[flickr id=”8823274464″ thumbnail=”original” overlay=”true” size=”original” group=”” align=”none”]გაფიცული ზესტაფონელი მუშები ტაშითა და დიდი ოვაციებით შეეგებნენ 24 მაისს, მათ მხარდასაჭერად ჩასულ სტუდენტებისა და საქართველოს პროფკავშირის გაერთიანების წარმომადგენლების ჩასვლას. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული დასაქმებულების განსაკუთრებული ემოცია და სიხარული, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, ყველასათვის ცნობილი იუმორისტის, გიორგი აფციაურის გამოჩენამ გამოიწვია.
“თქვენ არ ხართ მარტო. არ იფიქროთ, რომ ვინმეს მიავიწყდით და თქვენს პრობლემებზე აღარავინ ფიქრობს. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით გვიგულეთ და მხოლოდ ერთიანობით და თანადგომით იქნება იმ სოლიდარობის მიღწევა შესაძლებელი, რაც ქარხნის ადმინისტრაციას დათმობებზე წამოსვლას აიძულებს. მთავარია თქვენ არ შეშინდეთ და იყოთ ისეთივე ერთიანები, როგორიც დღეს ხართ“ – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი აფციაურმა გაფიცულ დასაქმებულებს.
ზესტაფონელ მუშებს, დამოუკიდებელ; სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლექსო კობაიძე შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თქვენ არ ხართ მონები, თქვენ გაქვთ უფლებები, რომ მოითხოვოთ ყველაფერი ის, რაც ისედაც გეკუთვნით. თქვენი საწარმოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები მილიონებს შოულობენ და აღარ იციან ფული რაში დახარჯონ. როდესაც თქვენთვის ხელფასების მატებაც კი არ უნდათ. ასეთი დამოკიდებულება უნდა დასრულდეს! ჩვენ, სტუდენტები თქვენ გვერდში ვდგავართ და ვიდგებით მანამ, სანამ ჩვენი ბრძოლის მიზანი მიღწეული არ იქნება! არავის ეგონოს, რომ ჩვენ დავიღლებით და გავჩერდებით> ჩვენს ბრძოლას გაუმარჯოს!“
ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხანაში გაფიცვა უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს. კომპანია “ჯორჯიან მარგანეცის“ ადგილობრივ ოფისთან გაფიცული მუშები ხელფასის მატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაგრამ ქარხნის ადმინისტრაცია მუშებთან დათმობებზე წასვლას კვლავ არ აპირებს და როგორც გაფიცულები ჩვენთან საუბარში ამბობენ. ქარხნის ადმინისტრაციისაგან მხოლოდ ცინიკურ დამოკიდებულებას ხედავენ და გრძნობენ.
“პრაქტიკულად ქარხნის მთელი კოლექტივი ვართ გაფიცული და ჩვენს მოთხოვნებს მთელი ზესტაფონი იზიარებს. მაგრამ, ეს მაინც არა და არ შედის ადმინისტრაციის თავში. მადლობა ღმერთს, მოშიმშილეები ჯერ მხნედ არიან, მაგრამ, რასაც ვხედავ და როგორც მგონია, ადმინისტრაციას იმაზე აქვს გათვლა, რომ მალე ყველანი დავიღლებით, მოშიმშილეებიც დასუსტდებიან და აქეთ მოვითხოვთ სამსახურებში აღდგენას. თუმცა, გარწმუნებთ, ამას ვერ ეღირსებიან!“ – ამბობს გაფიცვის ერთ–ერთი მონაწილე.
როგორც იცით, გაფიცული მუშებიდან სამი მათგანი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი და მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე შიმშილობის წინააღმდეგები არიან, პროფკავშირი პატივს სცემს მუშების ამ მკვეთრ და სახიფათო გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამენ, რომ შიმშილობას არასასურველი შედეგები არ მოჰყვება.
თამაზ დოლაბერიძე: “ჩვენ ნამდვილად არ გვინდოდა ამ შიმშილობის დაწყება, მაგრამ რაკი დასაქმებულებმა ასე გადაწყვიტეს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მათ სათადო ყურადღება მივაქციოთ და საჭიროების შემთხვევაში (იმედია ეს საჭიროება არასოდეს დადგება) ექიმებითაც ვუზრუნველვყოთ.
ყველაზე მეტად რაც გვაშფოთებს, ეს საწარმოს ადმინისტრაციის ცინიკური დამოკიდებულებაა. ისინი დღემდე უარს აცხადებენ პროფკავშირთან მოლაპარაკებაზე და რატომღაც ფიქრობენ, რომ პროფკავშირთან დიალოგი საჭირო არ არის. მათი ერთ–ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებდნენ, თუკი პროცესებს პროფკავშირი ჩამოსცილდებოდა, რაც თავის მხრივ დიდი აბსურდი და წარმოუდგენელი ცინიზმია. გაფიცულ დასაქმებულებში ჯერჯერობით ამაღლებული განწყობა შენარჩუნებულია და იმედია საბოლოო მიზნის მიღწევამდე ეს განწყობა არ განელდება“.
სამი დღის წინ, გაფიცულ ზესტაფონელ მუშებთან რეგიონული პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და სთხოვეს, რომ ქარხნის ადმინისტრაციიდან გამოსასვლელი გადაკეტილი გზა კვლავ გაეხსნათ. იმის გამო, რომ პოლიციის მათდამი თხოვნა არ იყო აგრესიის შემცველი და როგორც დასაქმებულები იხსენებდნენ, პოლიციას სიტუაციის გამწვავება არ უცდია, გაფიცულებმა მათი თხოვნა გაითვალისწინეს და ადმინისტრაციის შენობიდან გამოსასვლელი გზა გახსნეს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, გაფიცვიდან მეექვსე დღეს, “ჯორჯიან მარგანეცის“ ხელმძღვანელობა ქარხანაში შეყვანილი ე.წ. შტრეიკბეხერების ხარჯზე საწარმოს მცირე მოცულობით ამუშავებას ახერხებს. თუმცა, იმის გამო, რომ შეყვანილი შტრეიკბეხერების აბსოლუტურ უმრავლესობას ფეროშენდადნობთა ქარხანაში მუშაობის არაფერი გაეგებათ, ყოველ წუთს არსებობს მათი დაშავების საფრთხე. დასაქმებულების მოთხოვნების გათვალისწინებაზე ადმინისტრაცია კვლავ უარს აცხადებს და დიალოგის დაწყებასაც არ აპირებს. თუმცა, გაფიცულებს იმედი აქვთ, რომ ადმინისტრაცია საბოლოოდ მაინც მოეგება გონს და დიალოგზე წამოვა. დიალოგი წესით ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს.