„საქართველოს რკინიგზის“ შენობასთან პროფკავშირების აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა ისინი სს”საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციული შენობის ფოიეში შესვლის მცდელობის გამო აიყვანეს. აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არიან დაკავებულნი. დაპატიმრებულთაგან 3 პროფკავშირების წარმომადგენელი, 7 სტუდენტური ორგანიზაციების, მათ შორის “აუდიტორია 115″ – ის წევრები არიან. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
საპროტესტო აქცია სს”საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციასთან წუხელ 18:30 საათზე დაიწყო, აქციის მიზანი 10 დღის განმავლობაში მოშიმშილე რკინიგზელების მხარდაჭერა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადება იყო.
ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა რკინიგზის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში შესვლა გადაწყვიტა, იმ მიზნით რომ მოლაპარაკებები გაემართათ სს “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელებთან, რომლებიც რეალურ დიალოგზე არ გამოდიან .
დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
პროფკავშირების წარმომადგენლებმა დაკავებულები გვიან ღამით მოინახულეს.
იურისტი თამარ სურმავა:
„ველოდებით დღის განმავლობაში სასამართლო პროცესს. 10 ადამიანია დაკავებული, წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. დაკავებულთა ნაწილი მე პირადად მოვინახულე. ნორმალურად არიან. რაიმე ზეწოლაზე ან სხვა სახის დარღვევაზე არ უსაუბრიათ“
შეგახსენებთ შიმშილობის აქცია მე -11 დღეა მიმდინარეობს.
ვითარება იმანაც დაამძიმა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც პროფკავშირებს სს “საქართველოს რკინიგზის” ოფისთან კარვების გაშლის უფლებას უზღუდავენ, რაც უზენაესი კანონითაა გარანტირებული.
პროფკავშირები სასამართლოს გადაწყვეტილების უკან მსხვილი სახელმწიფო კომპანიის გავლენას ხედავენ.
აღსანიშნავია, ისიც რომ წუხანდელ საპროტესტო აქციაზე რამდენჯერმე გახდა საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე და შეუძლოდ გახდა ორი მოშიმშილე.