ბათუმი უკვე მეეშვიდე დღეა მუნიციაპლური ტრანსპორტის გარეშეა დარჩენილი. ყვითელი ავტობუსის ორი მძღოლი კი პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართავს. მძღოლების მთავარ მოთხოვნას გია ლორიას თანამდებობიდან გადაყენება წარმოადგენს.
აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის, ილია ვერძაძის განცხადებით საკრებულომ მძღოლების მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, სხვა მოთხოვნებზე კი ისინი მუშაობას ინტერფრაქციულ ჯგუფთან ეტაპობრივად გააგრძელებენ.
მოგვიანებით ავტოტრანსპორტის ადმინიტრაციამ განაცხადა, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლოა რამდენიმე მძღოლი სარეზერვო ფონდიდან ამუშაონ. ბესიკ დათიაშვილის თქმით რეზერვში მუშაობის მსურველი მძღოლები არიან, თუმცა შესაძლოა ახალი თანამშრომლებიც დაემატოს.
ადმინიტრაციაში კონკრეტული ციფრი თუ რამდენ რეზერვს აქვს სამუშაოს გაგრძელების სურვილი ვერ დაასახელეს. რეზერვის თანამშრომლად წარმოდგენილი პიროვნება, რომელიც მზად იყო სამუშაო გაეგრძელებინა ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტის თანამშრომელი არ აღმოჩნდა.
ავტოტრანსპორტის უფროსის გია ლორიას განცხადებით რეზერვში ახალი თანამშრომელი ამ დრომდე არ მიუღია. შპს-ს უფროსის ხელმძღვანელი სიტუაციის გაჭიანურების შემთხვევაში რეზერვად, დროებითი ხელშეკრულებით არც ახალი თანამშრომლების აყვანას გამორცხავს.
აქციის მონაწილეებს ბათუმის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე შეხვდა და საკრებულოში საკითხის განხილვას დაჰპირდა, თუმცა მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო.
ბათუმელ მძღოლებს სოლიდარობა თბილისელმა კოლეგებმა გამოუცხადეს. თბილისის ავტობუსის ოცმა მძღოლმა, 17 თებერვლის ღამე ღამე ბათუმის ავტოტრანსპორტის მოშიმშილე მძღოლებთან ერთად გაათენა. სოლიდარობის ნიშნად ისინი ბათუმში გვიან ღამით ჩავიდნენ. დღეს შიმშილობის აქციაზე საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანიაც ჩავიდა, რომელიც აქციის მონაწილეებს შეხვდა და აქციის მონაწილეების გეგმებზე ისაუბრეს.