პროფკავშირები და საპენსიო რეფორმა

საპენსიო სისტემა რეფორმირებას საჭიროებს და ეს არის როგორც არსებული ვითარების, ასევე მომავალის მოთხოვნაც. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მოამზადა ალტერნატიული პოზიცია საპენსიო სისტემის რეფორმირებისათვის. 2016 წლის მარტში, ორი დღის განმავლობაში საზოგადოების, საჯარო და სამოქალაქო სექტორის, ექსპერტების მონაწილეობით ხდებოდა პროფკავშირების მიერ შემუშავებული ალტერნატივის განხილვა.
10 მარტს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ალტერნატიული საპენსიო სისტემის პროექტი, საზოგადოებას, საჯარო და სამოქალაქო სექტორს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეკრებილ საზოგადოებას გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა წარმოუდგინა. განხილვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ექსპერტი საპენსიო საკითხებში მარტინ ჰუტსებაუთი და გერმანიის პროფკავშირების წარმომადგენელი ჰანიო ლუკასენი, რომლებიც აღნიშნული სტრატეგიის შექმნაშიც მონაწილეობდნენ. საპენსიო რეფორმის პროფკავშირების ხედვა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და თანადგომით მომზადდა. საკუთრი არგუმენტები პროექტის სასარგებლოდ წარმოადგინეს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ და გაერთიანების ეკონომიკურმა ექსპერტმა გიორგი ჭანტურიძემ. შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილებაზე ინფორმაცია მიაწოდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონულმა კოორდინატორმა იულია ბლესიუსმა.
მნიშვნელოვანი ფაქტია ის რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ძალისხმევით შემუშავებული საპენსიო სისტემის რეფორმირების ალტერნატიული მოდელი ეყრდნობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ სამ სვეტიან სისტემას. საქართველოში დღეს მოქმედი საარსებო მინიმუმი 162 ლარია და მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ შეძლებს არსებული პენსია 180 ლარამდე გაზრდას. პენსიონერთა რიცხვი მატულობს და ქვეყნის ბიუჯეტს სულ მეტი და მეტი ხარჯის გაწევა უწევს. საჭირო იყო ალტერნატივა და ის წარმოადგინა პროფკავშირებმა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ შემუშავებული სამ სვეტიანი საპენსიო სისტემა მოიცავს:
ა)საყოველთაო სახელმწიფო ბაზისური პენსიას;
ბ)სავალდებულო (განსაზღვრული სარგებლის, Pay As You Go-შემოსავალთან დაკავშირებული) სქემას;
გ)ნებაყოფლობითი კერძო (განსაზღვრული შენატანების) სქემას.
ალტერნატიული გეგმის პირველი სვეტის შესაბამისად საბაზისო პენსია დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და იგი გაიცემა ყველა პენსიონერზე. ქვეყანაში არსებული ფასების საერთო დონის შესაბამისად საბაზისო პენსია დაექვემდებარება ინდექსაციას.
ალტერნატიული გეგმის მეორე სვეტის შესაბამისად მოხდება მისით ყველა დასაქმებული მოცვა. სისტემა გააუმჯობესებს პირობებს ქალებს. ამ სქემით პენსიაზე გასული პირები ისარგებლებენ უკვე ერთ წელიწადში. სისტემა იქნება ადეკვატური შრომის ბაზრის პირობებისადმი. სტაჟის უწყვეტობის შესანარჩუნებლად შეიქმნება სოლიდარობის ფონდი. სისტემის მართვა განხორციელდება ერთიანი ცენტრალური ფონდის მიერ, რაც მისი ადმინისტრირების სიიაფეს განაპირობებს. ფონდი იმუშავებს გამჭვირვალედ და დაცულად. დასაქმებული არ იქნება ვალდებული საკუთარი ხელფასიდან განახორციელოს შენატანები და მას ვადამდე პენსიაზე გასვლის შესაძლებლობაც ექნება. ფულადი სახსრების ინვესტირების შედეგად მიღებული ამონაგებით შესაძლებელი იქნება პენსიის გაზრდა.
ფონდის შევსება ყოველწლიურად განხორციელდება დამსაქმებელთა მიერ დასაქმებულთათვის დარიცხული ხელფასის 2%-ით (10 წლის შემდეგ უკვე 4%-ით).
სახელმწიფო ფონდში ყოველწლიურად გადარიცხავს დასაქმებულის მიერ მიღებული ხელფასის 2%-ს მის მიერ უკვე გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან (10 წლის შემდეგ 4%-ს).
შესაბამისად შენატანები დარიცხული ხელფასიდან 4%-ს შეადგენს (10 წლის შემდეგ 8%-ს).
შენატანებს ჭერი არა აქვს, მაგრამ განისაზღვრება ჭერი მისაღებ პენსიაზე,რომლის გამოთვლა მოხდება, როგორც მნიშვნელოვანი ნამატი საშუალო პენსიის ზემოთ.
საქართველოსი დღეს დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადი 20% არის და სახელმწიფოს მხრიდან ფონდში შეტანილი წილის დაფინანსების წყარო იგი უნდა გახდეს, რადგან ზემოთ აღნიშნული 2% (10 წლის შემდეგ 4%) დასაქმებულებს კი არ მიეცემათ ხელზე, არამედ იგი გახდება ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში.
