მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“აზოტის” გაშვებული თანამშრომლები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

,,რუსთავის აზოტთან“ გათავისუფლებული თანამშრომლების, პროფკავშირებისა და არასამთავრობოების აქცია გაიმართასს ,,რუსთავის აზოტთან“ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივი საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი პროტესტს ქარხნიდან გაშვებული მუშების სამსხურში აღდგენამდე არ შეწყვეტენ. აქციის მონაწილეებს  პროფკავშირებთან ერთად საწარმოს ცენტრალური შესასვლელი ორი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი და სკანდირებდნენ ,,სოლიდარობა რუსთავის აზოტელებს“. მათ დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ  შორის ,,აუდიტორია 115“-ის წევრებიც შეუერთდნენ.

საქართველოს სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, მთავარ მოთხოვნად რჩება გათავისუფლებული მუშების საწარმოში დაბრუნება, მათთვის განაცდური ხელფასის მიცემა და გაუქმებული პრემიალური სისტემის აღდგენა . ამასთან ერთად, პროფკავშირების წარმომადგენლები ,,რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობისგან მოითხოვენ, რომ შრომითი ხელშეკრულებების შინაარსი პროფკავშირებთან შეთანხმებით იქნას შემუშავებული, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის მოხდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება, მათი სამსახურში აღდგენამდე, ასევე გასაჯაროვდეს ,,რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანიის ბიზნეს მოდელი და საწარმოს მართვაში გაიზარდოს სახელმწიფოს მონაწილეობა.,,რუსთავის აზოტის“ ყოფილი თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფის, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ მოთხოვნებზე საწარმოს ხელმძღვანელობისგან პასუხს ხვალ, 12.00 სათისათვის ელოდებიან. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, პროტესტის უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

აზოტელებს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა პოლიტკური პარტიების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა ირაკლი კაკაბაძემ და პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავამ. ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.
საქართველოს პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა სს ,,რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციას რვაპუნქტიანი მოთხოვნების წერილი გადასცეს.

,,რაც ხდება არის სრული უმსგავსობა. პატიოსან, მშრომელ ადამიანებს ათავისუფლებენ და მათ ადგილას მევახშეები და ბანკირები მდიდრდებიან, ამას ბოლო უნდა მოეღოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კაკაბაძემ.

,,აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლის დავით გალაშვილის განცხადებით, ,,აზოტის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელობა საწარმოდან კიდევ 350 თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს, სამსახურში დატოვებულებთან კი გამოსაცდელი 4-თვიანი ვადით კაბალურ შრომით ხელშეკრულებებს აფორმებენ.

,,ამ ადამიანებს უსამართლოდ მოექცნენ, დამსაქმებელმა დაარღვია კანონმდებლობა.
„რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ არავინ გამოუშვიათ სამსახურიდან, თუმცა ტერიტორიაზე არ უშვებენ თანამშრომლებს, რომელთაც საშვები დაუბლოკეს. გვქონდა ინფორმაცია, რომ კიდევ 350 ადამიანის გაშვებას აპირებენ. ჩვენ შევქმენით მუშა ჯგუფი, ხვალ მოეწყობა გაფიცვა, პარასკევს კი რუსთავში მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას

მოვაწყობთ „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებთან ერთად“, – განაცხადა დავით გალაშვილმა.
რუსთავის აზოტის ახალმა მფლობელმა თავის მხრივ განცხადება გავრცელა. რომლითაც უარყო გავრცელებულ ინფორმაცია თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ. “სს “ეუ ინვესთმენთმა” რუსთავის “აზოტის ქარხნის” აქტივები შეიძინა 2016 წლის სექტემბერში. სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ქარხნის ოპერირებას აწარმოებდა ქარხნის ყოფილი მესაკუთრე, რომელმაც დეკემბრის ბოლოდან ვეღარ შეძლო ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება და 2017 წლის იანვრიდან ქარხანა გაჩერებულია. სს “ეუ ინვესთმენთი” ამჟამად აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს, რათა ქარხანა კვლავ სრული დატვირთვით ამუშავდეს. ამ მიზნით მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ქარხნის კრედიტორებთან და მომწოდებლებთან. მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა არ ფუნქციონირებს, ქარხნის თანამშრომელთა სოციალური დაცვის მიზნით „ეუ ინვესთმენთის“, როგორც ქარხნის ამჟამინდელი მესაკუთრის მიერ უზრუნველყოფილ იქნა შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება 2000-ზე მეტ თანამშრომელთან, რათა მოხდეს მათთვის სახელფასო ანაზღაურების დროული და შეუფერხებელი გადახდა. ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში, განხილული იქნება დამატებითი მუშა-მოსამსახურეების დასაქმების საკითხი და პრიორიტეტი მიენიჭება შპს „რუსთავის აზოტში“ დარჩენილ თანამშრომლებს. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დათხოვნილ იქნა 350 თანამშრომელი და კიდევ იგეგმება შემდგომი შემცირებები არ შეესაბამება სიმართლეს და ვნებს, როგორც ქარხნის დროულად ამუშავების პერსპექტივას, ისე იმ 2000-ზე მეტი ადამიანის ინტერესს, რომელთა ხელფასის გადახდაზე პასუხისმგებლობა აიღო სს “ეუ ინვესთმენთამა””,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებას “აზოტელები” ფარსს უწოდებენ. ფაქტია 350 თანამშრომელს მუშაობის უფლება ოთხი დღეა წაართვეს. ისინი ამ პერიოდის განმავლობაში შენობაში შესვლასაც კი ვერ ახერხებენ.
გამოყენებულია საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის მასალა და ტვ პირველის მასალები. აზოტი ფოტო