არაფორმალურ სექტორში არსებული პრობლემები, დასაქმებულთა მდგომარეობა და მათი ორგანიზება საკუთარი უფლებების დაცვისთვის – ეს არის საკითხები, რომლებზეც თბილისში არაფორმალური ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, სპეციალური კურსი შედგა. ტრეინიგზე იმსჯელეს აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების აუცილებლობაზე, მოლაპარაკებების წარმოების სპეციფიკაზე, კოლექტიურ მოლაპარაკებებზე, სტრატეგიის დასახვასა და პროფესიული გაერთიანებების შექმნის გზებზე. საქართველოს თვითდასაქმებულთა და ვაჭრობის სფეროში მომუშავეთა პროფკავშირის თავმჯდომარე მირანდა მანდარია იმედოვნებს, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ხელისუფლება სფეროში დასაქმებულთა დაცვისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
“ვისაუბრეთ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა ინტერესებზე და ყოველდღიურ პრობლემებზე, ასევე მათი გადაჭრის მეთოდებზე. ტრენერებმა მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის ევროპის ქვეყნების მაგალითები. განსაკუთრებით საინტერესო ესპანეთის მაგალითია სადაც, დასაქმებულებს აქვთ ე.წ.”ავტონომიური მოვაჭრის”სტატუსი და სარგებლობენ დიდი შეღავათებით. ვფიქრობ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია და შექმნას სამართლებრივი ბაზა თვითდასაქმებულთა შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად.” განაცხადა მირანდა მანდარიამ.
გიგა ბექაური კი პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობიდან მიიჩნევს, რომ სწავლებამ მას ცოდნა შესძინა სფეროში დასაქმებულთა დაცვის გზებზე. გიგა ბექაური:
“ტრენინგის მონაწილეებმა უკეთ გავიაზრეთ თვითდასაქმებულთა პრობლემები და მექანიზმები – თუ როგორ შეიძლება იმ ადამიანების დახმარება, ვინც არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული. ასევე ვისწავლეთ როგორ დავგეგმოთ გრძევადიანი სტრატეგიები გარემოვაჭრეთა და სხვა დასაქმებულთა ლობირებისა და ადვოკატირებისთვის” .
სემინარში მონაწილეობას იღებენ საქართველოს თვითდასაქმებულთა და ვაჭრობის სფეროში მომუშავეთა პროფკავშირის წევრები, პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე ტრანსპორტის და მშენებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. ოთხდღიანი შეხვედრა ძირითადად ორგანაიზერების და ლიდერებისთვის იყო განკუთვნილი. სემინარი ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზაცია ‘სთრით ნეტის’ და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით. წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.