მიმდინარეობს საიტის განახლება

არც თუ იოლი აქცია სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ

საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში შრომას გადამწყვეტი როლი აკისრია. თუ ირღვევა შრომითი უფლებები ამით ირღვევა საზოგადოებრივი განვითარების აღმავალი ხაზი და ეს საზოგადოება უწყვეტ სოციალურ კონფლიქტებში ეფლობა.

რამდენიმე დღის წინ სუპერმარკეტ „იოლში“ შექმნილი უსამართლო შრომითი პირობები საჯარო ყურადღების ქვეშ მოექცა. ამ ორგანიზაციაში არსებული სოციალური უსამართლობისა და შრომითი ექსპლუატაციის მიმართ საზოგადოებრივი პროტესტის გამოსახატავად „იოლის“ ერთ-ერთ ობიექტთან მიმდებარე სკვერში {თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №138} თბილისის სოლიდარობის ქსელმა გამართა აქცია. ამ სოციალური პროტესტის მიზანი იყო მხარი დაეჭირთ „იოლში“ დასაქმებული ლიკა ჯანაშიასა და ლიკა ჩიტორელიძისთვის მათი კანონიერი სოციალური და შრომითი უფლებების დაცვაში. სოციალური პროტესტისა და სოლიდარობის ამ აქციაზე არა ერთი ადამიანი გამოვიდა სიტყვით, მათ გამოხატეს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაში სოციალური სამართლიანობისა და სოციალური სოლიდარობის მნიშვნელობაზე.

შოთა აზიკური-სტუდენტი, თბილისის სოლიდარობის ქსელი: „სოციალური სოლიდარობა საზოგადოებაში განსაკუთრებით აუცილებელი ხდება, როდესაც ადამიანები შრომითი ექსპლუატაციის წნეხის ქვეშ ექცევიან და დღეს ჩვენ ყველანი სოლიდარულნი ვართ „იოლში“ დასაქმებულთა სოციალურ-შრომითი უფლებების აღდგენის საქმეში“.

ლიკა ჯანაშია-სუპერმარკეტ „იოლში“ დასაქმებული: „სამუშაო პირობების მდგომარეობაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი რომ აქ დასაქმებულებს ხშირად უწევთ სხვადასხვა პოზიციებზე სხვადასხვა ფუნქციების ერთდროულად შესრულება, გამყიდველით დაწყებული მტვირთავითა და დამლაგებლით გათავებული“.

რევაზ კარანაძე-თბილისის სოლიდარობის ქსელი: „ბიზნეს ასოციაციები სიტყვით პროგრესს უჭერენ მხარს, მაგრამ საქმით საპირიპიროდ იქცევიან და ყველგან რეგრესული შრომითი ნორმების ადვოკატებად გვევლინებიან. როდესაც საქმე ეხება „შრომის კოდექს“-ს ცდილობენ სიტყვიერი ეკვილიბრისტიკით გაამართლონ სოციალური უსამართლობა და შრომითი ექსპლუატაცია, სამუშაო დროის მაქსიმალური ზრდა“.

გვანცა ხონელიძე-სტუდენტი: „სამუშაო ადგილებზე მშრომელ ქალთა უფლებები ეპიზოდურად კი არ ირღვევა, არამედ სახეზეა ქალთა შრომითი დისკრიმინაცია“.

მუხრან ცანავა-„იოლის“ ყოფილი მუშაკი: „ხანგრძლივი გამოცდილება გამაცნია ამ არც თუ იოლ „იოლში“ მუშაობის და შემიძლა გულწრფელად დავადასტურო აქ შრომა სხვა არაფერი იყო თუ არა შრომითი ექსპლუატაცია“.

ლევან ილარიანი-„ნუგეშის“ ყოფილი მუშაკი: „ვიყავი დასაქმებული სავაჭრო ქსელ „ნუგეშში“ და კარგად ვიცი რომ ასეთ სავაჭრო ქსელებში ბევრი სტუდენტია დასაქმებული. სამწუხარო ფაქტია ის რომ ამ სტუდენტების შრომა არ არის იმდაგვარად ორგანიზებული, რომ მათ სწავლისათვის ჰქონდეთ ხელშემწყობი რეჟიმი. ასეთი მიდგომა კი მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემას ქმნის“.

თამთა სურმავა-საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი: „დასაქმებულთა შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დიდი მნიშვნელობა აქვს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან მაკონტროლებელი ფუნქციის რეალურ ამოქმედებას და ამ მიმართულებით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ექნება კიდევ არა ერთი სამართლებრივი ინიციატივა“.

