საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ქ. ბათუმის საზღვაო ნავსადგურში არსებული უსაფრთხოების ნორმები შეისწავლა.
„პროფესიული კავშირების შესახებ“ მუხლები-16,17 თანახმად, პროფკავშირები საზოგადოებრივ ზედამხედველობას ახორციელებენ შრომის პირობების, სანიტარულ-ჰიგიენური, ტექნიკური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საკითხებზე იმ საწარმოებში და ორგანზაციებში, სადაც დასაქმებულები არიან პროფესიული კავშირების წევრები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის მთავარი ტექნიკურმა ინსპექტორმა ნიკა კაკაშვილმა 28 ნოემბერს შეისწავლა შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები ქ. ბათუმის ნავსადგურში.
ნავსადგურში განხორციელებული ინსპექტირებისას გამოვლენილ იქნა შემდეგი ნაკლოვანებები:
- შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქციები არ არის შედგენილი ქართულ ენაზე, არის მხოლოდ რუსულად;
- პირველადი, განმეორებითი, რიგგარეშე და მიმდინარე ინსტრუქტაჟის ჟურნალებში არ არის გრაფა „ინსტრუქტაჟის თემა“, სადაც უნდა იყოს მითითებული შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქციის ნომერი;
- საშხაპეებში არ არის დაგებული მოცურების საწინააღმდეგო რეზინის ნოხები (ან ხის მასალისგან დამზადებული სადგომები);
- ამწე-ელექტრო მექანიზაციის საამქროში მეტალის დამამუშავებელ დაზგებთან არ არის დაგებული ელ.დენის ზემოქმედების პრევენციისთვის განკუთვნილი რეზინის ნოხები (ან ხის მასალისგან დამზადებული სადგომები).
რაც შეეხება შრომის პირობებსა და ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, დასაქმებულ პერსონალს უტარდებათ ინსტრუქტაჟები, ტრეინინგები, რომლის გავლის შემდგომ გადიან ცოდნის შემოწმებას. უზრუნველყოფილნი არიან სპეცტანსაცმლითა და სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ობიექტი „წესების“ შესაბამისად აღჭურვილია პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარითა და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა სანიტარულ ჰიგიენურ-პირობების მხრივაც.
პროფკავშირების გაერთიანებამ მიმართა კომპანიის ადმინსტრაციას და იმედი გამოთვა, რომ დასახელებული ნაკლოვანებები, რომლებიც საფრთხისშემცველია დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აღმოფხვრილი იქნება გონივრულ ვადებში.