საშუალო ხელფასი სახელმწიფო მოხელეთა ხარჯზე იზრდება

”ფაქტობრივად, ეს არის ხელფასის გადანაწილების ფორმა და ამაში განსაკუთრებით სცოდავს საჯარო სექტორი”

საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ანაზღაურებამ 8,5%-ით მოიმატა, 2012 წელთან შედარებით კი თითქმის 17%-ით. ”საქსტატის” მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 950,1 ლარი შეადგინა

დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ფორმირებაზე, როგორც წესი, გავლენას ახდენს ტოპ-მენეჯერების და სახელმწიფო სექტორში დასაქმებული დიდი თანამდებობის პირთა ანაზღაურება. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობისთვის 950-ლარიანი ხელფასი სანატრელია. დაუბეგრავი მინიმუმის რეჟიმში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობამაც აჩვენა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა ნახევარზე მეტს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს. ფაქტობრივად, ეს ადამიანები სიღარიბის ზღვართან ახლოს არიან. საშულაო ხელფასი შემდეგნაირად ითვლება: სახელფასო ფონდი დასაქმებულთა რაოდენობაზე იყოფა და ამ უხეში გათვლით დგება საშუალო ხელფასი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში, 2013 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8,5%-ით გაიზარდა. თუ 2013-ის მეოთხე კვარტალში საშუალო ხელფასი იყო 875,5 ლარი, 2014 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ხელფასის მოცულობამ 950 ლარი შეადგინა.

”საქსტატის” ინფორმაციით, ანაზღაურება, პრაქტიკულად, ყველა სექტორში გაიზარდა, გარდა სოფლის მეურნეობისა და თევზჭერისა. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს ხელფასი 3,6%-ით, 550,5 ლარამდე შეუმცირდათ, თევზჭერაში დასაქმებულების ანაზღაურებამ კი 30%-ით იკლო – 478,9 ლარამდე.

რაც შეეხება სხვა სექტორებს, ”საქსტატის” მონაცემებით, საშუალო ხელფასი თითქმის ყველგან გაიზარდა. კერძოდ, თუ 2014 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სახელმწიფო მმართველობაში ანაზღაურებამ 14,2%-ით იმატა. თუ 2013-ში სახელმწიფო მოხელეები ერთ თვეში, საშუალოდ, 1191,1 ლარს იღებდნენ, შარშან მათი ხელფასი 1361 ლარი იყო. ერთ წელში 14,8%-ით გაიზარდა მშენებლობაზე დასაქმებულების საშუალო ხელფასი. 2013 წლის მეოთხე კვარტალში ამ დარგში დასაქმებულები საშუალოდ 1168,9 ლარს იღებდნენ, 2014-ის მეოთხე კვარტალში კი – 1341,3 ლარს.

ერთ წელიწადში 10,5%-ით გაეზარდა საშუალო თვიური ხელფასი სამთომოპოვებით მრეწველობაში დასაქმებულებს. თუ 2013-ის მეოთხე კვარტალში ამ სექტორში მომუშავეები თვეში, საშუალოდ, 1006 ლარს იღებდნენ, 2014-ის მეოთხე კვარტალში მათი ანაზღაურება 1112,8 ლარამდე გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალო ანაზღაურება ყველაზე უმნიშვნელოდ საფინანსო სექტორში გაიზარდა. 2014 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ამ სექტორში მომუშავეთა საშუალო ხელფასი 1447 ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მხოლოდ 1,9%-ით აღემატება.

ახლაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სექტორში დასაქმებულებს აქვთ. მართალია, მათი ანაზღაურება 6,7%-ით გაიზარდა, თუმცა სხვა დარგებთან შედარებით, განათლებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა. 2014 წლის მეოთხე კვარტალში განათლებაში მომუშავეთა საშუალო ხელფასი სულ რაღაც 507,4 ლარს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 475,5 ლარი იყო.sajaro

წყარო: http://www.bpn.ge/finansebi/10303-sashualo-khelfasi-sakhelmtsifo-mokheletha-kharjze-izrdeba.html?lang=ka-GE