მორიგი მოგებული სასამართლო პროცესი – პროფკავშირი VS დამსაქმებელი 1:0

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი, რომელიც პროფკავშირის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებით დასრულდა.

გასული წლის 31 ივლისს შრომის კონტრაქტის ვადა დაუმთავრდა შპს “რუსთავის აზოტი“-ს ყველა თანამშრომელს, ხოლო 1-ლი აგვისტოდან შრომის ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა ყველასთან, გარდა რამდენიმე ადამიანისა და მათ შორის იყო საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, შპს “რუსთავის აზოტი“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის, სარემონტო მექანიკური საამქროს პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ბუაჩიძე, რომელსაც იურიდიული მოსახურება გაუწია საქართველოს პროფესიული კავშირის გაეთრიანების იურისტმა, რაისა ლიპარტელიანმა.

დამსაქმებელმა ბრძანებაში განთავისუფლების საფუძვლად შრომის კონტრაქტის ვადის გასვლა მიუთითა, თუმცა პროფკავშირის ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის დამსაქმებელთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დავით ბუაჩიძეს დისციპლინარული დარღვევები ჰქონდა, თამაზ დოლაბერიძის შეკითხვაზე კი – თუ რატომ არ არის ეს დისციპლინარული დარღვევის ფაქტები მითითებული განთავისუფლების ბრძანებაში, კომპანიის წარმომადგენლებმა არაფერი უპასუხეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ:

– დავით ბუაჩიძე სარემონტო-მექანიკური საამქროს დასაქმებულების მიერ არჩეული თავმჯდომარეა და როგორც ადგენს საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, პროფკავშირის არჩევითი წარმომადგენლის მიმართ რაიმე ტიპის დისციპლინარული სასჯელის დაკისრების ან განთავისუფლების შემთხვევაში, წინასწარ უნდა ეცნობოს პროფესიულ კავშირს, რაც დამსაქმებელს არ გაუკეთებია.

– საქართველოს შრომის კოდექსის ახალი რედაქციის ძალაში შესვლიდან 2014 წლის 4 ივლისს ერთი წელი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული თარიღისთვის იმ დასაქმებულებს, რომლებსაც 5 წელზე მეტი სტაჟი აქვს და მუშაობენ კომპანიაში, რომელიც 48 თვეზე მეტი ასაკისაა, უნდა გაუფორმდეთ შრომის უვადო კონტრაქტები. დავით ბუაჩიძე სწორედ ერთერთი ასეთია მათ შორის.

– დავით ბუაჩიძის პირად საქმეში არ დევს დამსაქმებლის მიერ წერილობით გაფორმებული არცერთი შენიშვნა, მითითება, საყვედური თუ მსგავსი რამ. პირიქით, ის და მისი ოჯახის წევრები, ბევრი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ საწარმოს.

აშკარაა, რომ დავით ბუაჩიძეზე, თავისი პრინციპულობისა და შეუვალობის გამო, დამსაქმებლის მხრიდან განხორციელდა პროფკავშირული დევნა.
სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის სამივე მოთხოვნა:

1. განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა.
2. დავით ბუაჩიძის სამსახურში აღდგენა.
3. პირველი აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

საინტერესო ის არის, რომ დავით ბუაჩიძის სამსახურში აღდგენა, შრომის კოდექსის შესაბამისად უნდა მოხდეს შრომის უვადო კონტრაქტის გაფორმებით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ადმინისტრაციამ შრომის უვადო კონტრაქტები უნდა გაუფორმოს აზოტის ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონისმიერ დათქმულ კრიტერიუმებს. ასეთები კი დავით ბუაჩიძის გარდა ძალიან ბევრია და ყველა მათგანთან როგორც უკვე მოგახსენეთ შრომის ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმა დამსაქმებელმა.

სასამართლოზე დამსაქმებლის წარმომადგენელი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ შპს ,,რუსთავის აზოტი“ არის 2011 წელს დარეგისტრირებული ახალი კომპანია და შესაბამისად მასზე უნდა გავრცელდეს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მიერ დათქმული კრიტერიუმები იმის შესახებ, თუ ვის და როდის უნდა გაუფრომდეს შრომის უვადო კონტრაქტები. თუმცა პროფკავშირის წარმომადგენელთა სასამართლოზე მტკიცებით, მაშინ როდესაც დავით ბუაჩიძე უკვე მე-12 წელია მუშაობს ერთი და იგივე საამქროში, ერთი და იგივე შრომით კოლექტივში, შრომის იგივე გარემოში, იგივე დაზგასთან, არ შეცვლილა მისი სამუშაო ადგილის სახე, პროფილი და ა. შ. მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც ჯგუფმა სადღაც რაღაც გადაარეგისტრირა, არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ საწარმოდ.

როგორც ჩანს მოსამართლისთვის პროფკავშირის წარმომადგენლების არგუმენტაცია უფრო სარწმუნო აღმოჩნდა კანონთან მეტი შესაბამისობის გამო.sas