სასამართლომ უსინათლო შშმ და მხედველი დასაქმებულების დარღვეული შრომითი უფლებები აღადგინა
მოსარჩელეები: ჯამლეტ ნარმანია, ტრისტან გურჩიანი,…
24/05/202315 / 01 / 2014
ტყეში “ვილისით“ მივდივართ. უფრო ზუსტად ტყისპირას. ტყეში შესვლა სახიფათოა და არცაა საჭირო. ეგრე ადვილადაც ვერ შეხვალ. ჯერ იქამდე მისვლაც დიდი ამბავია… უკვე ოთხი წელია, სულ ასე უჩუმრისპირად ვიპარებით ტყეში შეშის მოსაჭრელად. ტყემდე ორი კილომეტრია. შუა გზაზე რუსების საგუშაგოა, გარშემო კი ორი ოსური სოფელია. მოკლედ, მაგრად ვრისკავთ. სხვა გზა არცა გვაქვს. არ გარისკავ და მთელი წელი უშეშოდ სოფელში რა გაგაძლებინებს? გაზის გამოყვანას კი დაგვპირდნენ მაგრამ, დაპირება დაპირებად დარჩა და ომის შემდეგ ყოველ წელს სულ ასე გვიწევს ტყეში გადაპარვა.
“ვილისი“ პატარაა და შეშაც ცოტა ეტევა. მაგრამ, სამაგიეროდ ძალიან არ ბღუის და იმედი გვაქვს ყურადღებასაც არ მივიპყრობთ. თან რამდენიმე რეისის გაკეთებას ვაპირებთ და სანამ გუჯა და შალვა შეშას გამოიტანენ, ჩვენ ამასობაში მეორე პარტია უნდა დავახვედროთ. ფრონეს ხეობის სათავედან ისეთი ნიავი უბერავს – გააცოცხლებს კაცს. კაი მთვარიანი ღამეა და პროჟექტორების ანთება არცა გვჭირდება. წელსზემოთ გახდილები ვმუშაობთ და ნიავი მთელს ტანზე ისე სასიამოვნოდ გვხვდება რო, მეტი არ იქნება…
ოსური სოფლებიდან ძაღლების ყეფა ისმის, მაგრამ შიში ნაკლებადა გვაქვს. თუ მანქანის ხმა გავიგეთ, ისე გამოვვარდებით, ჩვენს სიფათებსაც კი ვერ მოჰკრან თვალი… ორი დიდი რცხილა წამოვაქციეთ და ელექტროხერხით ნება–ნება ვჭრით. ელექტროხერხი სულ ნაჭრებშია შეფუთნული. გუჯამ მოიგონა ეს ამბავი. სქელ ნაჭრებში შეფუთნული ელექტროხერხის ხმა შორს არ ისმის და მოკლედ, კარგა ჭკვიანურად მოფიქრებული საქმეა. წყალგაღმა ზაზას ბიჭი – გიორგა გვიდგას “ატასაზე“. ხელში მობილური ტელეფონი უჭირავს და თუ რამეა, ეგრევე წინასწარ აკრეფილი მესიჯის ღილაკს ჩაჰკრავს – “მოდიანო“ და ჩვენც თავს უნდა ვუშველოთ.
დავიხედეთ ტელეფონებზე, უკვე ღამის სამი საათია. თენგომ ორი რეისი უკვე გააკეთა ჩვენი დანჯღრეული “ვილისით“, მაგრამ ეს რას გვეყოფა? დილის 6 საათამდე გვინდა მუშაობა. საჭმელი არ წამოგვიღია. ვისა სცალია ჭამისათვის, ისე ვართ მომართულები და მიყურადებულები. თან ჭამისთვის დროის დაკარგვა იქნება? მაგრამ შალვას რას გააგებინებ? მაგას თავისი მუცლის იქით არც სიფრთხილე ახსოვს და არც არაფერი… სანამ მე ახალ ხესა ვჭრიდი, შალვამ იქექა, იქექა თავის ჩანთაში და იქიდან ხუთი ცალი კაი მოზრდილი ქადა ამოიღო. “მე მაგრადა მშივა, უნდა ვჭამო. თქვენ რაც გინდათ ისა ქენითო“ – გვითხრა და იქვე მდელოზე ჩამომჯდარმა გატეხა ჯერ ისევ თბილი და სურნელოვანი ქადა. მაგისი დედის ნახელავი ქადა ვისაც ნაჭამი არა აქვს, იმან უნდა თქვას, პირის გემო არცა მქონიაო. ჩვენც მაგარი მოშიებული ვიყავით და წავიტეხეთ თითო ლუკმა.
