განცხადება ჭიათურაში გაფიცვის შესახებ

18.10.12 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი სოლიდარობას უცხადებს ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის გაფიცულ მაღაროელებს.

2010 წლიდან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ცდილობდა ჭიათურის სამთოგამამდიდრებელ კომბინატში სამართლიანობის აღდგენას, ხელფასების ზრდას, შრომის უსაფრთხო პირობების შექმნას, რისთვისაც ტარდებოდა შეხვედრები დასაქმებულებთან და ცდილობდა ადგილზე ჭეშმარიტად თავისუფალი პროფკავშირული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. თუმცა ნაწილი პროფკავშირის აქტივისტებისა სამსახურიდან დაითხოვეს, ზოგის მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ანგარიშსწორებაც. ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის გენერალური მენეჯერი აკაკი გურჯიძე პირადად აშინებდა იმ ხალხს, რომლებიც დამოუკიდებელ პროფკავშირში წევრიანდებოდა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მუშების სამართლიანი მოთხოვნები განხილვის საგანი არ გამხდარიყო. საწარმოში დღემდე არსებობს აკაკი გურჯიძის მიერ შექმნილი . . “ყვითელიპროფკავშირისამთოელი”, რომლის საშუალებითაც მაღაროელებს წლების განმავლობაში ატყუებდნენ და აკონტროლებდნენ.

მიუხედავად ამისა, 2010 წლის აპრილმაისში ზესტაფონის ფერო შენადნობთა ქარხანაში 3 დღიანი გაფიცვის შედეგად მოვახერხეთ ჭიათურელი მაღარუელებისა და ზესტაფონელი მეტალურგებისთვის ხელფასების 15%-იანი მატება

შექმნილი მდოგმარეობიდან გამომდინარე საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენლობა, მისი იურისტები და ეკონომისტები, მზად არიან ადმინისტრაციასთან ერთად გაანალიზონ კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები და მაღაროელების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს სამართლიანად და ღირსეულად, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საწარმოს სტაბილური ფუნქციონირების აღდგენას, მის განვითარებას და იქ დასაქმებულთათვის ღირსეული შრომის პირობების შექმნას.

იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული პროცესები დაიწყოს წარმატებულად და წარიმართოს საქმიან და კონსტრუქციულ გარემოში, აუცილებელია ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის გენერალური მენეჯერის აკაკი გურჯიძისა და მისი გარემოცვის დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ ჩამოშორება და ისეთი ახალი ადმინისტრაციის დანიშვნა, რომელიც სარგებლობს ჭიათურელების ნდობით.

მიგვაჩნდა და კვლავაც ვთვლით, რომ ბიზნესსა და დასაქმებულთა ორგანიზაციას შორის სოციალური დიალოგი არის საუკეთესო გზა კოლექტიური შრომითი დავების გადაჭრისათვის და მოვუწოდებთ ყველა ბიზნესმენს, ქვეყნაში უზრუნველყონ სოციალური დიალოგი, რაც იქნება გარანტია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და დასაქმებულთა ოჯახების კეთილდღეობისთვის.