საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის განცხადება
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 16 დღიანი კამპანიის შესახებ
2016 წლის 25 ნოემბერი
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი, დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების დაცვის გაუმჯობესების და სამუშაო ადგილზე ძალადობრივი ქმედებების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს ჩაერთოს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ წარმოებულ 16 დღიან კამპანიაში, რომელიც დაიწყება 25 ნოემბერს და გასტანს 10 დეკემბრამდე. აღნიშნულ კამპანიას პროფესიული კავშირების ქალთა ორგანიზაცია შეუერთდება სლოგანით „არა – ქალთა მიმართ ძალადობას სამუშაო ადგილებზე“.
ყურადღების მისაქცევია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველი სამი ქალიდან ერთი ცხოვრების განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური შეურაცყოფის ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი, გენდრული ნიშნით. გაერო მოუწოდებს ქვეყანათა მთავრობებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განახორციელონ ისეთი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების გაზრდას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
პროფესიული კავშირებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები სამუშაო ადგილებზე, რაც ხშირად ძალადობრივ ხასიათს ატარებს. ამდენად, კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში ყურადღება გამახვილებული იქნება იმ ფაქტებზე, რაც სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებს ხვდებათ შრომით ურთიერთობებში. ეს ეხება ქალთა უკანონოდ გათავისუფლებას სამსახურიდან (შპს „საქართველოს ფოსტა“ – 40 ქალი, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა – 5 ქალი, შპს „ჯორჯიან-ექსპრესი“ – 4 ქალი), პროფესიული კავშირების წევრობის შეზღუდვას (შპს „დემეტრე 96“), ფეხმძიმე და ახალგაზრდა ქალების სამსახურში მიღებისაგან თავის შეკავებას, მძიმე, მავნე და საშიშპირობებში დასაქმებული ქალების მდგომარეობას, მამაკაცისა და ქალის საშუალო ხელფასის განსხვავებას (40%) და სხვა რიგ საკითხებს, რომლებიც პირდაპირი ან ირიბი გზით ქალთა მიმართ ძალადობის შემცველ ელემენტებს შეიცავს.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს – 25 ნოემბერს, გაერთიანების ქალთა კომიტეტის ინიციატივით მომზადებული სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელშიც პროფკავშირების ქალთა კომიტეტი ფეხმძიმე და დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას დასაქმებულ ქალთა გათავისუფლების საკითხის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
ერთვება რა ამ კამპანიაში გაერთიანების ქალთა კომიტეტი, 16 დღის განმავლობაში განახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს და ჩატარებული ღინისძიებების შედეგებს შეაჯამებს 10 დეკემბერს – ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.
დღეს 25 დეკემბერს 14:00 საათზე, პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ქალთა ორგანიზაცია დასაქმებულ ქალებთან საგანგებო შეხვედრას გამართავს.
როგორც ცნობილია 1999 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურმა ასამბლეამ, 25 ნოემბერი გამოაცხადა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღედ.
ქალთა მოძრაობის აქტივისტებმა, 25 ნოემბერი ძალადობასთან ბრძოლის დღედ 1981 წელს აღიარეს. ეს დღე მიეძღვნა სამი და მირაბელების ხსოვნას, რომლებიც პოლიტიკური აქტივობისთვის უსასტიკესი ფორმით მოკლეს დომინიკოს რესპუბლიკაში 1960 წელს.
გაერთიანების ქალთა კომიტეტი