აგარის შაქარში” პროფკავშირი შეიქმნა

ქარელის რაიონ დაბა აგარაში მდებარე,  შპს ,, აგარის შაქრის კომპანია“-ში პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დაარსდა. კომპანიაში სულ 431 ადამიანია დასაქმებული, მათგან 300 უკვე პროფკავშირის წევრია.

კომპანიაში დასაქმებულებთან შეხვედრები, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის თანადგომით, 21-28 მაისს და 11ივნისს შედგა.

შეხვედრებს უძღვებოდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლევან მთვარელიძე და პროფესიული კავშირის იურისტი სპარტაკ ვარძელაშვილი.

შეხვედრებზე განიხილეს იყო ისეთი მტკივნეული და მოუწესრიგებელი საკითხები, როგორებიცაა: ინდივიდუალური (უვადო) შრომითი ხელსეკრულებები,  სამუშაო შესვენებისა და დასვენების დრო,  ზეგანაკვეთური სამუშაო,  უქმე დღეები,  შვებულების მიცემის წესი,  იძულებითი მოცდენის საკითხი,  მძიმე, მავნე და სიცოცხლისთვის საშიშპირობებიან სამუშაოს შემსრულებელთა ანაზღაურებისა და შვებულების მიცემის საკითხები და  ა.შ.

აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, უკვე მომზადდა წერილი და გაეგზავნა კომპანიის ხელმძღვანელობას კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

“ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთზე ზრუნვა და სოლიდარობა დაგვეხმარება უსაფრთხო სამუშაო ადგილების, დამსახურებული შრომის და დამსახურებული ანაზღაურების დაკანონებაში”. განაცხადა აგარის შაქრის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ახლად არჩეულმა ლიდერმა, ზაზა არბოლიშვილმა. ლევან მთვარელიძე: “საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის სახელით, ვულოცავთ საქართველოს პროფესიულ კავშირებს, ახალი 300 თავდადებული პროფკავშირის წევრის შემატებას, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოლებენ თავიანთი ძმების და დების შრომითი უფლებების დასაცავად.”