საქართველოს პროფესიული კავშირების დელეგაცია, ბასკეთის პროფკავშირების მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ბილბაოში იმყოფება.
ვიზიტის მიზანი ბასკური პროფკავშირული ორგანიზაციის თავისებური და ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურის, ცენტრისა და რეგიონალური პროფკავშირული ერთეულების ორგანიზაციული ურთიერთდამოკიდებულების, მათ მიერ წარმოებული აქტივობების, გაწეული სერვისების და პრაქტიკული გამოცდილების შესწავლა, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების მკაფიოდ განსაზღვრაა.
მსჯელობა, როგორც გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე, ასევე კონკრეტულად საქართველოს და ბასკეთის პროფკავშირების გამოწვევებს ეხება.
უკვე გაიმართა შეხვედრები ბასკეთის პროფკავშირების გაერთიანების (ELA) გენერალურ მდივანთან ადილფო მუნოზთან, მის მოადგილეებთან და ორგანიზაციის მმართველი ორგანოს – აღმასრულებელი კომიტეტის წევრებთან. მასპინძლებმა ქართულ დელეგაციას გააცნეს ბასკეთის პროფკავშირების (ELA) მიერ განვლილი ისტორიული გზა , მიღებული გამოცდილება, პრობლემები და მათი დაძლევის მეთოდები , დღეს არსებული გამოწვევები და შრომითი პირობების და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის დღეს არსებული პოლიტიკა.
ბასკეთის პროფკავშირების ლიდერები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული მდგომარეობით, პროფკავშირული გამოწვევების და პირველადი პროფკავშირული გაერთიანების ორგანიზაციული მოწყობის საკითხებით. გაიმართა აქტიური დისკუსიები. მხარეებმა აზრები გაცვალეს ცალკეულ პრობლემათა ეფექტური გადაწყვეტის თემებზე.
შეხვედრები კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.
მომდევნო შეხვედრებზე განხილვის თემები იქნება:
პროფკავშირების კონფედერაციის ურთიერთობა რეგიონალურ პროფკავშირულ ცენტრებთან და ორგანიზაციებთან;
ურთიერთობები სოციალურ პარტნიორებთან;
სოლიდარობის ფონდი – ორგანიზაციული დეტალები და მიღებული გამოცდილება;
საგანმანათლებლო საქმიანობა- ძირითადი სფეროები, სასწავლო მოდულები, კურსები;
საქართველოსა და ბასკეთის პროფკავშირების ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები.