საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია ირაკლი პეტრიაშვილის მეთაურობით მსოფლიო პროფკავშირების კონგრესში მონაწილეობს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დელეგაცია მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) მეხუთე კონგრესში ,,ახალი სოციალური კონტრაქტი ყველასთვის“ იღებს მონაწილეობას.

20 ნოემბერს კონგრესი 4 წლის ვადით ახალ გენერალურ მდივანს აირჩევს. პროფკავშირების გაერთიანება მხარს ევროპის პროფკავშირების (ETUC) გენერალურ მდივანს ლუკა ვინსენტინის უჭერს და იმედოვნებს, რომ კონკურენტთან ბრძოლაში სწორედ ვისენტინი გაიმარჯვებს. კონგრესი ასევე აირჩევს: პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალური მდივნის მოადგილეებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი მოხსენებით წარსდგა კონგრესის წინაშე, სადაც ITUC-ის გენერალურ მდივანს, შარან ბაროუს გაწეული ნაყოფიერი და დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მან ყურადღება გაამახვილა მშრომელთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სოციალური კონტრაქტის მნიშვნელობაზე მშრომელთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ასევე, ისაუბრა პროფკავშირებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე.

ირაკლი პეტრიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბელარუსის დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის ალექსანდერ იაროშუკის და მისი თანამებრძოლების უკანონო პატიმრობას დიქტატორ ლუკაშენკოს რეჟიმის პირობებში და კიდევ ერთხელ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას, მსოფლიოს ყველა კუთხიდან აქტიურად ჩაერთონ მათი ტყვეობიდან დახსნისთვის საერთო, სოლიდარილ ბრძოლაში სლოგანით – ,,ალექსანდერ იაროშუკ ლიბრე“.

კონგრესი ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში მიმდინარეობს და 22 ნოემბერს დასრულდება.