მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ავტობუსის მძღოლები უსაფრთხო მუშაობის პირობებს ითხოვენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

23 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ტრანსპორტისა და გზის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით,  ყვითელი ავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ შს სამინისტროში განცხადება შეიტანეს და მოითხოვეს ავტობუსების ბოლო გაჩერებებზე პატრულირება გაძლიერდეს და დაცული იყოს მძღოლების უფლებები.

როგორც ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მძღოლების უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა მგზავრების მხრიდან და ამიტომ შს სამინისტრო ვალდებულია მათი უფლებები დაიცვას.  როგორც მძღოლები აცხადებენ, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მგზავრების მხრიდან მძღოლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ძალიან ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ, მგზავრთან შელაპარაკების შედეგად გარდაიცვალა ერთი მძღოლი. ისინი აცხადებენ, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისჯონ.

ყვითელი ავტობუსების მძღოლები თავდაპირველად ფონიჭალაში, #19 ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე შეიკრიბნენ და იქიდან მსვლელობა გამართეს შს სამინისტროსთან.  ყვითელი ავტობუსის მძღოლი 17 ივლისს მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ცვლილებით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მძღოლის სიკვდილში ბრალდებულ ადე ოზმანიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 7000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში, ბრალდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან.

საქმის მასალების მიხედვით, ადე ოზმანიანს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენისათვის, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (სსკ-ის 117-ე მუხლი, მე-2 ნაწ.). წარმოდგენილი შუამდგომლობის თანხმად, 2014 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ფონიჭალაში ადე ოზმანიანმა ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში ხელი ძლიერად დაარტყა ავტობუსის მძღოლს – ვალერი ესვანჯიას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ასფალტზე დაეცა და ადგილზევე გარდაიცვალა.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ გაითვალისწინა გარემოება, რომ ოზმანიანი გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში, ჰყავს ოჯახი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და შემოსავალი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულ ადე ოზმანიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებითაც, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამოცხადებას სასამართლოში.აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 09 სექტემბერს 12:00 საათზე.fonichala