მერე შალვამ ქადები დიდ ნაჭრებად დაჭრა და გადმოგვაწოდა. ცხიმიანები იყო, ტკბილგულიანები, მსუყეები, ერბოთი გაძეძგილები… მოკლედ, ვართ ამ ჭამა–ყლაპვაში და ჩემმა მობილურმაც დაიწკარუნა. დავხედე მესიჯს და ზაზას ბიჭის, გიორგას მესიჯია – მოდიანო. აბა გავასწროთ აქედან – მეთქი – ესღა ვთქვი და წამოვედით სირბილით. მანქანა ჯერ კიდევ არ იყო მესამე რეისზე მოსული და გავრბივართ ფეხით. მივრბივართ და რას მივრბივართ…. ერთი სამჯერ წავიქეცი და მუხლების გადავიტყავე, მაგრამ ამას ვინღა აგდებს კაცო სათვალავში… მოდიანო და… სულ ქოშინ–ქოშინით შევვარდით ჩვენს სოფელში. სოფელს კოხტად ეძინა. ვის ადარდებს ჩვენი ამბავი…. პირველ რიგში ზაზას ბალღი გიორგა მოვიკითხეთ. “თქვენთან გამოუვშვი, მე თქვენთან ერთად მგონია, სად დაკარგეთ ბავშვიო“ – გადაირია საწყალი ზაზას ცოლი. აბა გიორგა არ მოსულაო და ახლა ჭალისაკენ გავცვივდით, სადაც ის მამაძაღლი გვეგულებოდა. ამ დროს ერთი ასჯერ მაინც დავურეკეთ მობილურზე მაგრამ გაგონილა კაცო? ტელეფონიც გამორთული აქვს!
დავოსდით ისე დავიღალეთ. დავეყარეთ ჭალისპირა მდელოზე და ვბჭობთ ახლა, რა უნდა ვქნათ და სად უნდა მოვძებნოთ გიორგა. ზაზა ისეთია რო, დანა არ უხსნის პირსა. წუწუნებს და მოთქვამს – არ უნდა წამომეყვანა ის ბალღი, ჩემი ჭკუა ასე და ისეო… ვითომ ვაწყნარებთ, მაგრამ არც ჩვენა ვართ იმაზე კარგ დღეში. შორიდან, ოსური სოფებიდან სროლის ხმა მოისმა ყრუდ. ამაზე სულ გადაირია ზაზა, იმ კეთილძაღლებმა ხო არ წაიყვანესო… ვართ ერთ ვიშვიშში და ამბავში, მაგრამ აბა რას ვიზამთ. ჩვენი ბიჭების შაგუშაგო სოფლიდან კაი შორსაა. ერთი ხუთ კილომეტრშია მეზობელ სოფელში. გადავწყვიტეთ, მივიდეთ და ისევ ჩვენს პოლიციელებს ვუთხრათ რაც მოხდა. დახმარების დიდი იმედი არცა გვაქვს, მაგრამ ცდას წინ რა უდგას?!
მივდივართ დაძმარებულები გვერდით სოფელში, მივტოპაობთ წყალ–წყალ და სიგარეტის მოწევასაც კი ვერ ვბედავთ საცოდავი ზაზას სახის შემხედვარე. გამოვცდით თუ არა ვენახებს და ის ის იყო პურის ყანებში უნდა გავიდეთ რო, სიცილის ხმა შემოგვესმა. მივაყურადეთ, აშკარად იციანიან. ორნი უნდა იყვნენ წესითო – თქვა გუჯამ. ჩავწექით ბალახებში და ერთმანეთს თვალებით ვეკითხებით მივიდეთ თუ არაო. ჩვენთს მხარეში ომის მერე, ხმამაღლა სუნთქვაც კი საშიშია და ახალი შარი გვინდა კიდევ? სულ ასე ფორთხვითა და ამბავით მივუახლოვდით იმ ადგილს, საიდანაც სიცილის ხმა ისმოდა.
