საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საპილოტე პროექტის: “სტუდენტების სტაჟირება სოფლის მეურნეობის სფეროში“ – ფარგლებში დაიწყო შეხვედრები იმ უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სადაც აგრარული მეცნიერებები ისწავლება.
პროექტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები: საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპს “სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში“(თბილისი-გორი), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პირველი შეხვედრა შპს “სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში“ გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სასწავლებლის როგორც თბილისის ფილიალის, ასევე გორის უნივერსიტეტის სტუდენტები. შეხვედრაზე არა მხოლოდ პროექტის პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი, არამედ სტუდენტები გაეცნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობას. უშუალოდ პროექტმა დაინტერესება გამოიწვია, როგორც სტუდენტებში ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. სტუდენტებმა და ლექტორებმა პროექტის სამომავლო ეტაპებზე თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ეს ადამიანები სამომავლოდ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივობებში ჩართვასაც აპირებენ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციტივა პილოტური ხასიათისაა. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამჟამად პრიორიტეტი ენიჭება აგრარულ სექტორის კურსდამთავრებულთათვის საწარმოო პრაქტიკის გავლას (სტაჟირება–შეგირდობა) და პროფესიული უნარ–ჩვევების დაუფლების მიზნით საქართველოს საწარმოში სტაჟირების პროგრამის (3–დან 4 თვემდე) დაფინანსებას. ეს პროექტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასების სუბსიდირების საკითხს ითვალსიწინებს.
აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ამ ეტაპზე პილოტურად მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში იქნება გამოყენებული, იმ ახალგაზრდების დასაქმების პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს, რომელთაც აგრარული განათლება გააჩნიათ, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტის განხორციელების მონიტორინგის დადებითი რეზულტატის შედეგად სხვა დარგებშიც მსგავსი ინიციატივების დანერგვის ანალოგიც შეიძლება შეიქმნას.
საპილოტე პროექტი, “სტუდენტების სტაჟირება სოფლის მეურნეობის სფეროში“ “ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.