მშრომელთა სიღარიბის დაძლევის გზა – ღირსეული შრომა

სტატიის ავტორი:  დავით  არაბიძე

საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი პრობლემა სიღარიბეა. ეს სოციალური პრობლემა უკვე მეოთხედი საუკუნეა, რაც მთელი სამწვავით დგას. სიღარიბის აღსაწერად გასათვალისწინებელია ისეთი საკითხები, როგორიცაა: შემოსავლის ძირითადი წყარო, საოჯახო და მინიმალური სამომხმარებლო კალათის მოცულობა, ხარჯვის სტრუქტურა, სოციალური კაპიტალი და განწყობები, სიღარიბის გავრცელების გეოგრაფია – განსხვავებები ქალაქებსა და სოფლებს, მთასა და ბარს შორის, სოციალური სტრატიფიკაცია, სივრცული განაწილება, ღარიბთა კატეგორიები. თანამედროვე სოციალური შეხედულებები ღარიბს უწოდებს ადამიანს, რომლის შემოსავლები ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივების პირობებში, არ აძლევს მას საშუალებას საკუთარი თავისა და ოჯახისთვის შექმნას მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტი. სიღარიბეს პირველ რიგში განაპირობებს დაბალი ფულადი შემოსავლები, ღარიბებს არც ისეთი ქონება აქვთ, რომლის გაყიდვაც მათ დაეხმარებოდა და არც ფულადი დანაზოგები. ღარიბი ადამიანი არსარულფასოვნად იკვებება, ვერ მოიხმარს საჭირო სამრეწველო პროდუქტებს, აქვს არასათანადო საბინაო პირობები, მისი ჩაცმულობა უაღრესად მოკრძალებულია, მას ხელი არ მიუწვდება სოციალურ და საგანმანათლებლო მომსახურებაზე, შეზრუდული აქვს თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და სოციალური ჩართულობა, აქვს დაბალი სოციალური სტატუსი, სიღარიბის მორალურ-ფსიქოლოგიური განცდა და მისი ცხოვრების პერსპექტივა გაურკვეველობა.

საქართველოში არსებული შემოსავლების განაწილების არსებული სტრუქტურის პირობებში ეკონომიკური მაჩვენებლებისა და შრომის ნაყოფიერების ზრდა, არ ნიშნავს ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას, რადგან არსებული ეკონომიკური სისტემის პირობებში ფინანსურ-მატერიალური რესურსები არაა მიმართული საზოგადოების ჰუმანური და სოციალური განვითარებისკენ.

საქართველოს საზოგადოების მშრომელ ღარიბების მახასიათებელი ნიშანია მაღალი პროფესიული მობილობა, ღარიბები უმრავლეს შემთხვევაში ასრულებენ ისეთ სამუშაოებს, რომელიც არანაირ კავშირში არ არის მათ პროფესიასთან, ეს განსაკუთრებით მძიმეა მათთვის ვისაც უმაღლესი განათლება გააჩნია, რადგან ეს არღვევს მათ ღირებულებით წარმოდგენებს. ღარიბი მშრომელები ვერ ასრულებენ ტრადიციულ სოციალური თანაცხოვრების თანამონაწილის ფუნქციას, მათთვის შეუძლებელი ხდება ეს მატერიალურ-ფინანსური თვალსაზრისით, რაც ძირეულად არყევს მათ სულიერ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რაც იწვევს მრავალ დაავადებას მათში.

არცთუ ძალიან დიდი ხნის წინ საქართველოში უმაღლესი განათლება ასოცირდებოდა მაღალ სოციალურ სტატუსთან, რომელიც ყოველთვის არ იყო პროპორციულად შესაბამისი მაღალ შემოსავლებთან, მაგრამ საზოგადოებაში გარკვეულ უპირატესობებს წარმოშობდა. დღეს როდესაც უმაღლესი განათლების მნიშვნელობა ის აღარ არის, რაც წინათ იყო, ღარიბი მშრომელთა შვილებისთვის აღარ არსებობს სტიმული უმაღლესი განათლების მისაღებად. მათი მშოლები ხომ ვერ დასაქმდნენ საკუთარი პროფესიის შესაბამისად და მატ რა გარანტია აქვთ რომ ამას თვითონ შესძლებენ. დღეს უკვე არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ საშუალო განათლების მიმართაც გულგრილი დამოკიდებულება ყალიბდება მათში, რადგან არც საშუალო განათლება არის გარანტია მათი სიღარიბიდან გამოსვლისა.

ამ 25 წლის განმავლობაში სიღარიბეს მხოლოდ ნეგატივი არ მოუტანია, მის პოზიტივად შეიძლება განხილულ იქნეს ღარიბთა ოჯახების შიგნით წევრთა ურთიერთ დამოკიდებულების გაძლიერება და შეკავშირება, ნათესავებისა და მეგობრების მნიშვნელობის გაზრდა.

მშრომელ ღარიბთა შორის ზოგადად არის მნიშვნელოვანი განსხვავებაც, არსებობენ უკვე მეოთხედი საუკუნის სტაჟის მქონე, ქრონიკული ღარიბები და არინ ახალი ღარიბებიც. მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია პირველთა ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგრადობა, რაც განპირობებულია ღარიბული ცხოვრების სტილისადმი შეგუებით, რაც პირველი თაობის ღარიბი მშრომელისთვის სრულიად უცნობია. ახლად გაღარიბებული მშრომელი უაღრესად მწვავედ განიცდის რომ არსებული სოციალურ-კულტურული სტანდარტები და მისი სტატუსი დიამეტრალურად შეუთავსებელნი არიან. ახალი ღარიბები, ქრონიკული ღარიბებისაგან განსხვავებით მეტად არიან მოწადინებულნი დაძლიონ სიღარიბე.

მშრომელი ღარიბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროფკავშირულ დარაზმულობას, რადგან ეს სოციალური ერთობა არის ის შესაძლებლობა, რამაც უნდა უზრუნველყოს მათი კოლექტიური მოქმედების წარმატება, მათი სოციალური, ეკონომიკური, შრომით და პროფესიული ინტერესების წარმომადგენლობა და კანონიერი უფლებების დაცვა.

ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ცენტრის პრეზიდენტი ჰ. ესმორი თავის ფუნდამენტალურ კვლევასი აღნიშნავდა: „აზრი არა აქვს „თავისუფლებაზე“ ლაპარაკს, ვიდრე ადამიანებს გარანტირებული არა აქვთ ისეთი ელემენტარული უფლება, როგორიც არის შრომის უფლება“.

შრომის უფლება მაღთლაც ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს უფლება უნდა ეხებოდეს ღირსეულ შრომას, როგორც ეს განსაზღვრული აქვს გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას 1999 წელს მიღებულ სათანადო დოკუმენტში.

ღირსეული შრომა არის გამოსავლის გზა ღარიბი მშრომელებისთვის და მათ ეს შეუძლიათ მიაღწიონ პროფკავშირული დარაზმულობით.