ირაკლი პეტრიაშვილი “სოლიდარნოსტის” კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
09 / 10 / 2014
ღონისძიებაზე ასევე პოლონეთის ევროკავშირთან ასოცირების მე 10 წლისთავი აღინიშნა. პოლონური “სოლიდარნოსტისთვის” 8 ოქტომბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ დღეს ლეგენდარული “სოლიდარნოსტი“ თავის დროზე, იატაკქვეშეთში სწორედ კომუნისტურ რეჟიმთან ბრძოლის მუხტით შეიქმნა და ქვეყნის ანტიტოტალიტარულ–ანტიკომუნისტურ მასობრივ მოძრაობად იქცა.
საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მოწვეული სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდა და პოლონეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ასევე ორი ქვეყნის პროფკავშირებს შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენ ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს და მის შემდგომ პერიოდში, როდესაც ერთობლივად დავეხმარეთ ადამიანებს კონფლიქტის ზონაში. ჩვენ ვგრძნობით თქვენს გამორჩეულ მხარდაჭერას, იმ პერიოდშიც როდესაც საქართველოს ნეო-ლიბერალური იდეოლოგიის მთავრობა ყველანაირად დევნიდა პროფკავშირულ საქმიანობას და პროფკავშირის ლიდერებს საქართველოში, რითიც ხელს უშლიდა ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
ეს კონგრესი პოლონეთის ეროკავშირში შესვლის 10 წლისთავსაც აღნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური და ინტენსიური გავხადოთ, რათა გავითვალისწინოთ თქვენი გამოცდილება, რომ კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ საქართველოში ევროპული შრომითი და სოციალური სტანდარტების დამკვიდრებაში”– განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.