|
|
|
18.05.11 საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა, დღეს, 11 საათზე, გამართა პრეს–კონფერენცია, რომლის თემასაც წარმოადგენდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორის, ლაშა გოცირიძის მიერ პროფკავშირული საქმიანობისთვის ხელისშემშლელი ღონისძიებების გატარება. ლაშა გოცირიძე საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2011 წლის 26 იანვარს დაინიშნა. მან, 2011 წლის პირველ თებერვლიდან, 1121 პროფკავშირის წევრების ნების გარეშე, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სიტყვიერად, შეწყვიტა პროფკავშირის საწევრო ანარცხების დაკავება. ერთპიროვნულად, მიზანმიმართულად გატარებულმა ამ ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობას. საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დარგის პროფესიული კავშირის ერთ–ერთი ძლიერი ორგანიზაციაა. იგი აერთიანებს ინსტიტუტში დასაქმებლთა 86%–ს. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის #185, 27 ივლისის #210, 3 აგვისტოს #220 დადგენილებების საფუძველზე გატარებული რეორგანიზაციის შედეგად, აგრარულ უნივერსტიტეტთან შეერთებულია სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციებიც. საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2011 წლის 21 მარტის #136 დადგენილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი რეორგანიზებული იქნა არასამეწრამეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტად, რომლის რექტორად უკვე დაინიშნა ლაშა გოცირიძე. საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობამ, ჯერ კიდევ რექტორის მოვალეობის შესრულების პერიოდში, რამდენჯერმე, წერილობით, ადგილზე მისვლით სთხოვა ლაშა გოცირიძეს შეხვედრა. ყველა ასეთი მცდელობა უპასუხოდ დასრულდა. ამგვარი ხელმძღვანელის ქმედებები, ზიანს აყენებს პროფესიულ კავშირებს – ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის, ყველაზე დემოკრატიულ ინსტიტუტს, რომლის საქმიანობის ხელშეწყობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებითა და მოთხოვნებით, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით, „ევროპის სოციალური ქარტიით“.
|












