|
|
|
01.05.11 მშრომელთა საერთაშორისო დღეს – 1 მაისს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ წელს განსხვავებულად აღნიშნა. პროფკავშირელები შეიკრიბნენ თბილისის ზღვაზე, ძველი მლაშე ტბების მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც 110 წლის წინათ, დღევანდელი პროფკავშირების წინამორბედებმა ერთ–ერთი პირველი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. „თავისუფლება – გაფიცვის!“, „თავისუფლება – მუშათა კავშირებისა და სალაროების!“ (პროფკავშირების), „თავისუფლება – კრების!“ (შეკრებების), „თავისუფლება – სიტყვის და ბეჭდვის!“, „მეტი ხელფასი!“, „8-საათიანი სამუშაო დღე!“, „ადამიანური სამუშაო პირობები!“ – ასეთი იყო მშრომელების მიერ საუკუნის დასაწყისში, 1901 წელს გამოტანილი მოთხოვნები. „ღირსეული შრომის კოდექსი!“, „რეალური სამუშაო ადგილები!“, „პროფესიული კავშირების საქმიანობაში ჩაურევლობა!“, „პენსიის გაზრდა!“, „ღირსეული ანაზღაურება!“, „8-საათიანი სამუშაო დღე!“, „შრომის ღირსეული პირობები!“, „რეალური გადასახადები თვითდასაქმებულებისთვის!“, „სრულფასოვანი სამედიცინო დაზღვევა!“, „დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაზრდა!“, „სწავლის ღირებულების ზრდის შეჩერება!“ – ეს ის მოთხოვნებია, რომელიც, ბევრ სხვა მოთხოვნასთან ერთად, დასაქმებულებმა 2011 წელს გამოიტანეს. „ამ ადგილზე პირველმაისობის აღნიშვნის გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა, – „პრობლემები, რომლის გადაწყვეტასაც ჩვენი თანამემამულეები საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ითხოვდნენ, ფაქტობრივად, არ განსხვავდება დღეს არსებული პრობლემებისგან. სამწუხაროდ, ჩვენ ახლაც გვიხდება იმ მოთხოვნების დაყენება, რომელსაც მაშინდელი პროფკავშირები აყენებდნენ. სწორედ ამას გაუსვამს ხაზს პროფკავშირები წლევანდელი პირველმაისობის ადგილის შერჩევით.“ საპირველმაისო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყველა დარგში დასაქმებულებმა. აქციის მონაწილეებმა მიღეს სპეციალური მიმართვა საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და საზოგადოებისადმი. წლევანდელი ღონისძიება პროფკავშირული მოძრაობის ისტორიული ტრადიციებისა და თანამედროვეობის ერთობლიობას წარმოადგენდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ პროფკავშირები და პირველმაისობა კომუნისტური გადმონაშთი კი არა, თანამედროვე, დასაქმებულთა უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების სოლიდარობის გამომხატველია. პროფკავშირების მიმართვა მთავრობას, პარლამენტსა და საზოგადოებას
|












