კაზრეთში დასაქმებული მუშების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, დღეს სტუდენტებმა თსუ-ს ეზოდან მსვლელობა მოაწყვეს და RMG GOLD-ის ოფისთან პროფკავშირების წარმომადგენლებსა და რეგიონებიდან ჩამოსულ მუშებს შეუერთდნენ.
რამდენიმე დღის წინ პროფკავშირები კაზრეთში მცხოვრებმა RMG GOLD-ის 800-მდე თანამშრომელმა დატოვა. სტუდენტები და პროფკავშირის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს კომპანიის მხრიდან მუშებზე ზეწოლის შედეგია.
აქციას RMG GOLD-ის ერთ-ერთი თანამშრომელიც ესწრებოდა, რომელმაც ვინაობის გამხელის გარეშე მოყვა, რომ მისი უბნის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ დაურეკა და პროფკავშირების დატოვება სთხოვა:
„ორჯერ ვუთხარი უარი. მესამეჯერ დამირეკა და მითხრა, რომ თუ სამსახურში პრობლემები შემექმნებოდა, მისი ბრალი არ იქნებოდა. სულ რომ გამათავისუფლონ, პროფკავშირის დატოვებას არ ვაპირებ. ის ადამიანები კი, რომლებმაც დათმეს და მუქარის ძალით პროფკავშირი დატოვეს, შეშინებულები არიან”.
საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ მუშების უფლებების დარღვევის შესახებ მათ პრემიერ-მინისტრსა და პროკურატურასაც აცნობეს, თუმცა, ჯერჯერობით, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
აქციაზე მუშებს სტუდენტური ორგანიზაციების წევრებმაც მიმართეს. მათი თქმით, RMG GOLD-ის შემთხვევა არაა მუშათა ექსპლუატაციის ერთადერთი მაგალითი. სახელმწიფო კი იცავს კერძო კომპანიების ინტერესებს და ჯიუტად დუმს.
„სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა, რომელმაც საზოგადოება გაძარცვა და მუშებს არაფერი დაუტოვა, საკუთარი შრომის გარდა. RMG GOLD-ის თანამშრომლების წარმოუდგენელ ექსპლუატაციას ეწევა. ეს სახელმწიფოს უმოქმედობის ბრალია”, – ამბობს თორნიკე ჩივაძე.
ლევან ლორთქიფანიძემ კაზრეთში დაახლოებით 1 წლის წინანდელი გაფიცვების სერია გაიხსენა, რომლის დროსაც კომპანიამ პირობა დადო, რომ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა:
„მაშინ RMG GOLD შეგვპირდა, რომ მუშათა ნაწილს სამსახურში დააბრუნებდა, გაუუმჯობესებდა სამუშაო პირობებს, გაუზრდიდა ანაზღაურებას და უზრუნველყოფდა შრომითი უსაფრთხოებით, თუმცა მან დაარღვია შეთანხმება და ნაცვლად ხელფასის გაზრდისა და სხვა პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, დაიწყო მათი შევიწროება”.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა შეაჩეროს კომპანიის ქმედებები, რომელიც გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობისთვისაც მნიშვნელოვანია.
კაზრეთელი მუშების გვერდით დღეს ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშები, ჭიათურელი მაღაროელები და სხვა საწარმოების მუშებიც იმყოფებოდნენ.
პალმირ ცუცქირიძე ჭიათურის, შუქრუთის მაღაროს გვირაბგამყვანია. ამბობს, რომ არც ერთი მუშა არაა დაზღვეული მსგავსი ზეწოლისგან, ამიტომ თბილისში კაზრეთელი მუშების მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევნის უფლება. ასე რომ, არც ერთ კომპანიას არ შეუძლია, მუშებს დაავალოს პროფკავშირების დატოვება”.
აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოს მოუწოდეს, ჩაერიოს და შეისწავლოს RMG GOLD-ის მიერ მუშებზე ზეწოლის ფაქტები.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა. მან მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ კაზრეთში პროფკავშირის დევნა შეუქცევად ხასაით იღებს და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მუშების უფლებები დაცული იყოს და ანტიპროფკავშირული ქმედებების შესახებ ქართულ საზოგადოებასა და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს დეტალურად ეცნობოს.