საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მთავრობას მიმართავს

საქართველოს  პროფესიული კავშირების  გაერთიანება ეხმიანება საქართველოს მთავრობის  მიერ დადგენილ უქმე დღეებთან და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხს, რამაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, მანკიერი პრაქტიკა და დასაქმებულთა უფლებების ხელყოფა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საყოველთაო უქმე დღეების გამოცხადება  არ იყო მართებული  გადაწყვეტილება, რამდენადაც იმთავითვე ცხადი გახდა, რომ მოსახლეობისთვის  გადაუდებელი სერვისების (ჯანდაცვა, კვება და ა.შ.) უწყვეტობის  აუცილებლობიდან გამომდინარე, ბუნებრივად, შეუძლებელი იყო ყველა სფეროში შრომითი საქმიანობის შეჩერება.

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, აღნიშნული დადგენილების მოქმედებისგან  გამონაკლისების დაწესების საკითხი, რაც განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (№01-137/ნ – №1-1/586 – 2-1274) 2020 წლის 31 დეკემბერს.

სამწუხაროდ, აღნიშნულ პროცესში არ იყო ჩართული  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და შედეგად მივიღეთ  ნუსხა, რომელიც კვლავ იძლევა დამსაქმებლების მიერ  სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციების საშუალებას და  შესაბამისად, არღვევს დასაქმებულთა შრომით უფლებებს.  განსაკუთრებით ეს ეხება ჩანაწერს უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოების ანუ  იმ საწარმოების შესახებ, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია  საქმიანობის შეჩერება.

შექმნილი მდგომარეობის  გამო მიგვაჩნია, რომ გარდა იმ გამონაკლისი სექტორებისა, რომელზეც არ ვრცელდება ,,უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №698 დადგენილება, შრომითი საქმიანობა უნდა განხორციელდეს შრომის მარეგულირებელი სტანდარტებით, რაც გულისხმობს  დასაქმებულის თანხმობით ზეგანაკვეთურ შრომას გაზრდილი ტარიფით.

აღნიშნული გამომდინარეობს ამავე შრომის კოდექსის დებულებიდან, რომლის  მიხედვითაც უქმე დღეებში მუშაობა ითვლება ზეგანაკვეთურ შრომად.  შესაბამისად, ცხადია  კანონმდებლის მიზანია, რომ  დასაქმებულის მიერ უქმე  დღეების განმავლობაში მუშაობა დააკომპენსიროს ზეგანაკვეთური ანაზღაურებით. ვთვლით, რომ  ანალოგიური სტანდარტი უნდა გავრცელდეს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის  ამ კანონით გათვალისწინებულ იმ  უქმე დღეებზეც, რომელსაც ადგენს  საქართველოს მთავრობა. მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი, ისედაც არათანაბარ და მოწყვლად  მდგომარეობაში ამყოფებს დასაქმებულს, რამდენადაც ის დამსაქმებელს უფლებას აძლევს  მოთხოვოს დასაქმებულს, რომ მან სამუშაო მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღის ნაცვლად, მის მომდევნო  დასვენების დღეს შეასრულოს.  ესეც იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით, დასაქმებულს ისედაც კვირაში მხოლოდ 1  დასვენების  დღე აქვს.

რაც შეეხება უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის საწარმოებს, ანალოგიურად მიგვაჩნია, აუცილებელია მისი განმარტება, რაც გულისხმობს, რომ ასეთი ტიპის საწარმოს უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანი უნდა იყოს  ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

მას შემდეგ,  რაც ასეთი  მნიშვნელობის საწარმოს იდენტიფიცირება მოხდება,  აუცილებელია დასაქმებულთა მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, რა დროსაც ცალკეულად უნდა შეფასდეს,  ამ კონკრეტულ პოზიციაზე მომუშავე დასაქმებულის საქმიანობა, რამდენადაა უშუალოდ დაკავშირებული პროცესის უწყვეტობასთან და არ უნდა გავრცელდეს იგიუპირობოდ,  საწარმოს  ყველა დასაქმებულზე.

ამასთან, მივმართავთ საქართველოს მთავრობას და შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელ  უწყებას –  საქართველოს  შრომის ინსპექციას:

– სისტემატური ზედამხედველობა გაუწიოს ზემოაღნიშნული კანონმდებლობის სწორ შესრულებას პრაქტიკაში და ამისთვის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი.

საქართველოს  პროფესიული კავშირების გაერთიანება გამოთქვამს აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას.

საქართველოს პროფესიული კავშირების  გაერთიანება ასევე  მზადაა  ყველა დასაქმებულს, ვისაც ზემოაღნიშნულ  საკითხებთან დაკავშირებით შეექმნება პრობლემები, აღმოუჩინოს შესაბამისი სამართლებრივი დახმარება.