აქციის მსვლელობისას თბილისის სოლიდარობის ქსელის წევრმა რევაზ კარანაძემ საზოგდოების ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ ასეთი მაღალი მგრძნობელობის საზოგადოებრივი პრობლემისადმი მიძღვნილი ამ აქციის გაშუქება არ ხდება ტელევიზიებისა და რადიოების მხრიდან, განსაკუთრებით ნიშანდობლივია საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გამოჩენილი არ დანახვის პოზიცია. ამ მიდგომების მატარებელმა მედია საშუალებების მმართველებმა უნდა გააცნობიერონ რომ სოციალური პროტესტის გაუხმაურებლობა არ არის ამ სოციალური პრობლემის მოგვარების საშუალება, ის ამ პრობლემის გამწვავებისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“.

სოსო ჭაუჭაძე-სტუდენტი: „სამუშაო ადგილებზე მუშაკებისადმი შეუსაბამო და გადაჭარბებული მოთხოვნების წაყენება იწვევს ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი შესაძლებლობების გამოფიტვს და საბოლოო ჯამში მის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ტრავმირებას. შრომის პროცესი ადამიანში არ უნდა იწვევდეს განათლების მიღების უნარის ჩახშობას“.

მიხეილ სვანიძე-თბილისის სოციალური სოლიდარობის ქსელი: „იმ პირობებში როდესაც სამუშაო ადგილზე დასაქმებული დიდი შიდა წნეხის ქვეშ იმყოფება გარე სოლიდარობას მისთვის დამხმარე რგოლის როლის შესრულება შეუძლია. იყო სოლიდარული პირადად შენთვის უცნობი ადამიანის სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის საქმეში ნიშნავს ხელი შეუწყო საზოგადოებაში საერთო სოციალური სოლიდარობისა და ღირსეული შრომის სტანდარტების დამკვიდრებას. დღევანდელობა გვკარნახობს რომ ჩვენს საზოგადოებაში დიდი დეფიციტია თანამედროვე სამყაროში, სოციალურ-შრომით უფლებებზე მიღწეული წარმატებების ცოდნაზე. ჩვენს საზოგადობაში მნიშვნელოვანია ამ ცოდნის გავრცელება, საჭიროა მასიური საგანმანათლებლო პროგრამები, მათში რაც შეიძლება ფართოდ სხვადასხვა სოციალურ-პროფესიული ჯგუფების ჩართვა“.

თამაზ დოლაბერიძე-საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი: „მშრომელთა უფლებების დაცვა და ინტერესების წარმომადგენლობა პროფკავშირების სამოქმედო სტატეგიის ქვაკუთხედია. მადლობა ლიკა ჯანაშიას და ყველა მშრომელს, რომელთაც საზოგადოების წინაშე გაბედულად დააყენეს სამუშაო ადგილებზე არსებული სოციალურ-შრომითი პრობლემები. მისი და ყველა დასაქმებულის სამართლიანი საქმე პროფკავშირების მხრიდან სრულად იქნება მხარდაჭერილი და ეს არ იქნება ერთჯერად კამპანია“.

აქცია დასრულდა საერთო პოზიციით რომ სუპერმარკეტ „იოლში“ არსებული სოციალურ-შრომითი პრობლემები არაა იზოლირებული მოვლენა, იგივე ხდება სავაჭრო ქსელ „ვეჯინში“ და არა მარტო იქ. ეს პრობლემები საქართველოს ეკონომიკის მახასიათებელი სოციალურ_შრომითი პრობლემებია, საერთო პრობლემაა დასაქმებულთათვის საქართველოში.

თბილისის სოლიდარობის ქსელი აგრძელებს მშრომელთა სოციალური მხარდაჭერის პოზიციის გაფართოებას, საზოგადოებაში ურთიერთ სოლიდარობის ქსელის გაშლას. დიახ დღეს არც თუ იოლია იშრომო და იცხოვრო არსებულ რეალობაში, მაგრამ მოქალაქეობრივი ღირსების საქმეა არ დაუჩოქო სოციალურ უსამართლობას და კოლექტიური ფორმებით, სხვებთან ერთად დარაზმულმა გაიარო ის გზა, რომელიც საქართველოს საზოგადოებას მიიყვანს შრომისა და ცხოვრების ღირსეულ სტანდარტებზე დაფუძნებულ სოციალურ სამართლიანობამდე.

დავით  არაბიძე