მეშახტეების სოლიდარობის აქციაზე დაკავებულ 3 პირს სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
23 / 05 / 2017
ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით
იყვნენ დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
EMC-ის იურისტის ანი ნასრაშვილის განმარტებით, მათ სასამართლომ ჯარიმა მხოლოდ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლის დარღვევისთვის დააკისრა, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოუხსნა.
ადვოკატის ინფორმაციით, სამივე მათგანი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
აქცია რუსთველის გამზირზე მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტყიბულის შახტების საშახტო აწევის ზეინკლები, კლეტის რემონტის დროს 350 მეტრზე მეტი სიმაღლიდან შახტში ჩაცვივდნენ. საწარმოო შემთხვევის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა.