თანამედროვე საქართველოს ყოფა სავსეა სოციალური უსამართლობითა მშრომელთა ყოველმხრივი შეჭირვებით. სიღარიბე და სიღატაკე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ყოფის ნორმად არის ქცეული. მშრომელი ადამიანების მიმართ ძალაუფლების მფლობელთაგან მხოლოდ აბსტრაქტულ-დემაგოგიური დაპირებები ისმის. ასეთი რეალობა მხოლოდ დღევანდელი დღით არ შექმნილა და არც მხოლოდ გუშინდელი დღით არის განპირობებული. დღეს არსებულ უკვე სტრუქტურირებულ სიღატაკე-სიღარიბეს დასაბამი მიეცა იმ დღიდან, როდესაც გამოიცა მშრომელთა კანონიერი წარმომადგენლობის ხელმყოფი ანტისამართლებრივი აქტები, რომელთაც პირდაპირ შეიძლება ეწოდოს ანტიპროფკავშირული ქმედება.
1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლება უზურპირებულ იქნა ე.წ. სამხედრო საბჭოს მიერ. ამ ორგანომ სხვა ბევრ სახელმწიფო დანაშაულთან ერთად დამანგრეველი დარტყმა მიაყენა მშრომელთა უფლებების დაცვისა და კანონიერი ინტერესების წარმომადგენლობას. 1992 წლის 17 თებერვალს ე.წ. სამხედრო საბჭომ გამოსცა #07/138 დადგენილება, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა კანონიერების ელემენტარული ნორმების სრული უგულვებელყოფით გაუქმებულად გამოაცხადა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება “საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში პროფესიული კავშირების უფლებების უზრუნველყოფის შესახებ“.
ე.წ. სამხედრო საბჭოს ამ ანტისამართლებრივი უკანონოაქტის შემდეგ საქართველოს მშრომელებმა დაკარგეს სოციალურ-ეკონომიკური და შრომითი ინტერესების პროფკავშირების საშუალებით დაცვის შესაძლებლობა, ამ დადგენილებამ პროფკავშირული მოძრაობის სრული დეზორგანიზაცია გამოიწვია.
ე.წ. სამხედრო საბჭო, დროებითი მთავრობა და ე.წ. სახელმწიფო საბჭო იღებდნენ ანტიკონსტიტუციურ და უკანონო, მაგრამ ფაქტობრივი ძალმოსილების მქონე, სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ნორმატიულ აქტებს ისე რომ სრულ იგნორირებას უწევდნენ პროფკავშირებს, არავითარ კონსულტაციებს არ მართავდნენ მშრომელებთან და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან. ე.წ. სახელმწიფო საბჭოს მიერ პრივატიზაციის თაობაზე ე.წ. დეკრეტის მიღების წინ მშრომელთა და მათი ინტერესების გამომხატველი პროფკავშირების ბლოკირების მიზნით 1992 წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსიდან პროფკავშირებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ამოღებულ იქნა კოდექსის ის მუხლები და პუნქტები, რომელნიც ახდენდნენ მშრომელთა მატერიალური ინტერესების დაცვას მათი დასაქმების წარმოება-დაწესებულებებში. ნათელია რომ შრომითი კოლექტივების საბჭოები, პროფკავშირების პირველადი ორგანიზაციები და პროფკომიტეტები არაფერში ეპიტნავებოდათ ბანდიტური პრივატიზაციისა და ტოტალური დეინდუსტრიალიზაციის მესვეურებს.
1992 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში მშრომელთა კანონიერ წარმომადგენლებს გზა გადაუკეტეს. პროფკავშირების კუთვნილი გამაჯანსაღებელი ბანაკები, ფიზკულტურულ-სპორტული ორგანიზაციები, სანიტარულ-საკურორტო, ტურისტული დაწესებულებები იძარცვებოდა, ხოლო რაც მათ ხელს ურჩებოდა ის ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან გამოდევნილი ადამიანებით ივსებოდა. სრულიად ჩაშლილ იქნა მოლაპარაკებები ახალი კოლექტიური ხელშეკრულებების (შეთანხმებების) დასადებად, მასობრივად შეწყდა სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები, უმუშევრობამ გეომეტრიული პროგრესიით იწყო ზრდა, სახელმწიფო საბინაო ფონდი ქალაქებში “აორთქლდა“. ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა, მაგრამ ეს გაუმჯობესება განპირობებული იყო ფაბრიკა-ქარხნების მასობრივი დახურვითა და ბენზინის ტოტალური დეფიციტით, 1992, 1993 და 1994 წლებში საქართველოს ქალაქებში ჰაერი აბსოლიტურად სუფთა და ჯანსაღი გახდა. სამაგიეროდ სრულად მოიშალა ჯანდაცვის სისტემა.
საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულების საფუძველზე რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს პროფკავშირების თანამონაწილეობით უნდა მოემზადებინა ახალი შრომის კანონთა კოდექსის პროექტი, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესე საბჭო განიხილავდა და მიიღებდა. ასევე დემოკრატიული პროცედურების დაცვით მოხდებოდა “პროფკავშირული საქმიანობის შესახებ“ კანონის მიღებაც.
ეს ყველაფერი დაიბლოკა უზურპატორთა ანტიპროფკავშირული თვითნებობის გამო. ე.წ. სამხედრო საბოს მიერ მიღებულმა პროფკავშირული პრინციპების ხელმყოფმა ქმედებებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა საქართველოს მშრომელთა უფლებების დაცვასა და კანონიერი ინტერესების წარმომადგენლობას, ძლიერ შეაფერხეს პროფკავშირული მოძრაობის გარდაქმნა. ეს სამწუხარო გაკვეთილი დღესაც მრავლისმთქმელია.