პროფკავშირები იტალიაში

იტალიაში პროფკავშირული მოძრაობის პიონერად 1848 წელს ქალაქ ტურინში ტიპოგრაფიის მუშების მიერ დაფუძნებული პროფკავშირი ითვლება. იტალიის გაერთიანებიდან ორ წელიწადში, 1872 წელს დედაქალაქ რომში დაფუძნდა პირველი საერთო  ეროვნული პროფგაერთიანება – იტალიის ტიპოგრაფიის მუშათა ასოციაცია. ზოგადად იტალიის პროფკავშირული მოძრაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ საწარმოო პროფგაერთიანებებთან (ვერტიკალური სტუქტურები) ერთად ჩამოყალიბდნენ ტერიტორიული პროფგაერთიანებებიც (ჰორიზონტალური სტრუქტურები).

საერთო ეროვნული პროფგაერთიანება – შრომის საყოველთაო კონფედერაცია დაფუძნდა 1906 წლის 1 ოქტომბერს. ამ პროფგაერთიანებამ იტალიელ მშრომელებს საერთო ეროვნული მასშტაბით აგძნობინა ურთიერთ სოლიდარობის მნიშვნელობა.       1922 წელს იტალიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარების გამო დამოუკიდებელ პროფკავშრულ საქმიანობას ყოველგვარი გასაქანი მოესპო. 1927 წლის 4 იანვარს შრომის საყოველთაო კონფედერაციის ემიგრაციაშ მყოფმა მესვეურებმა კონფედერაცია თვითდაშლილად გამოაცხადეს. ფაშისტურმა რეჟიმმა მშრომელთა ინტერესების  ერთადერთ წარმომადგენელ ორგანიზაციად ფაშისტური პროფკავშირების კონფედერაცია გამოაცხადა. 1943 წელს ფაშისტური რეჟიმის დაცემის შედეგად დღის წესრიგში დადგა დამოუკიდებელი პროფკავშირული მოძრაობის აღორძინება. 1944 წლის 3 ივნისს, იტალიის დედაქალაქ რომიდან გერმანელი ოკუპანტების განდევნამდე, არალეგალურად სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური პლატფორმის პროფლიდერების ( კათოლიკეები, ცენტრისტები, მემარცხენეები) შეკრებაზე მიღებულ იქნა „ დეკლარაცია პროფკავშირულიერთიანობის განხორციელების შესახებ“.

ამ დეკლარაციამ დაადგინა ახლად დაფუძნებული იტალიის შრომის საყოველთაო კონფედერაციის სახელმძღვანელო პრინციპები: დემოკრატია, პოლიტიკური თვალსაზრისისა და რელიგიური მრწამსის  თავისუფლება, პოლიტიკური პარტიებისაგან  დამოუკიდებლობა. კონფედერაციის ლიდერებადაც პარიტეტულად არჩეულ იქნენ კათოლიკეების, ცენტრისტებისა და მემარცხენეების წარმომადგენლები.

დასვლეთსა და აღმოსავლეთს შორის „ცივი ომის“ დაწყებამ, მსოფლიოში გაშლილმა მძაფრმა იდეოლოგიურმა დაპირისპირებამ იტალიშიც შეუძლებელი გახადა პროფკავშირული ერთიანობის შენარჩუნება და 1950 წელს დაფუძნდნენ იტალიის მშრომელთა პროფკავშირების კონფედერაცია, შრომის იტალიური კავშირი,  და შრომის საყოველთაო კავშირი.

იტალიის სინამდვილისთვის დამახასიათებელი მძაფრი სოციალური და იდეოლოგიური გამიჯვნის პირობებშიც კი იტალიის შრომის საყოველთაო კონფედერაცია ყველაზე მრავალრიცხოვანი საერთო ეროვნული პროფგაერთიანებაა, მასში 5 500 ათასი წევრია, მაგრამ მათგან 2 მილიონი პენსიონერია. დასქმებული წევრებიდან ნახევარზე მეტი მრეწველობაში მუშაობს, განსაკუთრებით აქტიურია იგი მეტალურგიაში, ტრანსპორტში, საზოგადოებრივ მომსახურებაში, აგრარული სექტორის მუშებში. დარგობრივ პროფკავშირებთან ერთად, იტალიის ყველა ოლქსა და ქალაქში მოქმედებს მისი ტერიტორიული პროფგაერთიანებები „ შრომის პალატები „.  დაარსების დღიდან კონფედერაცია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, იგი ითვალიწინებს სოციალურ და საწარმოო სფეროში მიმდინარე ცვლილებებს, მან პირველმა დაიწყო თავის რიგებში უმუშევართა მიღება. კონფედერაციას დედაქალაქ რომთან ახლოს არიჩეში აქვს პროფაქტივისტთა სასწავლო ცენტრი, 1980 წლიდან დაფუძნებული აქვს ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტი, აგრეთვე აქვს საკუთარი გამომცელობა, ბიულეტენი და ჟურნალი.

