ჭიათურა, ტყიბული და ზესტაფონი, პრობლემები ყველაზე სახიფათო სფეროში – რეაგირებას საჭიროებს!

cms-image-000026351ჭიათურის „ბაზალტები“-ს უბნის საერთო საცხოვერებელში არსებული მდგომარეობა, “ჯორჯიან მანგანეზში” შემუშავებული ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების სისტემის პროცედურებში არსებული ხარვეზები და სოციალური პროგემები ზესტაფონის ფეროში და ტყიბულში.

რა ხდება დარგში რომელიც უბედური შემთხვევების რაოდენობით მოწინავე ადგილზე რჩება? რას ელოდებიან მეტალურგები და სამთო და ქიმიურ მრეველობაში დასაქმებულები შრომის ინსპექციისგან და  რა ნაბიჯებია გადასადგმელი მძიმე მრეწველობაში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად. დავით არაბიძე საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმდჯომარეს თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრა და ინტერვიუ სპეციალურად პროფკავშირული გამოცემისთვის მოამზადა.

მეტალურგთა პროფკავშირს იმერეთის რეგიონში მოქმედ პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებთან – ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში, ძლაიან მჭიდრო კომუნიცია და პარტნიორული ურთიერთობა აქვს და გასულ კვირას პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების კომიტეტების სამუშაო სხდომებს ესწრებოდა, სადაც ყველა პრობლემატური საკითხი დეტლაურად გაინიხილეს.

ბატონო თამაზ, თქვენ იმყოფებოდით ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში, სადაც გაიმართა თქვენი პროფკავშირის ადგილობრივი პირველადი პროფორგანიზაციები კომიტეტების სამუშაო სხდომები. როგორი იყო სამუშაო ატმოსფერო? რომელი საკითხები იყო პრიორიტეტული კომიტეტებისთვის?პირველი სამუშაო სხდომა ჭიათურაში გამართეთ?

 

თამაზ დოლაბერიძე:

იმერეთის რეგიონში ჩვენ აქტიური და შემტევი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები გვყავს. დიახ, პირველი სამუშაო სხდომა 14 ივლისს გავმართეთ ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატში მოქმედ ჩვენი პროფკავშირის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტში. სხდომას ვესწრებოდით მე და ჩვენი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ გვენეტაძე. კომიტეტმა განიხილა ჭიათურის „ბაზალტები“-ს უბნის საერთო საცხოვერებელში არსებული მდგომარეობა. საერთო საცხოვრებლის საკითხი სოციალურ ქსელებში ფრიად ნეგატიურ ასპექტში გაშუქდა. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დეტალურად შეისწავლოს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალა, ვითარება საერთო საცხოვრებელში, გამოაქვეყნოს ანგარიში და დასვას რეალური პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის საკითხი შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციის წინაშე.

კომიტეტმა სხდომაზე ასევე განიხილა ამ კომპანიის მიერ შემუშავებული ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების სისტემის პროცედურებში არსებული ხარვეზები, კომიტეტმა გადაწყვიტა შეიმუშაოს ამ ხარვეზების აღმოფხვრისკენ მიმართული მოქმედების სტრატეგიული გეგმა, რათა დაცულ იქნეს დასაქმებულთა კანონიერი მატერიალური ინტერესები. კომტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მაღაროელთათვის გამართოს სოციალურ-შრომითი და ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებული სემინარები და სწავლებების ინტენსიური კურსი, რათა დასაქმებულებს დამოუკიდებლად შეეძლოთ ამ უფლებების დასაცავი მოქმედებების განხორციელება სამუშაო ადგილებზე.

 

ტყიბული არც თუ დიდი ხნის წინ მძაფრი სოციალური პროტესტის კერა იყო. თქვენი პროფკავშირის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის სხდომაზე რა ამოცანებზე გამახვილდა ყურადღება?

