მორიგებით დასრულებული შრომითი დავა

სასამართლომ შპს „საქართველოს ფოსტა“ დაავალდებულა აკაკი გიგაურს 10 სამუშაო დღის ვადაში, 18 750,00 ლარი გადაუხადოს და სიცოცხლის ბოლომდე სარჩო, თვეში 375,00 ლარის ოდენობით აუნაზღაუროს.

2015 წლის დასაწყისში წარდგენილ სარჩელზე წარმოება, 2018 წლის 08 მაისს გიგაურსა და შპს „საქართველოს ფოსტას“ შორის მორიგების გაფორმებით დასრულდა.

აკაკი გიგაური საქართველოს ფოსტაში 1983 წლიდან მუშაობდა. 1994 წელს მომხდარი საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად მან დაკარგა შრომისუნარიანობა. შპს „საქართველოს ფოსტამ“ 2014 წლის თებერვლიდან, ახსნა განმარტების გარეშე შეუწყვიტა სარჩოს გადახდა, რომლის ოდენობაც თავად კომპანიის მიერ განსაზღვრულ იყო 105,00 ლარის ოდენობით.

2015 წელს აკაკი გიგაურმა საქართველოს პროფკავშირების დახმარებით სასამართლოს მიმართა სარჩოს დაკისრების მოთხოვნით 2014 წლის თებერვლიდან. პროფკავშირების მიერ წარმოებული დავა გიგაურის სასარგებლოდ დასრულდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდული სამსახური გიგაურის ინტერესებს ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით იცავდა.