ევროკავშირის კანონმდებლობით (დირექტივა 2002/15/EC) დადგენილია, რომ საავტომობილო გადაზიდვებში ჩართულმა მძღოლებმა შესვენების გარეშე 6 საათზე მეტხანს არ უნდა იმუშაონ. მძღოლებმა 30 წუთი უნდა დაისვენონ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო საათები ექვსიდან ცხრა საათს შეადგენს. თუ სამუშაო დრო გაგრძელდა ცხრა საათზე მეტ ხანს, მაშინ მღოლისთვის გათვალისწინებულია მინიმუმ 45 წუთიანი შესვენება. შესვენების დრო შესაძლოა მინიმუმ 15 წუთიან პერიოდებად დაიყოს. ასოცირების შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქართველი მძღოლებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამუშაო პირობები დააკანონოს.
ევროკავშირში მძღოლებისთვის ყოველკვირეული სამუშაო დროის საშუალო ხანგრძლივობა 48 საათს არ აღემატება. ყოველკვირეული სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა 60 საათამდე გრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასული ოთხი თვის განმავლობაში მძღოლი ყოველ კვირა საშუალოდ 48 საათი მუშაობდა.
თუ მძღოლს მუშაობა ღამითაც მოუწევს, მაშინ მას უფლება აქვს, 24 საათში მხოლოდ 10 საათი იმუშაოს. ღამით მუშაობის ანაზღაურების პირობები წინასწარი მოლაპარაკებით განისაზღვრება. ევროპული სტანდარტით ღამით მომუშავე მძღოლს უნდა ჰქონდეს სათანადო ანაზღაურება იმისთვის, რომ იყოს მოტივირებული და საფრთხე არ შეუქმნას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.
შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნის გარდა, დამქირავებელი ვალდებულია, რომ მღძოლს შრომითი ხელშეკრულებების პიროებები და სატრანსპორტო კომპანიის შიდა დებულებები დეტალურად გააცნოს. ამას გარდა, მძღოლების სამუშაო საათების შესახებ სრული ინფორმაცია დამქირავებელმა 2 წლის განმავლობაში უნდა შეინახოს.
საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნები უშუალოდ მძღოლების გარდა სატრანსპორტო გადაზიდვებში ჩართულ სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებზეც ვრცელდება.
http://www.eugeorgia.info/index.php/cat/transport/172-%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90