ალტერნატიული სასჯელები, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, საზღვარგარეთის ქვეყნებში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ფართოდ გამოიყენება. მისი ასე აქტიურად გამოყენების მიზეზია ის, რომ ქვეყანაში იყოს რაც შეიძლება ნაკლები პატიმარი და არ მოხდეს მათი საზოგადოებისგან გარიყვა. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეიცვალოს თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა. გარდა ამისა, სასჯელის ეს ფორმა შეიძლება დაინიშნოს პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს. თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ალტერნატიული სასჯელით შესაძლებელია, მხოლოდ განსასჯელის თანხმობით.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა გამოიყენება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, ესპანეთში, შვედეთში, შვეიცარიშა, ლიტვაში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში და ა.შ.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა გამოიყენება ამერიკის ყველა შტატში, როგორც ძირითადი, ასევე ალტერნატიული სასჯელის სახით – თავისუფლების აღკვეთისა და ჯარიმის ნაცვლად. აშშ-ში მოქმედებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სპეციალური პროგრამები, რომლებსაც ახორციელებენ სახელმწიფო და არაკომერციული ორგანიზაციები, რომელთაც საკუთარი პროგრამები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამებს გარკვეული სირთულეები ახასიათებს, მაგალითად, სამუშაო ადგილების მოძებნა, პასუხისმგებლობის რისკი, განხორციელების ხარჯები, ისინი მაინც წარმატებით ხორციელდება. საზოგადოებრივი შრომა, როგორც წესი, არ არის ანაზღაურებადი, თუმცა არის გამონაკლისებიც. კერძოდ, არიზონას შტატში პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულებს უხდიან გარკვეულ თანხას. ვაშინგტონში კი მსჯავრდებულისთვის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს საოლქო სასამართლოს მოსამართლეს. იგი განსაზღვრავს სამუშაო საათების რაოდენობასა და დროს.
დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა განიხილება, როგორც თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივა. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო ანაზღაურების გარეშე. საზოგადოებრივი შრომა სრულდება მსჯავრდებულის სამუშაოსგან თავისუფალ დროს, მხოლოდ სამუშაო დღეებში. თუმცა, ის პირები, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ სრული გრაფიკით, საზოგადოებრივ სამუშაოს ასრულებენ შაბათ-კვირას ან საღამოობით. მსჯავრდებულების დასაქმებაზე ზრუნავენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. დიდ ბრიტანეთში არსებობს მსჯავრდებულთა დასაქმების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. იმ შემთხვევაში თუ დარღვეული იქნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პირობები, საქმე დაბრუნდება სასამართლოში და მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმედება.
შვედეთში განაჩენის გამოტანის დროს მოსამართლე ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ალტერნატიულ სანქციებს. შვედურ სისხლის სამართლის პროცესში პატიმრობა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში არაეფექტურ სასჯელად ითვლება, რომელიც ვერ ახდენს სამართალდამრღვევის რესოციალიზაციას. თავისუფლების აღკვეთა ენიშნებათ, ძირითადად, იმ პირებს, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული საკუთრების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. პირობით ვადამდე გათავისუფლება, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასთან ერთად, ენიშნებათ იმ პირებს, რომელთაც ბრალი ედებათ ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომელიც არ არის დიდი სოციალური საფრთხის შემცველი. შვედეთში პრობაციის პერიოდი ორ ეტაპად იყოფა. თუ პირველი ერთი წლის განმავლობაში სამართალდამრღვევი არ დაარღვევს კანონს და მისი ქცევა იქნება სანიმუშო, მასზე შეწყდება კონტროლის განხორციელება და შეიძლება დადგეს საკითხი მისი სრული გათავისუფლების შესახებ, ხოლო თუ იგი დაარღვევს წესებს, ზედამხედველობის პერიოდი გაიზრდება.
ფინეთში სპეციალისტები თვლიან, რომ საზოგადოებრივი სანქციების ფართოდ გამოყენება უფრო მეტად შეუწყობს ხელს დამნაშავის გამოსწორებას, ამიტომ, იქ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა გამოიყენება როგორც ძირითადი სასჯელი და შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად თუ თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება რვა თვეს. ფინეთში ბოლო წლებში სულ უფრო აქტიურად ხდება თავისუფლების აღკვეთის შეცვლა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. მაგალითად, მხოლოდ 2006 წელს გამოტანილი სასამართლო განაჩენების 36 პროცენტი ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრებას. ერთ-ერთი თავისებურება, რაც გათვალისწინებულია ფინეთის სისხლის სამართლის კოდექსით, არის სამართალდამრღვევის პირადი ინტერვიუ. საზოგადოებრივი შრომის დაკისრებამდე მოსამართლე პირადად გაესაუბრება განსასჯელს, რათა დარწმუნდეს, რომ იგი მზადაა შეასრულოს საზოგადოებრივი სამუშაო. საზოგადოებრივი შრომის პირობების უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაში კი პირს მიეცემა მხოლოდ ზეპირი ან წერილობითი გაფრთხილება. ხოლო, თუ ადგილი ექნება სერიოზულ დარღვევებს ან ახალ დანაშაულს, ამ დროს საქმე დაბრუნდება სასამართლოში და სასჯელი დამძიმდება.
რაც შეეხება რუსეთს. საზოგადოებრივი შრომა, როგორც დამოუკიდებელი სასჯელის ზომა, იქ 2004 წლიდან გამოიყენება. მსჯავრდებულს სავალდებულო შრომა ენიშნება იმისათვის, რომ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. სასჯელის დაკისრების დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის პირადი და სოციალური დახასიათება, პროფესიული ჩვევები, ფსიქოლოგიური ფაქტორი და სხვა. პატიმრებს ასაქმებს ადგილობრივი ხელისუფლება.