საქართველოს შრომის კოდექსი ქმედითი ცვლილებების მოლოდინში

საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 25 მაისს მიღებული საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“ საქართველოს მშრომელთა დისკრიმინაციას ემსახურებოდა, მას ქვეყნის შიგნით პროფკავშირები, საზოგადოებრივი გაერთიანებები რეგრესულ აქტად მიიჩნევდნენ, მას საზღვარგარეთაც ბევრი ორგანიზაცია, როგორც პროფკავშირული ასევე უფლებადაცვითი გაერთიანება მკაცრად  აკრიტიკებდნენ. 2013 წელს მაისში საქართველოს მთავრობის წარდგენის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „შრომის კოდექსში“. გასულმა ორმა წელმა კარგად გამოაჩინა ამ შესწორებების სრულიად შეზღუდული ხასიათი. საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“ დღეს საფუძვლიან გარდაქმნას საჭიროებს.

საქართველოს „შრომის კოდექსი“-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის სამუშაო დროის ხანგრძლივობის საკითხი. თითქოს კოდექსი აცხადებს რომ სამუშაო დრო კვირაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს, მაგრამ იქვე დატოვებულია ფრიად სახიფათო ღარი, რომელიც სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის სამუშაო

დროდ  კვირაში 48 საათს ადგენს. ასეთი ნორმის შემოღებამ მთელ რიგი დამსაქმებლებს საშუალება მისცა ბევრი დასაქმებულისთვის დღესაც საბრძოლველი გაეხდა ის 8 საათიანი სამუშაო დღე, რომლისთვისაც მე-19 საუკუნეში სისხლს ღვრიდნენ ჩიკაგოელი მუშები. დღეს უკვე 21-ე საუკუნეში დროა ქვეყნის „შრომის კოდექსში“ ერთმნიშვნელოვნად დადგინდეს, რომ სამუშაო კვირის ხანგრძლივობა საქართველოში არ უნდა აღემატება 40 საათს.

საქართველოს „შრომის კოდექსი“-ს ნაკლია ნორმა, რომლის მიხედვით ღამით მუშაობად განიხილება დროის მონაკვეთი 22 საათიდან 6 საათამდე, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ზუსტი იქნებოდა იგი განსაზღვრულიყო 20 საათიდან 8 საათამდე.

„შრომის კოდექს“-ში ზუსტად უნდა განიმარტოს თავად შრომისა და დასვენების დრო, რათა მოხდეს მათი ზუსტი გამიჯვნა.

„ შრომის კოდექი“ არა მართებულად ადგენს რომ მხოლოდ ერთ წლამდე ბავშვია ძუძუმწოვარა, მაშინ როცა აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში ბავშვები მას  2,5 წელს აგრძელებენ. ეს ნორმა აუცილებლად შესაცვლელია, რადგან ქვეყანაში შექმნილი დაღმავალი შობადობა შეწყდეს და ადამიანები შიშით არ უყურებდნენ ბავშვის გაჩენას.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ ევროპის სოციალური ქარტიის მხოლოდ მცირე ნაწილის რატიფიცირების გამო, „შრომის კოდექსი“ ანაზღაურებად შვებულებას მხოლოდ 24 დღით განსაზღვრავს. ევროპის სოციალური ქარტიის სრულად რატიფცირების შემთხვევაში კი ანაზღაურებადი შვებულება 28 დღეზე ნაკლები არ იქნებოდა..

საქართველოს „შრომის კოდექსი“ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებას მხოლოდ 2 წლით განსაზღვრავს, რაც არა არის საკმარისი და იგი სულ მცირე 3 წელს მაინც უნდა შეადგენდეს.  საქართველოს რომ რატიფიცირებული ჰქონდეს ევროპის სოციალური ქარტიის შესაბამისი მუხლები ორსულობის, მშობიარობისა ბავშვის მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულება ქვეყანაში იქნებოდა არა 183 დღე, არამედ მინიმუმ 196 დღე მაინც.

„შრომის კოდექსის 28-ე მუხლი ცვლილებას მოითხოვს, იგი შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს: ,,დასაქმებულს, რომელმაც იშვილა 3 წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ბავშვის დაბადებიდან სრულად 3 წლის შესრულებამდე და აქედან ანაზღაურებადია მინიმუმ 196 დღე.“ ბავშვზე ფულადი დახმარება ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს წელიწადში არანაკლებ სამი ათასი ლარისა.

