შრომა სადღესასწაულო დღეებში

სტატიის ავტორი:  დავით არაბიძე

საზეიმო დღეებში, კულტურული მოთხოვნილებებისა და მატერიალური შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ადამიანი ცდილობს ფეხი აუწყოს საზოგადოების ხალისსა და ზეიმს. ამ დღეებში არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც არ ისვენებს და ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად. ასე იყო ყოველთვის და ასე არის დღესაც.

საქართველო სახელმწიფოა და მას საზღვრები გააჩნია, რომელსაც უწყვეტი დაცვა ესაჭიროება და ეს შრომაა, სადღეღამისო შრომა. ამ შრომას ეწევა სასაზღვრო პოლიცია და საბაჟო სამსახური. სხვადასხვა ეკონომიკურ, სატრანსპორტო, საჯარო თუ საზოგადოებრივ ობიექტებსაც ესაჭიროებათ დაცვა, რასაც ანხორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დაცვის პოლიცია და დაცვის კომერციული სამსახურები. ეს მათი შრომა უზრუნველყოფს საზოგადოებას, ადამიანებს უსაფრთხოებით საზეიმო დღეებში, მათი შრომა მნიშვნელოვანია ყველა სასიცოცხლო ობიექტის გამართული მუშაობის დასაცავად. საზოგადოებრივ წესრიგს იცავს პოლიცია, რათა მცირე ინციდენტმაც კი არ შეუქმნას საფრთხე საჯარო სივრცეში თავმოყრილ ადამანთა ზეიმს, საზოგადოებრივი მართლწესრიგი ხომ ასეთ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ცხოვრება უწყვეტი მოძრაობაა. დღესასწაულის დღეებში დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლა ყველას სურს და აქ შეუცვლელია გემი, თვითმფრინავი, ვერტმფრენი, რკინიგზა, მეტროპოლიტენი, ავტობუსი, მიკროავტობუსი, ტაქსი და რაც მთავარია საგზაო-სატრანსპორტო გამწმენდი მანქანები. ამ ტექნიკურ საშუალებებს ხომ ადამიანები ამუშავებენ და მაშინ როცა ბევრი საზეიმო სუფრასთან აღნიშნავს ახალი წლის შემობრძანებას, ეს ადამიანები შრომობენ.

წარმოების სფეროში, განსაკუთრებით მეტალურგიაში, სამთამადნო ობიექტებსა და კავშირგაბმულობაში ძალიან ხშირია უწყვეტი ციკლები, რომელთა უდროო შეწყვეტას დიდი მატერიალური ზარალი მოაქვს. ამ ციკლების უწყვეტობა კონკრეტულ მშრომელების პასუხისმგებლობაა.

ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება, ტელე და რადიო მაუწყებლობა ასევე აუცილებელია ყველასათვის და ეს ხომ ადამიანთა დიდ და უწყვეტ შრომას მოითხოვს.

სადღეღამის სუპერმარკეტები, ბენზინ და გაზგასამართი სადგურები – უწყვეტად შრომობენ ამ ობიექტებზე ადამიანები.

ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის სადარჯოზე დგას სასწრაფო-სამედიცინო სამსახური. ასევე ფხიზლად არიან მეხანძრე-მაშველებიც, რომ ზეიმი დრამატულად მის საპირისპირო მოვლენად არ იქცეს. აქვე უნდა აღინიშნოს დასუფთავების სამსახურიც, რომელიც ასევე დიდ შრომას ეწევა საზოგადოების საზეიმო დღეებში.

ზეიმი ყველგან და განსაკუთრებით საქართველოში საზეიმო სუფრის გარეშე ხომ წარმოუდგენელია. ფინანსური რესურსის უკიდურესი დაძაბვის ხარჯზეც კი ყველა ოჯახი ცდილობს ხვავიანი სუფრით აღნიშნოს ახალი წლის დადგომა. ამ სუფრას კი გამრჯე დიასახლისების ხელი სჭირდება, მათი ოსტატობა და შრომა მოკრძალებული ბიუჯეტითაც კი სასწაულს ახდენს.

დღესასწაულის დღეები და შრომა განუყრელია, მათი ერთობა ქმნის როგორც საზოგადოების, ასევე თითოეული ადამიანის შინაარსიან, ხალისიან და მომავლის იმედით აღსავსე ცხოვრებას. სხვადასხვა პროფესიის დაუღალავი მშრომელები საერთო ძალისხმევით ქმნიდნენ, ქმნიან და მომავალშიც შექმნიან სათანადო საფუძველს გულწრფელი ზეიმისათვის სადღესასწაულო დღეებში.

P.S.

3434514download-1

საქართველოს შრომის კოდექსი

     მუხლი 20. უქმე დღეები

1. უქმე დღეებია:

ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;

ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;

გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

დ) 3 მარტი – დედის დღე;

ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

ი) 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.

2. დასაქმებული უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.