ევროპული პერსპექტივა ქართული ენერგეტიკისთვის

საქართველოსთვის ენერგეტიკული სისტემა სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია და მისი განვითარების ვექტორი პირდაპირ განაპირობებს მთელი ქვეყნის მომავალს. ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებამ დღის წესრიგში განსაკუთრებით გამოკვეთა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ქვეყნის გაწევრიანების საკითხი.

 ათენის ხელშეკრულების საფუძველზე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება 2005 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანია ევროკავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ენერგეტიკული სისტემების გაერთიანება, რათა ევროკავშირის ენერგეტიკული და ეკოლოგიური კანონმდებლობა გავრცელდეს დღეს ამ კავშირის არაწევრ ევროპულ ქვეყნებზეც.

ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში განიხილავს, როგორც  სტრატეგიული სატრანზიტო პროექტების განხორციელების მნიშვნელოვან პირობას.

2007 წლიდან საქართველო  ამ გაერთიანებაში სარგებლობს დამკვირვებლის სტატუსით, ხოლო 2010 წლიდან უკვე მოლაპარაკებასაც აწარმოებს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გასაწევრიანებლად, ხოლო 2013 წლიდან ოფიცალური განაცხადიც გააკეთა მის წევრობაზე.

ნათელია რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია კონკურენტ უნარიანი ენერგო სექტორის განვითარება და ამ დარგში ევროპული შრომითი სტანდარტების დამკვიდრება.  ამ მხრივ დიდად საყურადღებოა ის შესაძლებლობები რაც გააჩნია ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას ინვესტიციების, ვაჭრობის, ენერგეტიკული ქსელების, ენერგეტიკოსთა პროფესიული და სოციალური განვითარების თვალსაზრისით.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს დღეს უკვე აკისრია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის პაკეტის განხორციელების ვალდებულება და მოლაპარაკება მიმდინარეობს გაერთიანებაში გაწევრიანების კონკრეტულ პირობებსა და ვადებზე. აღსანიშნავია ისიც რომ საქართველოში ევროპული  ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვა სათანადო ევროპულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ენერგეტიკულ სფეროში ამ პროცესის თანმდევია  ცივილიზებული შრომით ურთიერთობების, ევროპული სოციალური პასუხისმგებლობის, დიალოგისა და პარტნიორობის განვითარება. გაერთიანებაში წევრობა ქვეყნის ინსტიტუციურ და ტექნოლოგიურ წინსვლასაც ნიშნავს.  ერთობლივი პროექტების მეშვეობით საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები გაიზრდება.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ის პლატფორმაა, სადაც საქართველოს შეუძლია იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებთანაც დღეს პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი არ გააჩნია. ქვეყანას ამ ფორუმში მონაწილეობით ეძლევა საშუალება საგანგებო ენერგეტიკულ სიტუაციებში ათენის ხელშეკრულების შესაბამისად აამოქმედოს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ საქართველოს ეძლევა ინსტრუმენტი რითაც იგი განახორციელებს ევროკავშირის პირდაპირ რეაგირებას რუსეთის ფედერაციის ანტისამართლებრივ ქმედებებზე ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა (მცდელობა დაწყებულ იქნეს კონტინენტურ შელფზე ნავთობის მოპოვება) და ცხინვალის რეგიონში (მილსადენების მშენებლობა), რათა შეწყდეს რუსეთის ხელისუფლების ეს უკანონო ქმედებები და აღმოიფხვრას მით გამოწვეული მავნე შედეგები.

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს წევრობა ასევე თანხვედრაშია საქართველო – აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიასთან.

ევროკავშირი უახლოს წლებში ერთიანი ენერგო ბაზრის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული და მის ურთიერთობა ენერგეტიკულ საკითხებში მესამე ქვეყნებთან ასევე ერთიანი გახდება. ამ გაერთიანებაში საქართველოს მონაწილეობა საინტერესო შესაძლებლობების კარს უღებს ჩვენს ქვეყანას და სასურველია სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით პროფკავშირები სრული სოციალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ მას და მიმდინარე პროცესზე განახორციელონ საზოგადოებრივი მონიტორინგი.

დავით  არაბიძე