”საქართველოს ეროვნული პლატფორმა” – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნათელი მოჰფინოს აფგან მუხთარლის საქმეს

14:35 02-06-2017

”საქართველოს ეროვნული პლატფორმა” - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნათელი მოჰფინოს აფგან მუხთარლის საქმეს”აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

”აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის” წევრი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საეჭვო გაუჩინარებასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის წევრები მოუწოდებენ ხელისუფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, ნათელი მოჰფინოს აფგან მუხთარლის საქმეს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველოში ცხოვრება უსაფრთხოა ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად მათი დამოკიდებულებისა სხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ.

”როგორც მისი იურისტი აცხადებს, ის თბილისში ქართულენოვანმა პირებმა დააკავეს და აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამასთანავე, მას საგამოძიებო უწყებაში მიყვანის შემდეგ, ასევე საეჭვოდ, ჯიბეში აღმოაჩნდა 10 ათასი ევრო. გარდა ამისა, იურისტის თქმით, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებებიც. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლს ბრალი საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კონტრაბანდის გადატანისთვის წაუყენა.

აფგან მუხთარლი უკვე ორი წელია თბილისში ცხოვრობს სწორედ იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობის გამო მას ქვეყნის დატოვება მოუწია. მის მსგავსად, საქართველოს არაერთი ჟურნალისტი აფარებს თავს, რადგან აქვთ რწმენა, რომ მათი უფლებები აქ მაინც იქნება დაცული. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება.

სულ უფრო მეტ კითხვებს ბადებს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები. დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის ისევ უცნობია და გაუგებარი რჩება, როგორ მოხვდა თბილისში „გაუჩინარებული“ ჟურნალისტი აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყებაში, როგორ გადაკვეთა მან საზღვარი მაშინ, როდესაც მისი პასპორტი საქართველოშია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები კატეგორულად მოვითხოვთ შესაბამისი უწყებებისგან უსწრაფესად იქნეს გამოძიებული აფგან მუხთარლის საქმე და დაისაჯოს დამნაშავე. ამასთან, საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური განმარტებები. საქართველოს მთავრობამ კი მისცეს პოლიტიკური შეფასება მომხდარ ფაქტს. ამგვარი საქმეები შემაფერხებელია ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის, ვინაიდან ადამიანის უფლებების დაცვა მთავარი დასავლური ღირებულებაა, რომელიც დღეს, საქართველოში ეჭვქვეშ დადგა! მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, ნათელი მოჰფინოს აფგან მუხთარლის საქმეს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველოში ცხოვრება უსაფრთხოა ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად მათი დამოკიდებულებისა სხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას პლატფორმაში შემავალი 85 ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.