ქვეყანაში დღეს საბაზისო პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი 18,16% არის და ალტერნატიული მეორე სვეტის მოქმედებაში მოყვანის შემდეგ ეს კოეფიციენტი ყოველწლიურად გაიზრდება. 2027 წლისთვის იგი 26,05%-ს, ხოლო 2042 წლისთვის 32,59% იქნება. 45 წლიანი დაზღვევის შედეგად ჩანაცვლების კოეფიციენტი უკვე ხელფასის 46%-ს მიაღწევს.
სისტემის მეორე სვეტის სავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე ფონდს დიდი შემოსავლები ექნება. ეს ქვეყნის ეკონომიკას საჭირო სტიმულს მისცემს. წლების განმავლობაში თანხების მოცულობა კი შეადგენს 2027 წლისთვის – 4 235 029 985 ლარს, 2037 წლისთვის 18 523 095 298 ლარს, ხოლო 2047 წლისთვის 36 827 860 989 ლარს.
პროფკავშირების მიერ შემუშავებული ალტერნატივა იძლევა 5 წლით ადრე პენსიაზე გასვლის საშუალებას, რომლის დროსაც დაგროვილი პენსია გადანაწილდება შესაბამისი წლების რაოდენობაზე. მოქალაქე მიიღებს მხოლოდ დაგროვილ პენსიას, ხოლო სათანადო ასაკის მიღწევისას დამატებით კიდევ საბაზისო პენსიას.
საპენსიო ფონდში არსებული სახსრების ნაწილი წარიმართება სოლიდარობის ფონდისკენ, რომელიც დააფინანსებს: დეკრეტულ შვებულებას, დროებით უმუშევრობას (6 თვის ვადით), დროებით შრომისუუნარობას. ეს უზრუნველყოფს საპენსიო სტაჟის უწყვეტობას. მოქალაქის საპენსიო ასაკამდე გარდაცვალებისას კი მის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა მთლიანი შენატანების 10%.
სოლიდარობის ფონდი მაღალშემოსავლიან დასაქმებულთა შენატანების ნაწილით შეივსება. ამ პირთაგან ვისი საშუალო შენატანი საშუალო შენატანს 40%-ზე მეტად აღემატება, მიიღებს საშუალო პენსიას დამატებულ 40%-ს, ხოლო დანარჩენი თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. 40%-ანი ზღვრის შემთხვევაში სოლიდარობის ფონდში შენატანები დასაქმებულთა მხოლოდ 6%-ს შეეხება.
პროფკავშირების ალტერნატიული გეგმის მესამე სვეტის შესაბამისად აქ ყველაფერი ნებაყოფლობითია, ისევე როგორც შენატანის მოცულობა. თანხის მიღება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს, მის ამოწურვამდე, სრულად, დაქვითვებისა და გადასახადების გარეშე. ასევე შესაძლებელი იქნება ამ თანხის მემკვიდრეობით გადაცემა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მტკიცე პოზიციაა, რომ საპენსიო ფონდის მართვა უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში საჯარო მოხელეთა მიერ. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო პარიტეტულად უნდა დააკომპლექტონ პროფკავშირებმა და დამსაქმებლებმა, ხოლო სახელმწიფო საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყოს სათათბირო ხმის მქონე ერთი დამკვირვებლით.
საპენსიო ფონდის ფუნქციონირებისთვის, მენეჯმენტისა და სხვა აუცილებელი ხარჯების გამოქვითვის შემდეგ, საკმარისი იქნება 3%-ანი წლიური მოგება, რაც სრულიად რეალურია საქართველოში არსებული ფასიანი ქაღალდებისა და კრედიტების საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ალტერნატიული სამომავლო საპენსიო სისტემა სოციალური პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და პარტნიორობის პრინციპებით არის ნასაზრდოები. მისი განხორციელება სოციალური პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც მთლიანობაში სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის, ქვეყნის მდგრადი წინსვლისთვის.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან – ოთარ ძიძიკაშვილი და ირაკლი ბურდილაძე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან – ელისო ბერიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან პაატა ჟორჟოლიანი და ელზა ჯგერენაია, სოციალური მომსახურების სააგენტოდან ვაჟა ჯაფოშვილი, ეკონომიკური საბჭოდან ამირან გვაზავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ვასილ კოპალიანი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის აპარატიდან ჯაბა უროტაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი გულიკო ზუმბაძე, თბილისის საკრებულოს აპარატიდან სოფიო მაქაცარია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციიდან – ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა მელაძე და ასოციაციის წევრი კონსტანტინე ნანობაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრიდან ნესტან ლონდარიძე, საზოგადოების კვლევის ცენტრიდან ნინო ხელაია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“-დან არნოლდ სტეპანიანი.
წინა დღის მსგავსად პრეზენტაციას დაესწრნენ და აქტიურად გამოხატეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ შემუშავებული ალტერნატიული მომავალი საპენსიო სისტემისადმი თავისი მხარდაჭერა ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონალურმა კოორდინატორმა იულია ბლესიუსმა, გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა ჰანიო ლუკასენმა და ექსპერტმა მარტინ ჰუტცენბაუთმა.
პრეზენტაციას ესწრებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოსი ჟოლტ დუდასი და სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები. პრეზენტაცია აქტიურად გააშუქეს ქართულმა ტელეარხებმა.

დავით არაბიძე