 

თამაზ დოლაბერიძე;

სოციალური პროტესტის საფუძველი ყოველთვის არის სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის არ არსებობა. ტყიბულში ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ ჩვენი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტები თეიმურაზ გვენეტაძე და კახა მაჩიტიძე. მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ოფისში უპირველეს ამოცანად დაისვა დამსაქმებელთან კოლექტიური მოლაპარაკების ორგანიზება. ამის თაობაზე პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას ადმინისტრაციის მიმართ განაცხადი უკვე აქვს გაკეთებული და დროა მათგან წერილობითი პასუხი იქნეს მიღებული.

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება შახტებში შეიქმნას შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების კონტროლოს პროფკავშირული ჯგუფი, რომელიც უწყვეტად, ყოველ დღე იმუშავებს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, განახორციელებს 24 საათიან მონიტორინგს.

კომიტეტმა ასევე დაგეგმა ორი სემინარი დასაქმებული ქალებისთვის სოციალურ-შრომითი უფლებებისა და შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე.

 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში შრომითი ურთიერთობის საკითხები მნიშვნელოვანი პრობლემაა, განსაკუთრებით კი კოლექტიური ხელშეკრულება.რაზე იმსჯელეს ამ ქარხანაში მოქმედმა პროფკავშირელებმა?

 

თამაზ დოლაბერიძე: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ჩვენი პროფკავშირის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ოფისია, სადაც ვიმყოფებოდი ჩვენი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტებთან თეიმურაზ გვენეტაძესა და კახა მაჩიტიძესთან ერთად. კომიტეტის წევრებს ჩვენ გავაცანით კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი, რომლის 99% უკვე შეთანხმებულია ადმინისტრაციასთან. ამ პროექტის მიხედვით დასაქმებულები მიიღებენ სათანადო სოციალურ შეღავათებსა და სამართლებერივ გარანტიებს. შესათანხმებელია მხოლოდ 2-3 საკითხი და ხელშეკრულება მზად იქნება ხელმოსაწერად. კომიტეტმა დეტალურად განიხილა ამ პროექტის ყველა პუნქტი და დადებითად შეაფასა იგი. კომიტეტმა გადაწყვიტა დაიწყოს კოლექტიური ხელშეკრულების ხელმოწერისთვის საჭირო პროცედურები.

ზესტაფონელმა პროფკავშირელებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება დაიგეგმოს სოციალურ-შრომით და სამართლებრივ საკითხებზე ქარხნის მუშათათვის სწავლების ინტენსიური პროგრამების განხორციელება.

 

რომელი საწარმოების პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში იგეგმება კომიტეტების სხდომების გამართვა და რა საკითხები იქნება განხილული?

 

თამაზ დოლაბერიძე:

ბოლო რამდენიმე წელია დარგობრივი პროფკავშირის პრიორიტეტულ მიმართულებას დასაქმებულთა გადამზადება წარმოადგენს. საქართველოს პროფესიული კავშირების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, პარტნიორი ფონდებისა და ჩვენი საერთაშორისო ,,ქოლგა“ ორგანიზაციების დახმარებით ვანხორციელებთ არაერთ სასწავლო პროგრამას პროფკავშირული საკითხების, შრომის კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების, კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების უკეთ შესწავლის მიზნით. ვთვლით, რომ დასაქმებულთა წარმატების მთავარი გასაღები მუდმივ თეორიულ და პრაქტიკულ განვითარებაშია, შესაბამისად ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით პროფკავშირული ორგანიზაციები და მათი ლიდერები გაცილებით ორგანიზებულები, მობილიზებულები და კომპეტენტურები გახდნენ. სწორედ ამ თემებზე გვექნება საუბარი უახლოეს დღეებში რუსთავის აზოტის, ქსნის მინის მწარმოებელი ქარხნისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების კომიტეტებთან.

 

გმადლობთ ინტერვიუსთვის.

 

ინტერვიუ მოამზადა დავით არაბიძემ.