ქვეყნის სიდიდით მეორე საერთო ეროვნული პროფგაერთიანებაა იტალიის მშრომელთა პროფკავშირების კონფედერაცია. ამ გაერთიანების ხელმძღვანელობაში წამყვანი პოზიცია უკავიათ კათოლიკე ლიდერებს, მასში გაერთიანებულია 3 მილიონამდე წევრი, ძირითადად კათოლიკე-მშრომელები. კონფედერაციაში მეტწილად წარმოდგენილი არიან მშენებლობისა და აგრარული სექტორის მუშები. კონფედერაციის ლიდერების სტრატეგია ემყარება თვალსაზრისს, რომ სოციალურ და საწარმოო სფეროში მიმდინარე კრიზისული მოვლენები პროფკავშირებს დამსაქმებლებთან ურთიეთობაში აღარ აძლევს წარმატების გარანტიას, შესაბამისად უპირატესობა უნდა მიენიჭოს მოლაპარაკებებს მთავრობასთან. კონფედერაციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ზომიერების გამოჩენა ხელფასების ზრდის საკითხში არის მთავრობის ხელშეწყობა ინფლაციის მოთოკვაში, რის საპასუხოდ მთავრობამ საგადასახადო ბერკეტებითა და ფასებზე ირიბი ზემოქმედებით უნდა უზრუნველყოს მშრომელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

იტალიის მშრომელთა პროფკავშირების კონფედერაციას აქვს ეკონომიკური სოციალური კვლევების ცენტრი, სოციალური და პროფკავშირული კვლევების ცენტრი,  პროფკავშირული თანამშრომლობის ინსტიტუტი, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის სიახლეების შემსწავლელი ინსტიტუტი, გამომცემლობა, გაზეთი და ორი ჟურნალი.

რესპუბლიკის მესამე საერთო ეროვნული მასშტაბის პროფგაერთიანებაა იტალიის შრომის კავშირი. ამ გაერთიანებაში თითქმის 1 500 ათასი წევრია. მასში ძირითადად გაერთიანებული არიან საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, შუა და ქვედა რგოლის მენეჯერები, საჯარო მოსამსახურეები. კავშირი ცენტრისტული და სოციალ-რეფორმისტი ლიდერების მიერ იმართება. კავშირის ლიდერები უფრო ხშირად შემთანხმებლურ ქმედებებს მიმართავს, ვიდრე სოციალურ პროტესტს. კავშირი გამოსცემს გაზეთს.

ამ სამი წამყვანი საერთო ეროვნული პროფგაერთიანების გარდა იტალიაში მოქმედებენ უფრო მცირე, ავტონომიური პროფკავშირები, სადაც ძირითადად გაერთიანებული არიან ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და საბანკო-საფინანსო სფეროს მუშაკები. მართლაც მშრომელთა ინტერესების დამცველი პროფკავშირების გვერდით არსებობენ კორპორატივისტული და ადმინისტრაციების მიერ ფაქტობრივად მართული “ყვითელი“ პროფკავშირები. მათგან ყველაზე ცნობადია, 1950 წელს ყოფილი ფაშისტური პროფკავშირების კონფედერაციის წევრების მიერ დაფუძნებული შრომის საყოველთაო კავშირი, რომელიც მართალია 1996 წელს გაემიჯნა კორპორატივისტულ დებულებებს, მაგრამ სოციალურ-ლიბერალური ფრაზეოლოგიის ქვეშ კვლავ “ყვითელ“ საქმიანობას ეწევა.

იტალიაში 1944 წელს კათოლიკური ეკლესიის მიერ დაფუძნდა იტალიელი მშრომელთა ქრისტიანული ასოციაციები. ამ ასოციაციებში 500 ათასამდე კათოლიკე მშრომელია გაერთიანებული. ასოციაციებს აქვთ პირველადი ორგანიზაციები წარმოებებსა და დაწესებულებებში. ასოციაციები უმთავრესად ეწევიან სასწავლო-საგანმანათლებლო, სამედიცინო-სანიტარულ, საქველმოქმედო საქმიანობას. ასოციაციებს გააჩნიათ პროფესიული სასწავლებლები, ამბულატორიები, დამხმარე სალაროები, გამოსცემენ გაზეთებს.

იტალიის პროფკავშირული მოძრაობა მრავალგვარი და მრავალფეროვანია. სამი წამყვანი საერთო ეროვნული პროფგაერთიანება იტალიის შრომის საყოველთაო კონფედერაცი, იტალიის მშრომელთა პროფკავშირების კონფედერაცია, იტალიის შრომის კავშირი და იტალიის მშრომელთა ქრისტიანული ასოციაციები ხშირად მიმართავენ სოლიდარულ და კოორდინირებულ მოქმედებებს სოციალური პროტესტებისაც და ასევე რესპუბლიკის მთავრობასთან სოციალურ-ეკონომიკური და შრომითი საკითხების თაობაზე გამართული მოლაპარაკებებისას. პროფკავშირების აქტივობა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ იტალიის მშრომელთა მესამედზე მეტი დღეს სხვადასხვა პროფკავშირის წევრია და ორგანიზებულად იცავს საკუთარ შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა  და ინტერესებს.

სტატია მომზადებულია სპეციალურად WWW.GTUC.GE–სათვისitalia