შრომითი უფლებები და ევროპული განვითარების გზა – უკრაინის დედაქალაქ კიევში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

მთავარი განსახილველი საკითხები იყო დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებული გამოწვევები, სწრაფი ნეოლიბერალური რეფორმების მრავალმხრივი შედეგები და გავლენა დასაქმებულებზე, დერეგულირება და შრომითი უფლებების შესუსტების ნეგატიური გავლენები ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე, ანტი პროფკავშირული პროპაგანდა, კრიზისები და მათი მართვის გზები.

საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, პერიოდულობით წამოჭრილ გამოწვევებზე, პროფკავშირული მოძრაობის შესუსტების მცდელობებზე და გადარჩენისთვის ბრძოლაზე, საერთაშორისო მხარდაჭერის და პარტნიორების თანადგომის მნიშვნელობაზე.

ამას გარდა მსჯელობა შეეხო, 2012 წლის შემდეგ საქართველოს შრომითი სფეროს პროდუქტიულ რეფორმირებას პროფკავშირების ჩართულობით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის შრომით საკითხებს და 2012-2020 წლების ცვლილებების ანალიზს.  განიხილეს 2006-2012 წლების ნეოლიბერტანიანულ რეფორმებიც, რომლის თითქოსდა ეფექტურობაზეც დღეს უკრაინაში თავბრუდამხვევი კამპანია მიმდინარეობს.

,,იქნებ მე ვიტყუები, მაგრამ შეუძლებელია იტყუებოდეს ევროკავშირის, ევროსაბჭოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნები, კრიტიკის ქარ-ცეცხლი და პირდაპირი მოთხოვნა საქართველოს მაშინდელი მთავრობისადმი რათა შეეცვალათ შრომის კოდექსი, ასევე შეუძლებელია იტყუებოდეს გარდაცვლილთა და დაშავებულ დასაქმებულთა გასამმაგებული რაოდენობა ე.წ.რეფორმების დერეგულირება -უპასუხისმგებლობის პერიოდში” – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა . მან საკუთარ გამოსვლასა და დისკუსიებში მიმოიხილა საქართველოს ბოლო 30 წლის შრომითი რეფორმები და პრობლემები, სოციალური და ეკონომიკური განვითარება, ხარვეზები და მათი გავლენა ქვეყნის ჯანსაღ განვითარებაზე.

უკრაინის პროფკავშირების წარმომადგენლებმა სფეროს ქართველი ექსპერტებისგან მოისმინეს ანალიზი მძიმე მრეწველობის, მედიცინისა და განათლების სექტორებში სწრაფი ნეოლიბერალური რეფორმების ნეგატიურ შედეგებზე, შრომითი უფლებების სრულ იგნორირებაზე, დერეგულირების წლებში საწარმოო უბედური შემთხვევების საგანგაშო ზრდაზე, უფლებადარღვევების ფაქტებზე, სამართლებრივი დავების წარმოების, კრიზისების მართვის, კამპანიების დაგეგმვისა და წარმოების, ფართო მასების ინფორმირების, საზოგადოებასა და მედიასთან კომუნიკაციის გზებისა და მეთოდების შესახებ – კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე. კონფერენციის დასასრულს, საქართველოსა პროფკავშირების გაერთიანებასა და უკრაინის პროფკავშირების კონფედერაციას შორის თანამშრომლობის კომუნიკე გაფორმდა.

ფოტოები