საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი გუშინ და დღეს

მუდამ ადამიანებთან, მუდამ საზოგადოებასთან კონტაქტში ეს ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია  საჯარო სამსახურში მყოფი ადამიანებისათვის. საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი, რომელსაც 2006 წლიდან ნუგზარ ჭინჭარაული ხელმძღვანელობს, მოქალაქეთა და საზოგადოების სამსახურში მყოფი ადამიანების შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებებისა და ინტერესების სადარაჯოზე დგას. 2014 წლის 27 ოქტომბერს პროფკავშირმა მე-11 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გამართა, რომელზეც კავშირის თავჯდომარედ კვლავ ნუგზარ ჭინჭარაული აირჩიეს, თავჯდომარის მოადგილედ მანანა გელაშვილი, ხოლო კავშირის გამგეობის წევრად 9 პირი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი ბერნადეტ სეგოლი.

დღეს საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის რიგებში 5800-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, კავშირს ჰყავს 30 საქალაქო-რაიონული ორგანიზაცია და 94 პირველადი პროფორგანიზაცია. პროფკავშირების წევრები ძირითადად დასაქმებულები არიან ადგილობრივი თვითმართველობის აპარატებში და მათ მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციებში, როგორებიც არიან კულტურის სახლები, საბავშვო ბაგა-ბაღები, სახანძრო-სამაშველო სამსახურები და სხვა მსგავსი დაწესებულებები. პროფკავშირს წევრები ჰყავს აღმასრულებელი ხელისუფლებისა  (სამინისტროები) და სასამართლო ხელისუფლების აპარატებში. საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – პარლამენტის აპარატში ცალკე პროფგაერთიანება მოქმედებს.

საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი თავისი მუშაობის ცენტრში აქცევს დასაქმებულის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. მართალია ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების მიერ დამტკიცებული ბიუჯეტები პროგრამული ხასიათისაა, მაგრამ პროფკავშირი ყურადღებით იღწვის ისეთ საკითხებს მოსაგვარებლად, როგორიც არის დასაქმებულთა მუშაობის შეფასება მათი პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციისა და სტაჟის მიხედვით, ზეგანაკვეთური შრომის განსაკუთრებით დაფასება, კვარტალური პრემიების გაცემა. ამ შინაარსით არის გამსჭვალული ის კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები, რომელთაც დებს პროფკავშირი, რომელთა განხორციელებაზე მას აქვს პერმანენტული ზედამხედველობა დაწესებული. პროფკავშირი საკუთარი ზრუნვის სფეროდ მიიჩნევს დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევაზე ზრუნვას, რადგან სადღეისოდ სამედიცინო დაზღვევა გარანტირებული აქვთ მხოლოდ მეხანძრე-მაშველებს, ხოლო საჯარო სამსახურის სხვა მუშაკებს სამედიცინო დაზღვევის ყიდვა თავად უწევთ.

საჯარო სამსახურისთვის უაღრესად მძიმე  იყო 1992-2012 წლები. ამ ეპოქის პირველი 12  წლის განმავლობაში საბიუჯეტო მუშაობა ან სრულიად ჩაშლილი იყო ან სპორადულ ხასიათს ატარებდა. შემდეგ იყო 8 წელი, როცა ბიუჯეტი ტოტალურად პოლიტიკურად კონიუნქტურულ ხასიათს ატარებდა და ზემდგომთა ვოლუნტარიზმისა სუბიექტივიზმის საჯილდაო არენად იყო ქცეული. სანახევროდ დილეტანტი პარტაქტივისტებით დაკომპლექტებული საჯარო სამსახურები და ორგანიზაციები სრულიად უმოქმედონი იქნებოდნენ რომ არა მუშაკთა ის მეორე ნახევარი, რომელიც ასე თუ ისე ფლობდა პროფესიულ უნარ-ჩვევებს და რომელიც არა მარტო საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობებს ასრულებდა, არმედ  კოლეგა დილეტანტი პარტაქტივისტების გასაკეთებელზეც ზრუნავდა.

1992-2012 წლებში მმართველი რეჟიმების პირობებში საჯარო მოსამსახურის მხრიდან იძულებით განცხადების დაწერა განთავისუფლებაზე რუტინულ ნორმად იყო ჩამოყალიბებული, დასაქმებული იყო უიმედოდ და დათრგუნული, შესაბამისად ისიც ადვილად  ახდენდა კაპიტულაციას ზემდგომთა მხრიდან მომდინარე უსამართლობისა და ზეწოლისას. არსებული  მმართველი რეჟიმები უნდობლობის კულტივირებას ახდენდნენ,  ახალისებდნენ მუშაკთა მიერ  ურთიერთ თვალთვალსა და დაბეზღებას. ტყუილი და მართალი  ურთიერთში იყო აღრეული , უზენაეს არბიტრად კი ზემდგომის ვოლუნტარიზმი და სუბიექტივიზმი ევლინებოდა შევიწროვებულ მუშაკს. პროფკავშირული აქტივობის მიმართ დაუფარავად მტრული დამოკიდებულებას ავლენდნენ. ამის სამაგალითოდ ისიც საკმარისია, რომ  ზურაბ ადეიშვილის მიერ პროკურატურა და ბაჩანა ახალაიას მიერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროები პროფკავშირებისგან თავისუფალ ზონებად იყო გამოცხადებული.

ადგილობრივი თვთმმართველოების მიმართ ევროპიდან იყო კეთილი ნების ჟესტები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით  ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოში 5 მუშაკს სათანადო ტრენინგები ჩაუტარდათ, მაგრამ ეს პირები პრაქტიკულად მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ და საქართველოში მომხდარი საარჩევნო-პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ისინი უკვე აღარ არიან თვითმმართველობის ორგანოებში.

2013 წელს საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული გარკვეულმა  რეფორმამ საჯარო მოსამსახურეთათვის ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. კანონმა პირდაპირ აკრძალა დასაქმებულის იძულება მისი ნების საწინააღმდეგოდ დაწეროს განცხადება სამსახურის დატოვების თაობაზე, მაგრამ იყო მნიშვნელოვანი პრობლემაც – იყო მცდელობა ისეთი ცვლილება შეეტანათ საჯარო სამსახურის შესახებ კოდექსში, რომლის მიხედვითაც 2014 წელს  თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევის შემდეგ ყველა საჯარო მოსამსახურე გამოცხადებულიყო დროებით მოვალეობის შემსრულებლად. საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა და საქართველოს სახალხო დამცველმა ეს უსამართლო მცდელობა გაასაჩივრეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და როცა ნათელი გახდა რომ ეს სარჩელი მოსარჩელეთათვის  დადებითად გადაწყდებოდა, საქართველოს პარლამენტმა თავად გააუქმა ასეთი უსამართლო ცვლილება.

დღეს საჯარო მოსამსახურის სამსახურისადმი შესაბამისობას ატესტაცია ადგენს. საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები სრულად არიან წარმოდგენილნი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკონკურსო-საასტეტაციო კომისიებში, რაც იმედს აჩენს რომ მათი მუშაობა სამართლიანად წარიმართება. პროფკავშირები თავის წარმომადგენლებს შესაბამის სემინარებს უმართავს, რათა მათი ცოდნა და უნარები გააძლიეროს.

საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ჭინჭარაული ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს რომ ახალ რეალობაში პროფკავშირულ მოძრაობას აქვს პერსპექტივა წარმატებით დაიცვას დასაქმებულთა შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებები და ინტერესები. საქართველოს მიერ ევროპის კავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება მას  ამ ოპტიმიზმს საფუძველს აძლევს.

დავით არაბიძეsajaro