როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და ამის გამო, ჩვენ ფაქტობრივად “პერსონა ნონ გრატად“ გამოვცხადდით. ჩვენს წინააღმდეგ გარკვეული ინფორმაციული ბლოკადა ხორციელდებოდა. მოვიწვევდით ბრიფინგს და სულ 2–3 ტელევიზია მოდიოდა. ამის გამო ჩვენი ხმა საზოგადოებამდე ხშირად ვერ მიდიოდა. თუმცა, მუშაობას მაინც ვაგრძელებდით. ფაქტობრივად ვიყავით ერთადერთნი, ვინც ხელისუფლებას დამწვრობის ცენტრის და სხვა მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულებების გაუქმებაში უშლიდა ხელს.
წინა ხელისუფლებისათვის არასასურველმა ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია ის, რომ დაგვიწყეს დაშინება და შანტაჟი… მუქარა ხორციელდებოდა ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზეც. ამ წნეხმა საქართველოს მედიცინის პროფესიული კავშირი ძალიან დააზარალა. ჩვენ ერთ დღეში დავკარგეთ მთელი კახეთის რეგიონი. უშიშროების თანამშრომლები შედიოდნენ კახეთის საავადმყოფოებში, იძახებდნენ შვებულებაში მყოფ ხალხს და აწერინებდნენ განცხადებას პროფკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ავადსახსნებელმა სადაზღვევო კომპანიებმა უმართებულოდ ჩაიგდეს ხელში სამკურნალო დაწესებულებები. ეს არის მსოფლიოში არნახული პრეცედენტი. სადაზღვევო კომპანიებმა ბევრ საავადმყოფოში აკრძალეს პროფკავშირი და ხალხი იძულებული გახდა, რომ პროფკავშირიდან გასულიყო. მათ სამსახურის დაკარგვის შიში ჰქონდათ, რაც ბუნებრივია. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი ორგანიზაციის 27 ათასი წევრიდან წლების მანძილზე წევრების რიცხვი თანდათან დაბლა ჩამოდიოდა. თუმცა, მომავალს დღეს უკვე იმედიანად ვუყურებთ“.
დღეს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის (ორგანიზაციის, რომელიც გამუდმებულად აპროტესტებდა ხელისუფლების მცდარ გადაწყვეტილებებს და ამის გამო მუდმივად პრობლემები იქმნებოდა) წევრების რაოდენობა არასასურველია. თუმცა, პროფკავშირის ლიდერებს სჯერათ, რომ ხელისუფლების მხრიდან წნეხის მოხსნის შემდეგ, ორგანიზაცია წინ წავა. წინსვლა კი მხოლოდ ბრძოლითა და სოლიდარობით მიიღწევა!