პროფკავშირებმა “ღირსეული შრომის დღე” აქციით აღნიშნა

“დასრულდეს კორპორატიული სიხარბე!” ამ ლოზუნგით საქართველოს პროფკავშირებმა ღირსეული შრომის კვირეულის პირველი დღე მშვიდობიანი აქციითა და ხმაურიანი მსვლელობით აღნიშნა, რითიც შრომის საერთაშორისო კონფედერაციის ყოველწლიურ აქციას შეუერთდა. მსვლელობა, რომელშიც  2500 მდე ადამიანი მონაწილეობდა,  ვარდების მოედნიდან დაიწყო, გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. საბოლოოდ, მსვლელობა პარლამენტთან დასრულდა, სადაც პროფკავშირების ლიდერებმა აქციის მონაწილეებს და მთავრობას სიტყვით მიმართეს.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას იმ კაბალურ შრომით პირობებზე  ისაუბრა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა საწარმოებში გვხვდება – ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, კაზრეთში თუ აჭარის ტექსტილის ფაბრიკებში. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში არ სრულდება კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებები და ანაზღაურება საკმაოდ დაბალია.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ საქართველოს მთავრობას  ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გაზრდის თხოვნით მიმართა. მან აღნიშნა, რომ საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი 115 ლარს შეადგენს, კერძო სექტორში დაწესებული სახელფასო მინიმუმი 20 ლარი კი 1997 წლიდან აღარ შეცვლილა. ეს 20 ლარი ყოველთვიურ საარსებო მინიმუმზე, რომელიც ამჟამად 157 ლარს შეადგენს, თითქმის 8 ჯერ ნაკლებია, 115 ლარი კი ოფიციალური საარსებო მინიმუმის მხოლოდ 73%-ს შეადგენს. ასევე, თავად საარსებო მინიმუმის გამოთვლის წესი სერიოზულ ეჭვებს იქვევს” – ნათქვამია მიმართვაში.

გოჩა ალექსანდრიამ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, პროფკავშირების გარდა უცხოური ბიზნესორგანიზაციებიც მოუწოდებენ მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გადახედვისაკენ. კერძოდ, მსგავსი შინაარსის წერილით საქართველოს მთავრობას “ადიდასის”, “ნაიკის”, “ნიუ ბალანსის” და “პუმას” კორპორაციების ხელმძღვანელებმა მიმართეს.

აქციაზე ასევე ხაზი გაესვა ქალთა შრომით უფლებებსა და  გენდერული თანასწორობის გაძლიერების აუცილებლობას.

ღირსეული შრომის დღისადმი მიძღვნილი აქცია, თბილისის  პარალელურად, ბათუმშიც ჩატარდა. აჭარის პროფკავშირმა და 400 მდე აქციის მონაწილემ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყო.

 12087593_10203211279562512_1715439564_n
12049383_10153351563208073_1369571291089348281_n
12108126_10153351563128073_5775316215813095318_n 12140831_10153351562863073_1504134406675240970_n