საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს საავადმყოფო ფურცელს სრული ხელფასიდან აუნაზღაურებენ

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მასწავლებლის საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსპედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების განცხადება:
”საჯარო სკოლის მასწავლებელთა სასარგებლოდ გადაწყდა კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი, რაც უკავშირდება პედაგოგთა დროებითი შრომისუუნარობის სრული ხელფასიდან ანაზღაურების საკითხს.
პედაგოგთა ბიულეტენი არ ანაზღაურდებოდა სრული ხელფასიდან (დანამატების ჩათვლით) და პრობლემა დაიწყო 2010 წლიდან, მაშინ როდესაც განისაზღვრა სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი (75, 125-ლარიანი დანამატი და 1000 ლარამდე ხელფასის შევსება). იმ პერიოდში პრობლემას მეტად ამძიმებდა ის გარემოება, რომ ცვლილებები არ განხორციელდა ნორმატიულ აქტებში, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება დრობითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი, ასევე, არ იყო განმარტებული საჯარო სკოლის პედაგოგის სრული ანაზღაურების ცნება, მოიცავდა თუ არა იგი დანამატებს (სადამრიგებლო, კლასკომპლექტის, სერტიფიცირების და ა.შ.). 2013 წლის ოქტომბრიდან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლის მასწავლებლის სრული ხელფასის ოდენობის განმარტების შემდეგ, დავიწყეთ აქტიური მუშაობა სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებში სათანადო ცვლილებების შესატანად. ცნობისათვის, პედაგოგის საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურების ბაზას წარმოადგენს პედაგოგთა ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებში განსაზღვრული შრომის ანაზღაურება. მასწავლებელთა შრომით ხელშეკრულებებში, შრომის ანაზღაურებად განსაზღვრული იყო მხოლოდ თანამდებობრივი სარგო, დანამატების გარეშე, თუმცა დანამატები ასევე ხელფასის ნაწილია. 60000-ზე მეტი პედაგოგის შრომითი ხელშეკრულებების ცვლილებებიდან გამომდინარე და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ბარიერების შექმნის გამო პროცესი დროში გაიწელა. საჯარო სკოლების დირექტორები მიზეზად ასახელებდენენ დამატებითი დაფინანსების აუცილებლობას და ,,დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 87/ნ ბრძანებაში არსებულ ბუნდოვან ნორმას, რაც ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდიოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 126/ნ ბრძანების მოთხოვნებთან.

საჯარო სკოლების დირექტორთა დიდმა ნაწილმა საკითხი გადაწყვიტა პედაგოგთა სასარგებლოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 126/ნ ბრძანების მოთხოვნების სრული დაცვით. საჯარო სკოლებში დამკვიდრდა ორმაგი სტანდარტი: ის პედაგოგები, რომელთა შრომით ხელშეკრულებაში შევიდა სრული ანაზღაურება, დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურებას იღებდნენ სრული ხელფასიდან (დანამატების ჩათვლით), ხოლო დანარჩენი მასწავლებლები მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად.

მადლიერებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიმართვის საფუძველზე, ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით სათანადო ცვლილებები განხორციელდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 87/ნ ბრძანებაში, საჯარო სკოლის მასწავლებლებისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო სრული ხელფასიდან დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესთან დაკავშირებით, რაც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა საჯარო სკოლის დირექტორისათვის.

და, კიდევ ერთის შესახებ, წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ ზემოაღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიხდა მიზნის მისაღწევად და ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პედაგოგთა ამ პრობლემით დაინტერესდა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელთა მმართველობის პროცესში წარმოიშვა ბიულეტინის სრული ხელფასიდან ანაზღაურების პრობლემა და მკვეთრად გაუარესდა პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობები და სამართლებრივი გარემო”, – აღნიშნულია პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.