თბილისის სოლიდარობის ქსელმა დასაქმებულთათვის ღია შეხვედრა გამართა

12622090_478741095667836_5544673094000260886_o24 იანვარს, თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თბილისის სოლიდარობის ქსელის მიერ ორგანიზებული ღია შეხვედრა გაიმართა დასაქმებულთათვის და მოძრაობაში გაწევრიანების მსურველთათვის.

თბილისის სოლიდარობის ქსელი მოხალისეობრივ პრინციპებზე დაფუძნებული ჯგუფია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზებისა და სოლიდარობის პრინციპების გამოყენებით დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს. თუ თქვენი შრომითი უფლებები ირღვევა, არ გაძლევენ კუთვნილ ანაზღაურებას, შვებულებას, გიწევთ დადგენილ ნორმაზე მეტხანს მუშაობა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოლიდარობის ქსელს, რომელიც მოხალისეობრივად დაგეხმარებათ კუთვნილის მიღებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში.  ჯგუფი  ასევე ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის, ვისაც მოძრაობაში ჩართვა სურს, რათა გაფართოვდეს ქსელი და სოლიდარობის ცალკეული პრეცედენტები საერთო სამოქალაქო პრაქტიკად გარდაიქმნას. ქსელი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან. გაერთიანების იურისტები საჭიროების შემთხვევაში იურიდიულ დახმარებას უწევენ იმ დასაქმებულებს, რომლებიც მიმართავენ სოლიდარობის ქსელს.

ძირითადად, ჯგუფი მომსახურების სფეროში დასაქმებულთა უფლებებზე მუშაობს, რადგან, როგორც ქსელის წევრები ამბობენ, საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 70%-ს დღეს სწორედ მომსახურების სფერო შეადგენს, შრომითი პირობებისა და უფლებების კუთხით კი ეს სფერო თითქმის შეუსწავლელია. მომსახურების სფეროში არსებული სამუშაო ადგილები ძირითადად დედაქალაქშია კონცენტრირებული და ამ ადგილებზე უმეტესწილად ახალგაზრდები არიან დასაქმებული, იშვიათია სტაბილური სამუშაო ადგილები. ანაზღაურება კატასტროფულად დაბალია დაბალ პოზიციებზე დასაქმებულთათვის, შრომითი ხელშეკრულებები უმრავლეს შემთხვევაში სცილდება საქართველოს შრომითი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და პირობებიც, საკმაოდ სავალალოა.

ქსელის წევრებმა რამდენიმე მიმართულებით გაამახვილეს ყურადღება საქართველოში შრომითი ურთიერთობების კუთხით არსებულ პრაქტიკასა და დასაქმებულთა უფლებებზე. პირველი მომხსენებელი – სოლიდარობის ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანაიზერი, სოფო ჯაფარიძე იყო, რომელმაც საქართველოს კონტექსტზე ისაუბრა ეკონომიკური თუ სოციალური კუთხით, ასევე, ყურადღება გაამახვილა სოლიდარობის საჭიროებასა და იმ ალტერნატივაზე, რომელიც არსებული რეალობის საწინააღმდეგოდ შეუძლიათ შექმნან აქტივისტებსა და დასაქმებულებს.

შოთა აზიკურმა, თბილისის სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელმა ისაუბრა ჯგუფის შექმნასა და მოტივებზე, თუ რამ განაპირობა სოლიდარობის ქსელის ჩამოყალიბება და როგორია მისი პრაქტიკა. სულ რაღაც 6 თვეა, რაც სოლიდარობის ქსელი არსებობს და ამ თვეების განმავლობაში ქსელის აქტივისტებს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდათ,  განსაკუთრებით კი სუპერმარკეტების ქსელის “იოლის” წინააღმდეგ კამპანიაზე მუშაობისას. “იოლის” ყოფილი თანამშრომლები დღეს სოლიდარობის ქსელის აქტივისტები არიან . სწორედ ეს თემა განაგრძო შემდეგმა მომხსენებელმა, მუხრან ცანავამ, რომელიც აღმაშენებლის ფილიალის “იოლში” ერთ-ერთი მოლარე კონსულტანტი იყო. მან აღწერა თუ რა პირობებში და პოზიციებზე უწევდა მუშაობა, რისი ატანა უწევდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიურად და რა შეიცვალა იოლის ქსელში მას შემდეგ, რაც სოლიდარობის ქსელმა იოლის თანამშრომლებისადმი სოლიდარობის კამპანია და აქციები დაიწყო.

ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ ამომწურავი მოხსენება გააკეთა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა, თამარ სურმავამ, რომელმაც საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ძირითადი ასპექტები მიმოიხილა და ცალ-ცალკე ისაუბრა შრომის კოდექსში გაწერილ ყველა იმ პუნქტზე, რომლის ცოდნაც დასაქმებულისათვის გარანტია მისი შრომითი უფლებების დაცვისა. თამარმა იმსჯელა ასევე იმ ბუნდოვან მუხლებზე, რომლებიც დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, ბოროტად გამოიყენოს კანონი და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული ხელშეკრულებები გაუფორმოს დასაქმებულებს, ასევე შრომის ინსპექციაზე და იმ მექანიზმებზე, რის საშუალებასაც დღევანდელი კანონმდებლობა აძლევს დასაქმებულებს საკუთარი უფლებების დასაცავად.

შეხვედრას მოყვა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სფეროებში დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღეს. დარიგდა ბროშურები შრომითი უფლებების შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაწევრიანებულიყვნენ სოლიდარობის ქსელში.

თბილისის სოლიდარობის ქსელის წევრები მათი მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებად, სოლიდარობის აქციებისა და დასაქმებული ადამიანების ორგანიზების გარდა, საინფორმაციო კამპანიასაც მოიაზრებენ, რის ფარგლებშიც, კიდევ არაერთი მსგავსი შეხვედრის ჩატარებას გეგმავენ.

12615719_478741302334482_5144507611580437716_o11071081_478741165667829_4242957067535937097_o12605439_478741199001159_261724969328048647_o