„შრომის კოდექსი“-ს ოცდამეათე მუხლი ასევე საჭიროებს ცვლილებას, რომლის მიხედვით ბავშვის განსაზღვრული ასაკი უნდა გაიზარდოს სკოლამდელ ასაკამდე – 7 წლამდე.

სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხი რათქმაუნდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირები დეპარტამენტის პასუხისმგებლობის საკითხია, მაგრამ ამ სახელმწიფო ორგანოს რეალური მაკონტროლებელი უფლებამოსილებები უნდა გააჩნდეს და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე  თავის მუშაობაში სოციალური პარტნიორობის პრინციპის შესაბამისად პროფკავშირების სრულად თანამონაწილეობას უნდა უზრუნველყოფდეს.

საქართველოს  „შრომის კოდექსი“-ს 37-ე მუხლი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს არეგულირებს არის პუნქტი „ო“, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად სრულიად აბსტრაქტულ რაღაც სხვა ობიექტური გარემოებას განიხილავს. ეს პუნქტი „შრომის კოდექს“-ში უცილობლად გასაუქმებელია, რადგან ეს პუნქტი „ო“ დამსაქმებელს იმპერატიულად ანიჭებს დასაქმებულისადმი ვოლუნტარიზმისა და სუბიექტივიზმის გამოჩენის თავისუფლებას.

„შრომის კოდექსი“-ს მე-12-ე თავი ეხება შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილ დავებსა და უთანხმოებებს. მართებულ იქნებოდა, რომ ეს თავი იმგვარად შეცვლილიყო, ამგვარი დავები და უთანხმოებები განეხილა სათანადო ნორმით ფორმირებულ შრომით არბიტრაჟებს, სადაც იმოღვაწევებდენ შრომითი სამართლის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და აღარ იქნებოდა საჭირო მიმართვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი, რათა მას დაენიშნა მედიატორი შრომითი ურთიერთობებისას წარმოშობილი დავებისა და უთანხმოების დროს.

საქართველოს „შრომის კოდექსი“ გაფიცვებისა და ლოკაუტის დროს დამსაქმებელს არ ავალდებულებს მისცეს დასაქმებულს ანაზღაურება. ეს ნორმა სრულიად უსამართლოა მაშინ როცა გაფიცვა ან ლოკაუტი კანონის ზუსტი დაცვით ხორციელდება. ასეთი ნორმა  როგორც დასაქმებულებში, ასევე დამსაქმებლებში სამართლებრივი გაურკვევლობისა და დაუცველობის განცდას ქმნის და ხელს უწყობს კანონის შეუსაბამო გაფიცვების ან ლოკაუტების სტიქიურ ორგანიზებას.

„შრომის კოდექსი“-ს მიერ აღიარებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, მაგრამ იგი წელიწადში მხოლოდ ორჯერ თუ შეიკრიბება სრული შემადგენლობით, ისიც მხოლოდ ზოგადი საკითხებით. მის მიმართ საქართველოს მთავრობისა და დამსაქმებელთა გაერთიანებების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება შეიძლება აიხსნას იმით, რომ ამ კომისიის უფლებამოსილებები სათანადოდ არ არის გარანტირებული „შრომის კოდექს“-ში. სამართლებრივ ცვლილებებს შეუძლია სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობა რეგულარული გახადოს.  სამმხრივი კომისიის წევრი სოციალური პარტნიორებისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით შესაძლებელი გახდება ისეთი რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც რეალურად დაახლოვებდა საქართველოს შრომით კანონმდებლობას, ქვეყნის შრომის ბაზარს ევროპულ სოციალურ-შრომით სტანდარტებთან.

საქართველოს „შრომის კოდექსი“ რეალურ გარდაქმნა შესაძლებელია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი პროფკავშირების პირდაპირი ჩართვის პირობებში. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჯერ კიდევ 1999 წელს დადგენილი ღირსეული შრომის სტანდარტების დამკვიდრება დიდ ძალისხმევას მოითხოვს,  ამისთვის საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი პროფკავშირების პირდაპირი მონაწილეობით რადიკალურად უნდა გარდაქმნას საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“. ქვეყნის პროგრესული სოციალური განვითარებისათვის მყარი სამართლებლივი გარანტიების შექმნა საქართველოს პარლამენტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვალეობაა. მშრომელთა ლეგიტიმური მოლოდინია რომ „შრომის კოდექსი“  გახდეს სოციალური და ჰუმანური, ამ მოლოდინს მშრომელები არა პასიურ უძრაობით, არამედ აქტიური მოქმედებით დაადასტურებენ.

დავით არაბიძე