მინიმალური ხელფასის ზრდა სიღარიბის დასაძლევად
03 / 11 / 2015
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ჰ. ეშმორი თავის ფუნდამენტალურ კვლევაში აღნიშნავდა, რომ „აზრი არა აქვს „თავისუფლებაზე“ ლაპარაკს, ვიდრე ადამიანებს გარანტირებული არა აქვთ ადამიანის ისეთი ელემენტარული უფლება, როგორიც არის შრომის უფლება“.
სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი საშუალება, ღარიბთა სოციალური განვითარების მყარი საყრდენი შეიძლება გახდეს ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის ზრდის პროცესის აღდგენა. საერთო ძალისხმევით უნდა გაგრძელდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის, ევროპის სოციალური უზრუნველყოფის ქარტიის რატიფიცირების პროცესი.
ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამ აქტუალური გახადა მინიმალური ხელფასის საკითხი, რადგან თავად ევროპაში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მინიმალური ხელფასის ერთიანი გარანტირებული ნორმის დამკვიდრება.
ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 22 ქვეყანაში უკვე დადგენილია მინიმალური ხელფასის ეროვნული ნორმა. ეს ნორმა სხვადასხვა ქვეყანაში მკვეთრად განსხვავებულია. ლუქსემბურგში იგი 1874 ევროა, ბელგიაში 1502 ევრო, ნიდერლანდებში 1469 ევრო, ირლანდიაში 1462 ევრო, საფრანგეთში 1430 ევრო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 1403 ევროს ეკვივალენტი, რუმინეთში 157 ევრო შეადგენს. მინიმალური ხელფასზე საუბრისას გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივები და ცხოვრების ტრადიციული წესი. მაგრამ არის ექვსი სახელმწიფო, სადაც ეს საკითხი სხვაგვარად არის დარეგულირებული. შვედეთში მოქმედებს სოციალური ოქმი, რომელშიც განზოგადებულად არის დადგენილი ძირითადი სოციალური დებულებები. დანიის, ფინეთის, ავსტრიის, იტალიისა და კვიპროსის რესპუბლიკის ეკონომიკის ზოგიერთ სექტორებში ეხლა იწყებს მოქმედებს მინიმალური ხელფასის ნორმა. აღსანიშნავია ისიც რომ შვედეთში, დანიაში, ფინეთში, ავსტრიასა და იტალიაში ხელფასის მოცულობა დგინდება სოციალურ პარტნიორებს ( ანუ დამსაქმებლებსა და პროფკავშირებს ) შორის კოლექტიური მოლაპარაკებების შედეგად, ეს შეთანხმებები ეხება მთელ დარგებს და მასში ზუსტად ფიქსირდება დარგში მინიმალური ხელფასის ყოველთვიური ნორმა. მაგრამ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმებულები კოლექტიური ხელშეკრულებებით სრულად არ არიან მოცულნი. კოლექტიური ხელშეკრულებებით საფრანგეთიში მოცულია დასაქმებულთა 90%, შვედეთში 80%, ნორვეგიაში 75%, გერმანიაში 70%, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში კი დასაქმებულთა მხოლოდ 30%.
საქართველოშიც მინიმალური ხელფასი – 20 ლარი დადგენილია ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის მიერ ჯერ კიდევ 1997 წელს. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა საჯარო სამსახურში მინიმალური ხელფასი 115 ლარით განსაზღვრა. დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადება მიმდინარეობს და მინიმალურ ხელფასის საკითხის არც კი ახსენებენ, მაშინ როდესაც მინიმალური ხელფასი ზრდა ხელს შუწყობდა სიღარიბის შემცირებას, გაზრდიდა ღარიბთა შრომის სტიმულსა და მსყიდველობით უნარს. 2016 წელს მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმთან უნდა დაახლოვდეს, რადგან თუ ქვეყნის კურსი ევროპის კავშირთან ასოცირებისკენ არის მიმართული ეს საკითხი სრული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპის შესაბამისად უნდა გადაწყდეს. მინიმალური ხელფასის ზრდა ის საკითხია, რომლიც საქართველოს მთავრობას მისცემს კარგი შესაძლებლობა აჩვენოს ევროპას მისი ჭეშმარიტი მიდგომა სოციალური პასუხისმგებლობის, სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობისადმი – ევროპის კავშირთან ასოცირების ამ ფუნდამენტური პრინციპებისადმი.
2016 წლიდან მინიმალური ხელფასის ზრდა საერთო ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა და მისი დაწყება ხალხის წინაშე სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის ნათელი დემონსტრირება და სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგია იქნებოდა.
დავით არაბიძე