რუსთავის საქალაქო სასამართლოში ,,აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების სარჩელის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
მოსარჩელე მხარის, ,,აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების წარმომადგენელმა, ასევე მოპასუხე მხარემ – ,,სს აზოტის“ წარმომადგენელმა, მოსამართლის წინაშე შუამდგომლობები დააყენეს. სს ,,აზოტის“ წარმომადგენლის შუამდგომლობის დაყენებას ხმაური, ტაში და შეძახილები მოჰყვა სამსახურიდან დათხოვნილი მუშების მხრიდან, რომლებიც საქმის არსებით განხილვას, საწარმოს ყოფილი პროფკავშირების თავმჯდომარე გელა ბიჭიაშვილთან ერთად ესწრებოდნენ. სს ,,აზოტის“ დაცვის მხარე, საწარმოდან გათავისუფლებული მუშების პროცესში ჩართულობის თავიდან აცილებას ითხოვდა. მათ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს და არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით ჩანაცვლება ითხოვეს. მოპასუხე მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე, რომელსაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა წარმოადგენდა, სს ,,აზოტისგან“ მოითხოვს სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების აღდგენას, მათთვის განაცდური ხელფასის გადახდას და შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, საწარმოსთვის საჯარიმო სანქციის დაწესებას, რადგან მათი გათავისუფლება შრომის კანონის უხეში დარღვევით მოხდა. ,,მუშების გათავისუფლების არც ბრძანება არსებობს და არც საფუძველი, ჩვენ დავაყენეთ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, რომ სს ,,აზოტმა“ 350 მუშის გათავისუფლების ბრძანება და საფუძველი დოკუმენტურად წარმოადგინოს და მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა“, – განაცხადა გელა ბიჭიაშვილმა. რუსთავის საქალაქო სასამართლოში შემდეგი სხდომა 8 ივნისისთვის ჩაინიშნა. მიმდინარე წლის 26 იანვარს, ,,აზოტის“ ახალმა მეპატრონემ 350 მუშა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა. მუშების სამსახურიდან დათხოვნას პროფკავშირების, მუშებისა და არასამთავრობოების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და სახალხო მსვლელობები მოჰყვა როგორც რუსთავში, ასევე თბილისში.
სასამართლო სხომაზე 57 მოსარჩელე პირის ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის იურისტი თამარ სურმავა და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა ბიჭიაშვილი იცავდა.