მარტო იმათ ზურგებსა ვხედავთ, მაგრამ ის კი გავარჩიათ, რომ გოგო და ბიჭი არიან და დიდი ხვევნა–კოცნა აქვთ გაჩაღებული. მთლად “ის“ ამბავი ჯერ არაა, მაგრამ კაცმა რომ თქვას, არც არაფერი უკლიათ. ჩაეხუტება ეს ბიჭი, აკოცებს, გადააწვენს ბალახზე, დაუსხლტება გოგო სიცილით და გაიწევა განზე. ფრანგული ფილმი მიმიქარავს კადრებია ისეთი რო… ვართ ასე გაყურსულები უხერხულად და ამ დროს ზაზამ არ დაიღრიალა? “ჩვენ სად გეძებთ შე დედაიმასქნილო და შენა თურმე აქა რეებსა შვრებიო“… ეს თქვა და კიდეც მიეჭრა ლაღად ფრთებგაშლილ წყვილსა. ალბათ თქვენც მიხვდით, ის მოკოცნავე ბიჭი ჩვენი ზაზას მამაძაღლი ბალღი რო იყო. თუმცა რაღა ბალღი კაცო, უკვე 16 წლის ჯეელი იყო და აგერ თურმე გოგოებსაც ეკურკურება… ჩვენ სად ვეძებდით და ის კიდევ თურმე რა ამბავში ყოფილა…
გოგო გაიქცა. ვერ დავინახეთ ვინ იყო. ძლივს გავაშველეთ გადარეული ზაზა და იმისი ბალღი. იწევდა – უნდა მივტყიპო ეს მამაძაღლიო. ჩვენ კიდევ მეტი რა გვინდა?! ვართ სიცილ–ხარხარში და ერთ ამბავში. მერე დავჯექით დაღლილები, ნარბენები, დაკაწრულები. დავისვით ეს გიორგა და ვეუბნებით: თუ არ გინდა დედაშენს რომ ვუთხრათ ეს ამბავი – გვითხარი ვინ იყო ის გოგოო. მაგრამ საქმეში ხარ? სიტყვას არა ძრავს. ზაზა კიდევ აგინებს და არის ერთ ამბავში. ხან ასე მივუდექით, ხან ისე. არ ჭრის ლაპარაკი და რა გინდა რო ქნა? “არაო, ეგ არაა თქვენი საქმეო“ – გვეუბნება. “ჩვენი სოფლელი იყოო?“ – გვითხრა გუჯამ. “არა კაცო, რა ჩვენი სოფლელიო…“ მეტს არც ამას ამბობს და არც იმას… თურმე ამ ბღლარძუნში თავისსავე ტელეფონზე გადაწოლილა ის მამაძაღლი და “რუსები მოდიანო“ – წინასწარ აკრეფილი მესიჯი თავისით გამოგზავნილა.
გავიხედ–გამოვიხედეთ და უკვე თენდება. წამოვდექით ნელ–ნელა. ჩამოვიბერტყეთ შარვლებიდან ძეძვი, მტვერი, ეკალი და უბედურება. მაგრამ მაინც კაი ხასიათზე ვართ, ეს ამბავი ასე კოხტად რომ დასრულდა. იმ დღეს მაინც არა და არა თქვა ზაზას ბიჭმა ვინ იყო ის გოგო. არ გათქვა, არ გატყდა… არც მეორე დღეს უთქვამს არაფერი. ჩვენც ავდექით და დავანებეთ თავი.
ერთი კვირის მერე, ხაშურში ვაპირებდი წასვლას. დილით ზაზას ბიჭი გიორგა დამადგა – წამიყვან მეცაო, პომიდვრის ჩითილები უნდა ვიყიდოო. რატომ არ წავიყვანდი? ადგილიცა მქონდა მანქანაში და ყველაფერი… მივდივართ ჩვენთვის. ჯერ ისევ გამთენიაა, სძინავს მთელს ხეობას. ვზივართ მანქანაში ჩუმად და მივდივართ. სულ ასე ვიარეთ ნახევარი გზა. დანგრეულ გზებს რომ გავცდით და აგარასთან გადავუხვიეთ, მომიბრუნდა გიორგა და მეუბნება: “გინდა გითხრა ვინ იყო ის გოგოო?!“.. “ვინ გოგო – მეთქი“ – ვითომ ვერ მივხვდი ვისზეც მეუბნებოდა… “აი ისა, მაშინ რო გაიქცაო. გეტყვი ოღონდ მამაჩემს არ უთხრაო“… “მამაშენთან მთქმელისაც მეთქი“….
ოსიაო. შარშან ზაფხულში გავიცანიო…
მდინარეზე ვბანაობდით და მაშინ გავიცანიო…
ხო იცი ჩვენს სოფელში ჩუმად რო იპარებიან ხოლმეო. ჰოდა, ტელეფონის ნომერი მომცა და იმის მერე სულ ვხვდებიო…
“ის საქმე“ მინდოდა მარა არ შვრებაო და მეც არ ვაძალებო…
მგონი შემიყვარდაო…
მამაჩემი ხო იცი, ძველი ნაომარი კაცია, არ უყვარს იმათი ხალხი და ეს ამბავი რომ გაიგოს მომკლავსო…
მარა რო მიყვარს მაგას რა ვუყოო…
იმასაც ვუყვარვარო…
ესენი მითხრა ზაზას ბალღმა და გაჩუმდა. გავჩუმდი მეც. მინდოდა მეთქვა, რომ მთავარი სიყვარულია. რომ მამამისის აზრის ჭკუაც ვატირე! რომ ჩვენს სოფელში ნახევარს ოსი ცოლები ყავთ. რომ, მაგათი სიყვარული ჩვენი ხალხების დაახლოებას შეუწყობს ხელს… ეს ყველაფერი მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ ვთქვი და ლაჩრულად გავჩუმდი. ეს სიჩუმეა რომ გვღუპავს!
ლევან სეფისკვერაძე
(ტექსტი გამოქვეყნდა ციფრული ფორმატით გამომავალ გაზეთი “სოლიდარობაში”)