გასულ კვირას მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მეტალოპლასტმასის და ალუმინის მწარმოებელ კომპანია “ალბატროს”ში, პროფკავშირი დაფუძნდა. “ალბატროსი” ამ სფეროში მომუშავე მსხვილი კომპანიაა და საქართველოში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. კომპანიაში 250-მდე ადამიანია დასაქმებული.
ავჭალაში, კომპანიის საწარმოში ინციდენტი გასულ კვირას მოხდა. „ალბატროსის“ მუშებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირების მიზეზი – არასწორად დარიცხული ხელფასები და ბუღალტრული შეცდომა გახდა. ადმინისტრაცია თანამშრომელთა ნაწილს შეცდომით ზედმეტ თანხას ურიცხავდა და საკუთარი შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში თანამშრომლებთან შეხვედრა გადაწყდა და შეთანხმებაც მოხდა, თუმცა ხელმძღვანელის კაბინეტის დატოვების შემდეგ, სამ მუშას დაცვის რამდენიმე წარმომადგენელი დახვდა, რომლებმაც ისინი დერეფანში სცემეს. მომხდარის გამო საწარმოში თანამშრომლების დიდ ნაწილს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ვითარება გამწვავდა.
დავაში პროფკავშირების ჩართვის შემდეგ კომპანია “ალბატროსის” დამფუძნებელსა და თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებების მშვიდობიანად წარმოება და დასრულება გახდა შესაძლებელი. შეთანხმება 7 ოქტომბერს გაფორმდა. „ალბატროსი“დან დაცვის წევრები დაითხოვეს, მონიტორინგის სამსახურის უფროსს კი დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება.
დავის მოლაპარაკებებით დასრულების შემდეგ, თანამშრომლებმა პროფკავშირის შექმნა გადაწყვიტეს.
18.10.2017 – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაციის – შპს ,,კომპანია ალბატროსი”-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება გაიმართა.
დამფუძნებელი კრება საინიციატივო ჯგუფის მიერ იქნა მოწვეული და მას კომპანიის 50-მდე თანამშრომელი დაესწრო. კრებამ აირჩია ორგანიზაციის თავმჯდომარე, მოადგილე და კომიტეტის 17 წევრი.
დამფუძნებელმა კრებამ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მოადგილეს და კომიტეტს უკვე დაავალა კოლექტიური მოლაპარაკებების საკითხების მომზადება და მოლაპარაკებების დაწყება კომპანიის ადმინისტრაციასთან.